in

დაივიწყეთ „კელვინ კლაინები“ და გაიცანით, EZZY-ის „ვიზე ნაკლები“ ქართული ტრუსები.

„ბევრს ნუ იფიქრებთ, ახლა ამას თუ ვიზამ, მერე მაგას რა მოყვება და ის რომ არ გამოვიდეს, ესეც რომ დავკარგო და სხვა ფიქრები.“

Startauperi
Startauperi

ზაფხულის ერთ საღამოს, როდესაც სამყარო ჯერ კიდევ არ იცნობდა პანდემიას, გიზო ილურიძე და ტუსი თოლორდავა „ფაბრიკაში“, მეგობრების მოლოდინში ჯინ-ტონიკს წრუპავდნენ და ფიქრობდნენ, რა საქმე წამოეწყოთ, რაც საჭიროც იქნებოდა, მარტივიც და ხელმისაწვდომით. ბევრი ვერსია განიხილეს და ხუმრობა-ხუმრობაში, ტრუსებზე შეჩერდნენ. ახლადმოსულ მეგობრებს იდეა რომ გაუზიარეს, ზოგმა მოუწონა, ზოგმაც – კელვინ კლაინები გვირჩევნიაო, რაზეც წყვილმა უპასუხა, „ვი’ზე ნაკლები ტრუსებიო“. იდეის ხორცშესხმის დრო პანდემიისას დადგა, როდესაც სამთვიანი კარჩაკეტილობის შემდეგ, მთელი თვის ხელფასი გადადეს, მოიძიეს ინფორმაცია ქსოვილებზე, თარგებზე, შეკერეს საცდელი ნიმუშები მეგობრებისთვის, მიიღეს უკუკავშირი და „ჭრა-კერვას“ შეუდგნენ. სახელიც მარტივი შეურჩიეს – EZZY – „უბრალო, მაგრამ არა მარტივი“. დღეს კი, საკუთარ ამბავს გვიყვებიან.

M: გაგვეცანით, ვინ ხართ და რა გამოცდილებით დაიწყეთ ეს საქმე?

გიზო ილურიძე

გიზო ილურიძე: „14 წელია ვარ მარკეტინგის და კომუნიკაციის სფეროში. ვმუშაობდი სხვდასხვა ქართულ თუ საერთაშორისო კომპანიებში ამ მიმართულებით. ვმუშაობ მარკეტინგის და სპონსორინგის მიმართულებით ისეთ პროექტებზე როგორიცაა: Black Sea Jazz Festival, Tbilisi Jazz Festival, Jazz and Wine Festival. ასევე ერთჯერადად ვიმუშავე კონცერტებზე: The Chemical Brothers, Elton John, Lenny Kravitz (ნუ ამ უკანასკნელზე სადამდეც შევძელი, მოგეხსენებათ პანდემიის გამო ეს კონცერტი გადაიდო). პარალელურად ვარ Sibler Films – ის ექაუნთ დირექტორი. მოკლედ როგორც ზემოთ ავღნიშნე მიმუშავია არაერთ პროექტზე, მაგრამ „შენი“ თურმე სულ სხვა ყოფილა და ეს არის „იზზი“. თამამად შემიძლია თქმა რომ მე და ტუსი ვავსებთ ერთმანეთს, რადგან ტუსი ფინანსისტია, მე კი გონზე არ ვარ ბუღალტერიის. ასე რომ, ბრმად მივყვები „ქეშ ფლოუს“.

ტუსი თოლორდავა

ტუსი თოლორდავა: „როგორც აღინიშნა „ქეშ ფლოუს“ მივუძღვები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩემი საქმიანობის სფერო ფინანსებია, ციფრები ციფრები და ციფრები. მიყვარს რიცხვები, წლებია ვემეგობრები ასე რომ, თამამად ვხელმძღვანელობ „ჩვენი“ საქმის ფინანსებს. გარდა რიცხვებისა, ყოველთვის მაინტერესებდა დიზაინი, როგორც სამოსის, ასევე ინტერიერის. ყოველი ახალი მოდელი შექმნის პროცესიდანვე მახარებს. ფერები, დიზაინი უნდა ქმნიდეს ერთგვარ ხასიათს – სიმშვიდის, კომფორტის, თავისუფლების. სწორედ ამ განწყობის გადმოცემას ვცდილობთ ჩვენი სამოსით და მჯერა რომ ეს მესიჯი მიდის მომხმარებლამდე.“

M: რატომ აირჩიეთ სამოსის მიმართულება, როდესაც ამ ინდუსტრიაში საკმაოდ მაღალია კონკურენცია?

