31
Jul
2019

როგორ შეიძლება ფიქრით ბეჭდვა – Facebook-მა ექსპერიმენტის შედეგები გამოაქვეყნა

31 Jul 2019

ყველაფერი მარტივი კითხვით დაიწყო: „რა მოხდება, თუ კლავიატურაზე სიტყვების აკრეფას პირდაპირ ტვინიდან შევძლებთ?“ ეს იყო კითხვა, რომელსაც 2017 წელს, ფეიბუკის დეველოპერების კონფერენციაზე გაჟღერდა და მასზე პასუხის გაცემა სულ უფრო რეალური ხდება…

Facebook ქმნის მოწყობილობას – კომპიუტერულ ინტერფეისს, რომელსაც ტვინის წაკითხვა შეეძლება. პროექტი Facebook Reality Labs-ის მეცნიერებისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარების კოლაბორაციით მიმდინარეობს და მის ფარგლებში უკვე ჩატარდა ექსპერიმენტი. ექსპერიმენტი მოიცავდა ადამიანების ფიქრის გაშიფვრას, ელექტროდების გამოყენებით. ამ პროცესმა სწრაფი კითხვის მეთოდის დემონსტრირება შეძლო – მოწყობილობა კითხულობდა სიტყვებსა და ფრაზებს ტვინიდან. ამ შედეგს კი ფეისბუკი სულ უფრო ახლოს მიჰყავს მიზნის მიღწევასთან. მიზანი კი ფიქრით ბეჭდვის არაინვაზიური სისტემის შექმნაა.

ადამიანებს ახლაც შეუძლიათ ბეჭდონ ხელების გარეშე, თუმცა ეს სისტემა მათ სთავაზობს წარმოთქვან – უკარნახონ მოწყობილობას საბეჭდი წინადადებები. მეორე მხრივ, არსებობს ილონ მასკის კომპანია Neuralink, რომელიც მოწყობილობების გონებით მართვის უზრუნველმყოფ სისტემაზე მუშაობს. თუმცა, Facebook-ის პროექტისგან განსხვავებით, ის ადამიანის ტვინში იმპლანტის განთავსებას გულისხმობს.

ექსპერიმენტში, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ მონაწილეებს შეეძლოთ მოესმინათ კითხვები, რომლებსაც რამდენიმე სავარაუდო პასუხი ჰქონდა. მათ შეძლეს გადმოეცათ პასუხი საუბრის, ან ნებისმიერი სახის ფიზიკური მინიშნების გარეშე – ფიქრით. ელექტროდებმა ჩაიწერეს ტვინის აქტივობა ტვინის იმ განყოფილებებიდან, რომლებიც საუბრის გაგებასა და წარმოებაზე აგებს პასუხს. ასევე, ისინი იწერდნენ პატერნებს, რომლებიც სპეციფიურ სიტყვებსა და ფრაზებს უკავშირდებოდა.

მაგალითად, მონაწილეს ეკითხებოდნენ: „რომელი მუსიკალური ინსტრუმენტის ჟღერადობის მოსმენა მოგწონთ?“. მათ ჰქონდათ რამდენიმე სავარაუდო პასუხი – მაგალითად: „ვიოლინო“, „დრამი“. ამ მომენტში მათი ტვინის აქტივობა იწერებოდა. სისტემამ შეძლო დაეფიქსირებინა, თუ როდის დაუსვეს კითხვა მონაწილეს და როდის უპასუხა მან მას. მეტიც, მოწყობილობამ შეძლო აქტივობის დაფიქსირების მიღმა, საუბრის ორივე ეტაპზე მისი კონტენტი გამოეცნო. წინასწარმეტყველება ორი მთავარ კონტექსტად იყოფოდა – ერთი მხრივ, სისტემა ადგენდა კითხვაში შემავალ საკითხებს და ტვინის რეაგირების საფუძველზე, მას შეეძლო სავარაუდო პასუხის მითითება. სისტემის შედეგი 61-დან 76%-მდე აკურატულობაა.

„ჩვენ შევძელით საუბრის ორივე მხარის გაშიფვრა – კითხვის, რომელიც მონაწილეს ეხმოდა და პასუხის, რომელზეც ის ფიქრობდა“, – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი და ნეირომეცნიერი ედვარდ ჩანგი. იქვე, საუბრობს სისტემის შეზღუდვებზე. მას ჯერ ძალიან მცირე რაოდენობით სიტყვების ამოცნობა შეუძლია. მონაწილეებს დაუსვეს 9 კითხვა, 24 სავარაუდო პასუხით. გარდა ამისა, კვლევის მონაწილეები იყვნენ პაციენტები, რომლებსაც ტვინში ეპილეფსიის საწინააღმდეგო იმპლანტები ჰქონდათ.

ჯერ კიდევ 2017 წელს ფეისბუკი საუბრობდა გარე, არაინვაზიურ სისტემაზე, რომელსაც არ სჭირდება იმპლანტი იმისათვის, რომ ფიქრი ტექსტად აქციოს. მისი დახმარებით ადამიანებს 100-ზე მეტი სიტყვის ბეჭდვა შეეძლებოდათ. ასევე, საუბრობდნენ ჩაფხუტზე, რომელიც ტვინის აქტივობას ინფრაწითელი სხივების მეშვეობით კითხულობს და AR სათვალეზეც. დღეს ფეისბუკი ამბობს, რომ „ამას შეიძლება დეკადები დასჭირდეს, თუმცა, ვფიქრობთ, შევძლებთ ამ გეფის ამოვსებას“.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტვინის წამკითხველი მოწყობილობების ბუმი კრახით დასრულდება, მკვლევარებს როგორც ფეისბუკიდან, ასევე, სხვადასხვა კომპანიიდან, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, ის მაინც შეუძლიათ, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე, პარალიზებული ადამიანების ცხოვრება შეცვალონ. ამ შემთხვევაში, ტექნოლოგიური გიგანტების ამბიცია – აქციონ მსგავსი მოწყობილობები მასობრივი მოხმარების პროდუქტებად, მხოლოდ სამედიცინო და სოციალური მნიშვნელობით შემოიფარგლება.. რადგან ეს სფერო ჯერ კიდევ კვლევის საგანია, ხოლო ადამიანისთვის, მხოლოდ სამომხმარებლო მიზნით, ტვინში იმპლანტის ჩასმა, ალბათ, შორეული პერსპექტივა.

განხილვა