26
Jul
2019

USAID/CENN-ის მხარდაჭერით eZo Festival-ზე ნარჩენების დახარისხება შესაძლებელი გახდა

26 Jul 2019

13 ივლისს მთაწმინდაზე ტრადიციული ეზო ფესტივალის დასკვნითი ნაწილი გაიმართა. წლევანდელი ფესტივალი გამორჩეული იყო იმით, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სოციალურ პასუხისმგებლობას. კერძოდ, ფესტივალის ორგანიზატორებისა (მზესუმზირის კომუნა) და პროგრამის “ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში” თანამშრომლობით, ფესტივალის ტერიტორიაზე დაიდგა სპეციალური, ბრენდირებული ურნები, სადაც შესაძლებელი იყო ნარჩენების დახარისხება. კერძოდ, დახარისხდა თუნუქის ქილები და პლასტმასის ბოთლები, რომლებიც შემდეგ გადასამუშავებლად გადაეცა შესაბამის კომპანიებს. აქვე უნდა ვახსენოთ ეზოს კაფეც, რომელშიც ბერლინურ კლუბ სისიფოსთან კოლაბორაციის შედეგად პლასტმასის თეფშები არ გამოყენებულა. ამან კიდევ უფრო მეტად შეამცირა ნარჩენების რაოდენობა.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ამგვარი პრეცედენტით ფესტივალი პირველად ჩატარდა და მომავალში უფრო აქტიურად იგეგმება ეზო ფესტივალის მსგავსი ფორმატით ჩატარება. შემდგომში ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ ნარჩენების დახარისხებით შემოიფარგლება, არამედ დაიგეგმება ისეთი აქტივობები, რომლებიც მიმართული იქნება ფესტივალის დროს ნაკლები ნარჩენი წარმოიქმნას და მინიმალური ზიანი მიადგეს გარემოს. შესაბამისად, ფესტივალზე მყოფ საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, თავადაც მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში.

“ფესტივალის ტერიტორიაზე დავდგით ურნები სპეციალური წარწერებით. ეს იყო პირველი ივენთი, რომელიც ამ ფორმატით ჩავატარეთ. დამლაგებლებმა შეაგროვეს და ტერიტორიიდან გაიტანეს დაახლოებით 5 800 პლასტმასის ბოთლი, რომლებიც “სუფთა სამყარომ” წაიღო, მათი შემდგომი გადამუშავების მიზნით. ყველაფერ ამაში კი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN, კონკრეტულად USAID-ის მიერ დაფინანებული პროექტი დაგვეხმარა. ეს იყო პირველი პრეცედენტი, შემდეგ ივენთებზე კი უფრო მასშტაბური სახით ვგეგმავთ მსგავს აქტივობებს. ნარჩენების შემცირება, გადამუშავება-დახარისხება ჩვენი სამომავლო გეგმაა და დიდი იმედი მაქვს, სამომავლოდ აქტიურად შევძლებთ ამ კუთხით აქტივობების განხორციელებას.” – ამბობენ ფესტივალის ორგანიზატორები

პროგრამა “ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში” ნარჩენების მართვის, მათ შორის დახარისხების, საკითხებზე უკვე რამდენიმე წელია, მუშაობს. პროგრამა დაფინანსებულია USAID-ის მიერ და ხორციელდება გარემოს დაცვითი ორგანიზაცია CENN-ის მიერ. პროგრამა აქტიურად ცდილობს სეპარაციის პრაქტიკის პოპულარიზაციას სხვადასხვა ფესტივალსა და ღონისძიებაში მონაწილეობის გზით. წელს “პროგრამა ნარჩენების დახარისხებაში” დაეხმარა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც 6 ივლისს ამერიკის საელჩოში ჩატარდა. ასევე, ხელი შეუწყო ბრიტანეთის საელჩოს დედოფლის დაბადების დღისადმი მიძღვნილი წვეულება მინიმალური ნარჩენების წარმოქმნის მიდგომის გამოყენებით აღენიშნათ.

განხილვა