ადამიანების დიდი ნაწილი მოდის ინდუსტრიაში მხოლოდ ფინანსური ინტერესების გამო ერთვება, ან მათ აქვთ კონკრეტული დიზაინის ტრუსების შექმნის იდეა და მხოლოდ ერთ, ვიწრო ხაზს მიყვებიან. ჩვენს შემთხვევაში, ასე ნამდვილად არ არის. მარტივი ფორმულაა, ტრუსები გამოხატავს ადამიანის ცხოვრებას, თუ როგორია ის – განსხვავებული დიზაინები, ფორმები. ვფიქრობთ, ტრუსი ყველაზე მნიშვნელოვანი სამოსია და პირველ რიგში, სწორედ ტრუსი უნდა იყოს დახვეწილი, ხარისხიანი და რაც მთავარია, გამოგხატავდეს შენ, შენს ხასიათს. ამ დროს, კონკურენციაზე არც ვფიქრობთ, ვიცით, ჩვენი ერთადერთია. თავიდან სწორედ ტრუსებით დავიწყეთ, რადგან ყოველთვის გვინდოდა ტრუსი არ ყოფილიყო ის, რასაც არავინ ხედავს, არავინ იცის როგორია. ყოველთვის მონდოდა უბრალო და ხარისხიანი ტრუსი მეყიდა, თუმცა ასეთი აქ არსადაა, ან ფუფუნების საგანია. ჩვენ ვართ ერთადერთი ამ მიმართულებით. ჩვენი პროდუქტი ირეკლავს ხასიათს, თავისუფლებას, გამორჩეულობას. ყველას უნდა გამოირჩეოდეს სხვებისგან.

M: იზზის კონცეფციაზე გვიამბეთ…

ვი’ზე ნაკლები ტრუსები, შორტები და ზოგადად სამოსი“ ამ გზავნილით იმის თქმა გვსურს, რომ ქართული პროდუქცია შეიძლება იყოს/არის ხარისხიანი და არავისზე ნაკლები. სწორედ ამ ირონიის, იუმორის და თბილისური სლენგის ნარევია „ვი’ზე“ და არა „ვისზე“. ასევე, ჩვენი გემოვნებით, ფაქიზად ვარჩევთ მრავალფეროვან და ხარისხიან ნაჭრებს, ვქმნით დიზაინს, ვკერავთ, ვბრენდავთ, კოპწიად ვფუთავთ და ვაგზავნით მომხმარებელთან. სათოფეზე არ ვეკარებით ხელოვნურ ქსოვილებს, ამიტომ იზზი-ს ყველა პროდუქტი 100% ბამბაა. ჯერჯერობით, მხოლოდ ონლაინ ვმუშაობთ სხვადასხვა სოციალური პლატფორმის დახმარებით. მომხმარებლების უკუკავშირი ყოველთვის დადებითია, რაც ძალიან გვახარებს და მოტივაციას გვმატებს.

M: ვინ არის თქვენი სამიზნე სეგმენტი?

სწორედ ის ადამიანები, ვისაც სურთ ატარონ უნიკალური, გამორჩეული, დახვეწილი დიზაინის, ხარისხიანი, ქართული სამოსი: ტრუსები. მაკინაკები, პიჯამოები. ადამიანები, ვინც სიამოვნებას იღებენ დეტალებისგან, რადგან ჩვენ თითოეულ დეტალს, დიზაინს დიდი სიზუსტით ვქმნით და მათში იდეას ვდებთ. ჩვენ ვქმნით პროდუქციას იმ ადამიანებისთვის, ვინც მაღაზიაში თუ პიკნიკზე პიჟამოთი გამოწყობილი წავიდოდა, იზის ტრუსებით კომფორტულად მოეწყობოდა აივანზე სავარძელში,  მოუხერხებელი პირბადის მაგივრად ატაროს რბილი, ფერადი მაკინაკი და ზოგადად, ვქმნით მათთვის ვისაც არ უყვარს მკაცრი დრესკოდი, დოგმები, თუ როგორ უნდა ეცვას ადამიანს. ჩვენ ვქმნით ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს თავისუფლება. რასაც, კიდევ გავიმეორებ, ჩვენი პროდუქცია გამოხატავს. ჩვენი პიჟამოები თანაბარი წარმატებით შეგიძლიათ ჩაიცვათ შინ და გარეთ, სამსახურში და ლოგინში, კაფეში და მარკეტში, აუზზე და სალონში, კონცერტზე და ჯიმში, ჭირში და ლხინში. პირობას გაძლევთ, არსად მოგჭრით თავს.

M: როგორც ბიზნესს, თქვენი შეფასებით, რა პერსპექტივა აქვს?

