დიდხნიანი და მოუთმენელი ლოდინის შემდეგ, ფორმულა 1-ზე გადაღებულმა ფილმმა, რომელშიც მთავარ როლს ბრედ პიტი ასრულებს, საბოლოოდ აამუშავა ძრავა და პირველი თიზერიც გამოჩნდა ინტერნეტში. რეჟისორი გახლავთ ჯოზეფ კოსინსკი, Top Gun: Maverick-ის უდიდესი წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი. Apple Original-ის მიერ შემოთავაზებული თიზერი გვარწმუნებს, რომ ფორმულა 1-ის სამყაროში ამაღელვებელი და დაუვიწყარი მოგზაურობა გველის.
წუთნახევრიანი თიზერი სავსეა ფორმულა 1-ის თვალისმომჭრელი სილამაზით, სიმძლავრითა და სიჩქარისგან გამოწვეული ადრენალინის მოზღვავებით. ერთმანეთს ენაცვლება ლეგენდარული ბოლიდების, ბოქსებში მომუშავე გუნდის წევრებისა და უსწრაფესი პიტ-სტოპების კადრები. თიზერს მანქანების ძრავების ღრიალი დაძაბულობას, ხოლო საუნდტრეკად გამოტანილი Queen-ის „We will rock you“ ბევრად მეტ დინამიკურობას მატებს.
ჩვენ გვესმის ბრედ პიტის პერსონაჟის ხმა, რომელიც ამბობს: რედ ბული, ფერარი, მერსედესი, ასტონი… ახლა კი მაკლარენიც. ყველამ დაგვამარცხა“. როგორც ჩანს, ეს არის ფილმის ცენტრალური ამბავი — გუნდი, რომელიც ეძებს ახალ ძალას და იბრძვის გამარჯვებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ თიზერი ცოტა ინფორმაციას გვაწვდის ფილმის სიუჟეტური დეტალების თვალსაზრისით, ის ეფექტურად ასახავს F1 რბოლის ამაღელვებელ არსს, რაც, რა თქმა უნდა, ამ სპორტის გულშემატკივრებში დიდ მოწონებას დაიმსახურებს.