ამ დროისთვის, Facebook-ის დესკტოპ ვერსიაში ზედა მხარეს, ფუნქციების ხაზი ჰორიზონტალურადაა განთავსებული, სადაც შეხვდებით ლოგოს, წერილებს, შეტყობინებებს, მენიუს, საძიებო ველს და სხვა. წარმოიდგინეთ, Facebook-ზე შედიხართ და ამჩნევთ, რომ ეს ფუნქციები იქ აღარ დაგხვდათ, სადაც დატოვეთ და თითოეული მათგანი ერთ „ყოვლისმომცველ“ ღილაკშია მოთავსებული. შესაძლოა, ეს დღესვე მოგივიდეთ. სოციალური ქსელი დესკტოპის ახალ დიზაინს ამოწმებს, სადაც ნავიგაციის ელემენტები, მენიუ და პარამეტრები ინტერფეისის ზედა, მარცხენა კუთხეშია გადატანილი.

„ჩვენ გადავიტანეთ თქვენი ნავიგაციის ყველა ვარიანტი ერთ ადგილზე – ეს ცვლილება აერთიანებს ყველაფერს, რაც გჭირდებათ Facebook-ზე – თქვენს პროფილს, ძიებას, Messenger, შეტყობინებებს და ა. შ.“ – სწორედ ასეთი წარწერის ფანჯარა შეგატყობინებთ Facebook-ის დესკტოპის დიზაინის ცვლილებას.
ახალ განლაგებაში, ძირითადი ფუნქციები მოთავსდა 3 x 3 ზომის „სრული მენიუს“ ხატულას ქვეშ. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს სასურველი ფუნქციის გასახსნელად ერთი დაწკაპუნება აღარ ეყოფა.
დიზაინის ახალი ვერსია შეზღუდული აუდიტორიისთვისაა ხელმისაწვდომი. ქვემოთ მოცემული ვიზუალები საკუთარი Facebook-დან ერთ-ერთი უცხოური გამოცემის რედაქტორმა გააზიარა.














