1
May
2019

Facebook „საიდუმლო ქრაშის“ ფუნქციას ამატებს

1 May 2019

გახსოვთ Facebook-ის ფუნქცია „უჯიკე“ (poke). გუშინ გამართულ კონფერენციაზე – F8 ცხადი გახდა, რომ სოციალური ქსელი მსგავსი შესაძლებლობის დაბრუნებას გეგმავს, თუმცა, ამ შემთხვევაში, ანონიმობაზე იზრუნებს. ახალ ფუნქციას Secret Crush ეწოდება და მის გამოყენებას Facebook Dating-ის მომხმარებლები შეძლებენ. უნდა აირჩიოთ 9 მეგობარი, რომელიც თქვენში ინტერესს იწვევს. თუ ქრაშს Facebook Dating-ის პროფილი აქვს, ის მიიღებს შეტყობინებას, რომ ვიღაც მასზე ფიქრობს, თუმცა, თქვენ შესახებ სხვა ინფორმაცია არ ექნება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ინტერესები ერთმანეთის მიმართ დაემთხვევა, სოციალური ქსელში ერთმანეთის სახელების დანახვას შეძლებთ. მარკი კი გადაწვება თავის სავარძელზე, ხელებს ერთმანეთთან მიიტანს და ჩაილაპარაკებს – „მშვენიერია“.

„საიდუმლო ქრაში“ Tinder-ისა და Bumble-ის მიერ აქამდე გამოყენებული მექანიზმის მსგავსია. თუმცა, რაც შეეხება პერსონალური ინფორმაციის დაცვას. ბოლო სამი წელია, ამ კუთხით Facebook არც ისე დიდ ნდობას იწვევს, თუმცა, როგორც მარკ ზაკერბერგი ამბობს, თუ თქვენს ქრაშს Facebook Dating არ აქვს, თუ მეგობრებში არ ჰყავხართ და თქვენგან დამოუკიდებლად, თუ არ მოგნიშნავთ სასურველ პარტნიორად, თქვენი ვინაობა მისთვის უცნობი დარჩება.

გამოცემა Wired-ის ცნობით, სოციალური ქსელი არ შეაგროვებს მონაცემებს საიდუმლო ქრაშების შესახებ, რათა გამოიყენოს ეს სარეკლამო მიზნებისთვის, ან სიახლეების ზოლის ალგორითმისთვის. ანუ, თუ Facebook Dating-ში ქრაშს მონიშნავთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ფეისბუკი მისი პოსტებითა და სელფებით „დაგბომბავთ“. „ყველა აქტივობა, რომელიც ხდება FB Dating-ში, რჩება FB Dating-ში“, – აცხადებენ ფეისბუკში.

ამ ეტაპზე, „საიდუმლო ქრაშის“ ფუნქცია ხელმისაწვდომია კოლუმბიაში, კანადაში, ტაილანდში, არგენტინასა და მექსიკაში, სადაც Facebook Dating-ით სარგებლობა შეიძლება. დღეიდან კი, ეს სერვისი კიდევ 14 ქვეყანაში გახდება ხელმისაწვდომი, თუმცა, ამ ჩამონათვალში საქართველო არ არის.

განხილვა