დასაწყისისთვის, უნდა გავიხსენოთ, რომ GIPHY – გიფების პლატფორმა არაერთ სოციალურ ქსელსა თუ მესენჯერშია ინტეგრირებული, ახლა კი ის Facebook-მა, 400 მილიონ დოლარად იყიდა. GIPHY ფეისბუკის მფლობელობაში არსებული სოციალურ ქსელ Instagram-ის გუნდს შეუერთდა – ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მნიშვნელოვნად იცვლება ის, თუ როგორ ეძებდით და უგზავნიდით მეგობრებს ყოველდღიურად, თემატურ და სახალისო ვიზუალურ გამოსახულებებს – GIF-ებს.
როგორც GIPHY-ზე ვკითხულობთ, სერვისის კონტენტს ყოველდღიურად 700 მილიონზე მეტი ადამიანი ნახულობს, ნახვების მნიშვნელოვანი ნაწილი კი, ფეისბუკის, Facebook Messenger-ისა თუ Instagram-ის გარდა, iMessage-ზე, TikTok-სა და Twitter-ზე მოდის. როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, ამ პლატფორმებზე GIPHY-ს კონტენტია ინტეგრირებული (API-ს დონეზე), რაც მათ მომხმარებლებს GIF-ების ამ სერვისით სარგებლობის საშუალებასაც აძლევს.
მოსალოდნელია, რომ ამ სოციალური ქსელების დიდმა ნაწილმა ფეისბუკის მფლობელობაში მყოფ პლატფორმასთან თანამშრომლობაზე უარი თქვას. არა მხოლო იმის გამო, რომ მათ არ ენდომებათ კონკურენტთან თანამშრომლობა, არამედ იმის გამოც, რომ Facebook პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ სკანდალში იყო გახვეული (კემბრიჯ ანალიტიკის სკანდალი). ფეისბუკი თავის მხრივ, განთავსებულ ბლოგში ამბობს, რომ სხვა პლატფორმებს GIPHY-სთან თანამშრომლობა ისევე შეეძლებათ, როგორც უწინ. თუმცა, ნაკლებსავარაუდოა, სხვა სოციალურმა ქსელმა, მაგალითად Twitter-მა გადაწყვიტოს ფეისბუკზე იყოს დამოკიდებული ამ მიმართულებით. რადგან ზუსტად არავინ იცის, შეცვლის თუ არა სხვა პლატფორმებთან GIPHY-ს უწინდელი თანამშრომლობის შენარჩუნების გადაწყვეტილებას ფეისბუკი.