ახლახან მეტამ Facebook Groups-ის განახლების შესახებ გვამცნო — ამიერიდან ადმინისტრატორებს შეეძლებათ აქამდე არსებული კერძო ჯგუფები საჯარო გახადონ ისე, რომ არსებული წევრების კონფიდენციალურობა არ დათმონ. უფრო ზუსტად, ამ ცვლილების შემდეგ ძველი კონტენტის კონფიდენციალურობა შენარჩუნდება და წევრების სიებიც დაცული იქნება.
ხშირად ადმინები დახურულ ჯგუფებს იმიტომ ქმნიან, რომ ფიქრობენ, ყოველთვის მცირე მასშტაბზე იქნებიან, შემდგომ კი უცბად აღმოაჩენენ, რომ უფრო ფართო აუდიტორიასაც მისწვდებოდნენ, ჯგუფი მარტივი საპოვნელი რომ იყოს. ამგვარად, განახლება Facebook-ის ჯგუფებს გაფართოების შესაძლებლობას მისცემს ისე, რომ საჯარო ჯგუფის ნულიდან შექმნა ან ძველი წევრების პოსტების გასაჯაროება არ მოუწიოთ.
ჯგუფის სტატუსის შეცვლას კი პლატფორმის პარამეტრებიდან შეძლებთ – როცა ადმინი დახურულ ჯგუფს საჯაროდ აქცევს, ყველა სხვა ადმინი მიიღებს შეტყობინებას ამ ცვლილების შესახებ და 3 დღე ექნებათ კონკრეტული საკითხის განსახილველად, რათა ჩამოყალიბდნენ, რა სურთ. ხოლო, თუ ყველა ვერ შეთანხმდება, შეუძლიათ, შეაჩერონ ეს პროცესი.

განახლების შემდგომ ყველა ძველი კონტენტი, იქნება ეს პოსტი, კომენტარი თუ რეაქცია, მხოლოდ იმ გუნდის წევრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომლებიც საჯაროობამდეც იყვნენ ჯგუფში. ანალოგიურად მოხდება ადმინებისა და მოდერატორების შემთხვევაშიც.
ცვლილების შესახებ შეტყობინებას გუნდის წევრებიც მიიღებენ და ხელახლა შეახსენებს ამას მათ აპლიკაცია, როცა პოსტის ან კომენტარის დაწერას გადაწყვეტენ, რათა კვლავ არ ეგონოთ, რომ აზრს დახურულ ჯგუფში აზიარებენ. საჯარო რეჟიმში გასვლა ჩვეულებრივ ნიშნავს იმას, რომ ახალ პოსტებს, კომენტარებსა და რეაქციებს ყველა ნახავს, ისინიც კი, რომლებიც არ არიან Facebook-ზე ან სხვა ჯგუფში.
რაღა თქმა უნდა, ეს ცვლილება ხელს შეუწყობს Facebook-ის კონტენტის უფრო მარტივად ინდექსირებას ისეთი საძიებო სისტემების მიერ, როგორიცაა Google. ამგვარად, ეს იმას ნიშნავს, რომ გუგლის საძიებო შედეგებში კონკრეტული Facebook ჯგუფებიც შეიძლება, ამოგიგდოთ…
აღსანიშნავია, რომ თუ ადმინები არ ჩათვლიან კერძო ჯგუფის საჯარო რეჟიმზე გადასვლას სწორ გადაწყვეტილებად, ექნებათ შესაძლებლობა, კვლავ დახურონ ჯგუფი.











