6
დეკ
2017

კიდევ ერთი ქართველი Facebook-ის რიგებში! ინტერვიუ სოციალური ქსელის Software Developer-თან!

6 დეკ 2017

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი Facebook-ის თანამშრომელი გახდა! ყოველწლიურად, ფეისბუკი 250 000 აპლიკაციას იღებს, Software Development-ის განხრით, საიდანაც, სტატისტიკურად, მხოლოდ 0.132%-ს იღებენ სტაჟირებაზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთულად მისაღწევი წარმატებაა მსოფლიოში. ლუკა ფეისბუკმა 250 000 სტუდენტიდან საუკეთესო 300 სტუდენტს შორის შეარჩია და ზაფხულში მენლო პარკში, სილიკონ ველიზე მიიწვია Software Developer-ად. ეს პირველი შემთხვევაა როდესაც სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტი ფეისბუკში დასაქმდა. ლუკა კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტია. 2017 წელს ის გაცვლითი ვიზიტით გაემგზავრა სან დიეგოში და კალიფორნიაში ჩასვლიდან მალევე გადაწყვიტა ფეისბუკის ყველაზე მოთხოვნად პროგრამაში მონაწილეობის მიღება. როგორი იყო ახალგაზრდა პროგრამისტის გზა მსოფლიოში ყველაზე დიდ სოციალურ ქსელში მუშაობამდე და რა მოლოდინები აქვს მას ამ შესაძლებლობის გამოყენების პირობებში – ამ საკითხებზე მარკეტერი ლუკა ლომთაძეს ესაუბრა:

BOG PLUS

M: როდიდან და რა მოტივით იწყება შენი ინტერესი კომპიუტერული ინჟინერიის მიმართ? რა გამოცდილება გაქვს ამ მიმართულებით?
პროგრამირება მეხუთე კლასიდან დავიწყე. ამ მომენტიდან მოყოლებული, სამყაროს უდიდეს ტექნიკურ კომპანიებში მუშაობა ჩემს ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მიზნად იქცა, რისი მიღწევაც საკმაოდ რთული ჩანდა, შესაბამისად, გამუდმებით ვცდილობდი გავმხდარიყავი შესაფერისი დონის დეველოპერი. ბოლო 6 წლის მანძილზე, 8 ტექნიკური სტარტაპი წამოვიწყე, რომელთაგანაც 2 ახლაც აქტიურად მუშაობს, უნივერსიტეტში პირველი სემესტრიდან დაწყებული, ვიმუშავე 10 სხვადასხვა წამყვან კომპანიასა და სახლემწიფო სტრუქტურაში. საბოლოო ჯამში, ალბათ ყველა პოპულარულ პროგრამულ ენაზე შევქმენი პროგრამული სისტემა, სხვადასხვა პროგრამირებადი პლატფორმისთვის.

M: რა კრიტერიუმების გათვალისწინებით შეგარჩიათ facebook-მა 250 000 კონკურსანტიდან 300?
მჯერა, გამოცდილებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მივსულიყავი ფეისბუკის ტექნიკურ ინტერვიუმდე, რომელიც, როგორც ჩემი გამოცდილი მეგობრები ამბობენ, არის მთლიანი პროცესის პირველი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი 10%. დიდი ალბათობით, სწორედ ორი ტექნიკური ინტერვიუს შედეგმა გამოყო ჩემი აპლიკაცია, სხვა აპლიკანტებთან შედარებით, რადგან ყველა მოცემული ტექნიკური დავალება გამოყოფილ დროზე მნიშვნელოვნად მალე დავამთავრე.

M: რა მოლოდინები გაქვს ფეისბუკში მუშაობისგან? 
პირველი, რაც გავიფიქრე კონტრაქტის მიღების შემდეგ, იყო – „ახლა რა იქნება?“. სწორედ მაშინ, სულ სხვანაირად დავინახე ის უზარმაზარი პერსპექტივა და უმაღლესი დონის გამოცდილება, რომელიც მელოდა. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ახლა ყველა დასახულ მიზანს გაცილებით უფრო ჩქარა მივაღწევ, თითქოს ქუჩაში, მიზნისკენ ფეხით მიმავალს, ფეისბუკის ლურჯი რაკეტა მომიახლოვდა და წამიყვანა. დარწმუნებული ვარ, შევხვდები სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მაგარ დეველოპერებს, დიდ გამოცდილებას მივიღებ და მომავალში, ნებისმიერ დასახულ მიზანს მივაღწევ.

მანამდე, 2017 წლის ივლისში, Facebook-ის გუნდის წევრი ნინა ნუცუბიძე გახდა, რომელიც მსოფლიოს უდიდეს სოციალურ ქსელს ანალიტიკური გუნდის წევრად შეუერთდა.

განხილვა