Bloomberg-ის ინფორმაციით, Facebook მომხმარებლების ხმოვან შეტყობინებებს შიფრავდა. როგორც გამოცემა წერს, „მოსმენებს“ არა კორპორაციაში შემავალი, არამედ გარე, დამოუკიდებელი კონტრაქტორები ახორციელებდნენ, ამის შესახებ კი მომხმარებლები არავის გაუფრთხილებია.

„Facebook, ათასობით კონტრაქტორს ქირაობდა, რომ თავისივე სერვისების მომხმარებელთა აუდიო გზავნილები გაეშიფრათ“, – ამის შესახებ Bloomberg ერთ-ერთ კონტრაქტორზე დაყრდნობით წერს.
Facebook-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხმარებელთა ხმოვანი შეტყობინებების მოსმენა „ერთ კვირაზე მეტია, შეწყვიტეს“, მოსმენაზე თანხმობა კი, Messenger-ის აპლიკაციაში სპეციალური ოპციის მონიშვნით, მომხმარებლებმა თავად მისცეს.
კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, კონტრაქტორები ამოწმებდნენ, რამდენად გამართულად მუშაობდა ხმოვანი გზავნილების დეკოდირების სისტემა და ამიტომ გაშიფრეს მომხმარებელთა შეტყობინებები.










