საკმაო ხანია ვიცით, რომ ფეისბუკი გეიმინგ ინდუსტრიაშიც ცდილობს თავის დამკვიდრებას. კომპანიამ გეიმინგ აპლიკაცია 22 აპრილს განაახლა და ის უკვე ხელმისაწვდომია Android-ის მომხმარებლებისთვის.
Facebook Gaming-ის დახმარებით, შეგიძლიათ ითამაშოთ, სტრიმებს ადევნოთ თვალი, გახვიდეთ ლაივში, ანუ აჩვენოთ თქვენი თამაში პირდაპირ ეთერში, მისწეროთ მეგობრებს, დადოთ პოსტები და გამოხატოთ რეაქცია მათზე. აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ, შეგხვდებათ Discover ღილაკი, რომელიც პლატფორმაზე არსებულ პოპულარულ თამაშებს შემოგთავაზებთ, შემდეგ კი თქვენს გემოვნებაზე დაფუძნებული შემოთავაზებებიც ექნება. გეიმინგ პლატფორმაზე ფეისბუკის წესების დიდი ნაწილი მოქმედებს. მათ შორის, შეგიძლიათ GIF-ებით, ფოტოებითა თუ ვიდეოებით ინტერაქცია, მათი დაპოსტვა, დაკომენტარება და რეაქციების გამოხატვაც.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ცალკე სოციალური ქსელი გეიმერებისთვის, რომელიც თამაშთან ერთად, სოციალური ქსელის პრინციპზე დაფუძნებული კომუნიკაციის საშუალებასაც აძლევს მათ. ვგულისხმობთ პლატფორმაზე ჩაშენებულ ჩატის ფუნქციას, ისევე, როგორც დაპოსტვის, კომენტირებისა თუ რეაქციის გამოხატვის შესაძლებლობას.
ამ მომენტისთვის, პლატფორმაზე ვერ შეხვდებით რეკლამას, მონეტიზაციის პოლიტიკა კი „ვარსკვლავებს“ ეფუძნება. სტრიმისთვის ვარსკვლავის მინიჭება მომხმარებლებს შეუძლიათ. ამისთვის, თავის მხრივ, ვარსკვლავების ყიდვა იქნება საჭირო.
აპლიკაცია გასული წლიდან იტესტება სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე. დახვეწილი ვერსია კი, როგორც უკვე ვთქვით, ჯერ მხოლოდ ანდროიდის მომხმარებელთათვისაა ხელმისაწვდომი. თუმცა, როგორც TechCrunch-ისგან ვიგებთ, Facebook Gaming მალე App Store-ზეც გამოჩნდება.