ყველას უყვარს თავისი თავი, გამორჩეულობა და თავისუფლება. ეს სამი არგუმენტი საკმარისია იმისთვის, რომ ეს ბიზნესი წარმატებული იყოს. გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ უამრავი ახალი დიზაინის, ახალი პროდუქციის დამატებას.

ქართული უკეთესია, როცა კარგია.“ თუ ორ კარგ, ხარისხიან პროდუქტს შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება, უმჯობესია, უპირატესობა ქართულს მივანიჭოთ და ხელი შევუწყოთ ქართულ სტარტაპებს. ამავდროულად, მწარმოებლებმაც უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ლოიალური მომხმარებლის წინაშე.  ეს პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ არ გავაფუჭოთ ხარისხი და გავამართლოთ ის მოლოდინი, რაც ჩვენი ბრენდის მიმართ ჩვენს მომხმარებლებს შევუქმენით.

M: რა გაძლევთ ამ საქმის კეთების მოტივაციას?

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ჩვენდა უნებურად ვიწყებთ შექმნას. ეს შეიძლება მოხდეს ბევრ სხვადასხვა სფეროში, თუმცა მე ავირჩიე შემექმნა ის, რისი დანახვაც მომწონს და მიხარია. თუ შენ არ მოგწონს რასაც ქმნი და გაქვს მხოლოდ ფინანსური ინტერესი, მსგავს პროდუქტს დიდი მომავალი არ აქვს. ჩემი ცხოვრება მაგ მხრივ ნამდვილად გამორჩეულია, ყოველთვის მინდა შევქმნა ის, რისი დანახვაც მომწონს. ამავდროულად, წინ უამრავი გეგმა გვაქვს, რისი გაკეთებაც გვინდა, იზზი გახდება ბევრად დიდი, ვიდრე ახლაა. ჩვენს სიახლეებს მომხმარებლები სისტემატიურად ნახავენ. მათ ბევრი სურპრიზი ელოდებათ.

M: რა არის ყველაზე რთული ამ საქმეში?

ლოქდაუნებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩვენი პროდუქტების ფორმირებაზე. მაგალითისთვის, არსებული რეგულაციების გამო, ისედაც ცოტა დროს ვატარებთ გარეთ, ამიტომ ტანსაცმლის გამოცვლაში დრო რომ არ დავკარგოთ, გამოსასვლელი პიჟამოები შევქმენით. რთულია, უფრო მეტ ადამიანს გავაგებინოთ ჩვენი არსებობის შესახებ. ამიტომ, საკომუნიკაციო გზებს ვაფართოვებთ.

M: რას გეგმავთ სამომავლოდ?

გავხდეთ უკეთესები, უფრო მეტმა ადამიანმა მოირგოს იზზი. გეგმაში გვაქვს შევიდეთ სავაჭრო ცენტრებში და გვქონდეს საკუთარი სტენდები, რომ ადამიანებმა ადგილზე შეძლონ ჩვენი პროდუქტის ნახვა და შეძენა. ასევე ვართ საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმების ათვისების პროცესში, როგორებიცაა Amazon, Etsy, Shopify.

თუმცა ყველაზე მთავარი, რასაც ვგეგმავთ და რაც ძალიან გვახარებს, არის საბავშვო ხაზის დამატება. ჩვენს ბრენდს ექნება ცალკე მიმართულება ბავშვებისთვის, რაც წინასწარ ვიცით, მათ ძალიან გაახარებს.

და ბოლოს, მოკრძალებული რჩევა დამწყებ სტარტაპერებს ან მათ, ვისაც ჯერ არ გადაუწყვიტავს საკუთარი საქმის წამოწყება. იზზი დავიწყეთ წინა წლის დეკემბერში, ერთი გადადებული ხელფასით და დღეს შეგვიძლია ვთაქვათ, რომ იზზის ბევრი ადამიანი იცნობს. როგორც ბრენდს, ძალიან დადებითი ფიდბექი აქვს, გაყიდვებითაც, შეიძლება ითქვას, უკვე საკუთარ თავს ინახავს. ამით იმის თქმა მინდა რომ ნუ იფიქრებთ ბევრს, თუ ასიათასობით ლარის ბიუჯეტი არ გაქვთ, ნუ ააწყობთ გეგმებს რამდენიმე წელზე, სამწუხაროდ არ გვაქვს მასეთი სტაბილური და თანმიმდევრული გარემო.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

რა უნდა ვიცოდეთ პარალიმპურ თამაშებზე

„Პროგრამირება ყველა სფეროში მნიშვნელოვან როლს თამაშობს“, – ზაზა გამეზარდაშვილი, პროგრამისტი, ლექტორი