Facebook-სა და Instagram-ს ახალი ფუნქცია Shops ემატება. ამ გზით, ნებისმიერ ბიზნესს პროდუქტის პირდაპირ ამ სოციალურ ქსელებზე განთავსება და გაყიდვა შეეძლება. მარკ ზაკერბერგის თქმით, Facebook Shops დღეიდან ამოქმედდება ეს გადაწყვეტილება COVID-19-ის პირობებში, პრობლემების მქონე ბიზნესების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მეორე მხრივ, ეს ფეისბუკის მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ელ. კომერციის მიმართულებით და ის ფეისბუკს Amazon-ისა თუ eBay-ს კონკურენტად ხდის.
Facebook Shops საშუალებას აძლევს ბიზნესებს პლატფორმაზევე, უფასოდ და მარტივად შექმნან საკუთარი ონლაინ მაღაზია, შიგნით კი განათავსონ კატალოგები, პროდუქტები. ასევე შესაძლებელია ადგილმდებარეობის მითითება, სადაც პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი, ან პირდაპირ, ფეისბუკზევე ყიდვა. აღსანიშნავია, რომ ამისათვის როგორც ფეისბუკზე, ასევე ინსტაგრამზე გადახდის მეთოდია ინტეგრირებული. სამომავლოდ, კომპანია Shops-ის ამოქმედებას WhatsApp-სა და Messenger-შიც გეგმავს.
მალე Facebook Live Shopping-ის ფუნქციასაც აამოქმედებს, რომლის დახმარებითაც რეალურ დროში შოპინგი იქნება შესაძლებელი. უახლოეს მომავალში კი, როგორც მარკ ზაკერბერგი ამბობს, Shops ხელოვნურ ინტელექტსა და გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიას გამოიყენებს. იმისათვის, რომ უკეთესი შოპინგის გამოცდილება შექმნას.