საბავშვო სამოსის შექმნა სოფო თავბერიძესა და თათია ნოზაძეს ბავშვების სიყვარულმა შთააგონა. თათია ყვავილების დეკორატორია და წლებია ავსტრიაში ცხოვრობს, სოფო, რომელიც ხელნაკეთი ნივთების შექმნითაა გატაცებული – თბილისში. მეგობრებმა მანძილი საქმისთვის ხელსაყრელად გამოიყენეს და ბიზნესი ერთდროულად ორ ქვეყანაში წამოიწყეს და კომპანიას “ფაბულინი” უწოდეს. ჩანაფიქრის თანახმად, “ფაბულინი” სამოსს მამებისა და შვილებისთვის ქმნის. ამგვარად, კომპანიის დამფუძნებლები შვილების აღზრდაში მამების ჩართულობის გაზრდას იმედოვნებს. დღესდღეობით, “ფაბულინის” სამოსის შეძენა ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი, როგორც საქართველოში, ისე ავსტრიაში. ჩვენს კითხვებს “ფაბულინის” დამფუძნებლებმა, სოფო თავბერიძემ და თათია ნოზაძემ უპასუხეს.
M: რატომ გადაწყვიტეთ მამებსა და შვილებზე ორიენტირება?
გადავწყვიტეთ ერთგვარი ნოვაციისთვის მიგვემართა და ბავშვებთან მამების ხაზი გაგვეერთიანებინა. რატომ მამები? ალბათ იმიტომ, რომ თავი „დაჩაგრულად“ არ იგრძნონ. არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არის დამკვიდრებული დედა-შვილის კულტი, რაც ტანისამოსშიც აისახება. ჩვენი სურვილია, მომხმარებელს დავანახოთ და შევთავაზოთ მამის და შვილის ჩაცმის სტილი. გვსურს წინ წამოვწიოთ მამა-შვილის თემა და დავამსხვრიოთ ის დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომ თითქოს შვილების ჩაცმულობა უმთავრესად დედის ხაზით ხდება. ვეცდებით აქცენტი მამებზე გადავიტანოთ და იმედია გამოგვივა.
M: საქართველოს ბაზარი რამდენად მიმზიდველია თქვენი ბიზნესისთვის?
ტანისამოსი ადამიანის ცხოვრებაში ისეთივე აუცილებელი რამ არის, როგორც ვთქვათ საკვები ან ჰაერი. ჩაცმა ხომ ნებისმიერ ადამიანს სჭირდება? აქედან გამომდინარე საქართველოს ბაზარი წამგებიანი იქნებაო ვერ ვიტყვით. თან ქართველ ხალხს გემოვნებით ჩაცმა არ ესწავლება, ესეც რომ არ იყო, ბოლო დროს ხომ საქართველოში მილიონობით ტურისტი ჩამოდის? როდესაც საქმე შვილებს ეხება, უკან ვერ დაიხევ და ცდილობ მას ხარისხიანი ტანისამოსი უყიდო. ხარისხის გარანტიას კი „ფაბულინი“ ნამდვილად იძლევა, რადგან ქსოვილი და ტანისამოსისთვის საჭირო სხვა აქსესუარები იტალიურ-ავსტრიულია, ხოლო ნაწარმოები საქართველოში იქნება.
M: რამ შთაგაგონათ “ფაბულინის” შექმნა?
ახალი სიცოცხლე და მომავალი ყველა ადამიანის შთაგონებაა… და რა არის მომავალი? ეს ხომ ბავშვები არიან და ასევე ოჯახიც, სადაც მამას ყველგან თავისი ღირსეული ადგილი უკავია. უბრალოდ გვსურს ბავშვთა ფერად სამყაროს კიდევ ერთი ბრენდი შეემატოს, რომელიც მათ ცხოვრებას კიდევ უფრო გაულამაზებს.
M: სახელი “ფაბულინი” რას ნიშნავს?
ეს სახელწოდება შემთხვევით არ შეგვირჩევია. „ფაბულინი“ რომაულ მითოლოგიაში ბავშვების ქალღმერთია. ამას გარდა, ეს საერთაშორისო სიტყვაც არის და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მისახვედრია.
M: “ფაბულინის” შექმნა პროფესიულ არჩევანთან არის რაიმე კავშირში?
“ფაბულინის” შექმნა პროფესიული ნიშნით არჩევანს არ უკავშირდება, მაგრამ ვეცდებით ბაზარზე ღირსეული ადგილი დავიკავოთ. ვიცით, რომ ეს ადვილი არ იქნება და წინ ბევრი გამოწვევაა, თუმცა ცდას არ დავაკლებთ, რათა “ფაბულინი” კონკურენტუნარიანი გახდეს.
M: სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ – რას აპირებთ ბიზნესის წინ წასაწევად?
პირველ ეტაპზე „ფაბულინი“ ონლაინ გაყიდვებზე იმუშავებს, რაც თავისთავად მხოლოდ საქართველოს არ მოიცავს. სამომავლოდ კი, გეგმაში მაღაზიების გახსნა გვაქვს, როგორც აქ, ასევე ავსტრიაში. გვსურს ევროპის ბაზარიც მოვიცვათ.
[R]