5 წლის წინ, Facebook-მა ვირტუალური რეალობის პიონერები შვილობილი კომპანია Oculus-ის ფრთის ქვეშ შემოიკრიბა. გასულ კვირას კი გაფართოებული რეალობის მიმართულებით მოღვაწე სტარტაპი CTRL-Labs შეიძინა 500 მილიონ დოლარად. ამ ფაქტებს მოჰყვა ლოგიკური გაგრძელება – სიახლე, რომელზეც დღეს მთელი მსოფლიო საუბრობს – ალტერნატიული, ნამდვილად ვირტუალური VR სამყარო, სახელად Horizon, რომელიც ფუნქციონირებას 2020 წლიდან დაიწყებს.
Facebook-ის VR სამყარო არის ადგილი აღმოჩენებისთვის, შემოქმედებისთვის და თამაშისთვის – ასე აღწერენ მას მისი შემქმნელები. ეს არის ადგილი ახალი გამოცდილებისთვის, თავგადასავლებისთვის, საინტერესო ადამიანების აღმოჩენისთვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი სულაც სხვა კონტინენტზე არიან და არასდროს ყოფილან თქვენს ქვეყანაში. Horizon-ში საკუთარი სამყაროს შექმნა შეგიძლიათ, სადაც თქვენი ავატარი მოგზაურობს და მას ხედავენ სხვა ადამიანებიც, ისევე, როგორც თქვენ ხედავთ მათ (ავატარებს). ეს ხდება მაშინ, როცა ვირტუალური რეალობის სათვალე გიკეთიათ და ერთგვარ თამაშს თამაშობთ, რეალურ ადამიანებთან ერთად, თქვენ მიერ შექმნილ, ვირტუალურ სამყაროში.
აღსანიშნავია, რომ Horizon-ზე დარეგისტრირების შემდეგ, ხდებით მისი მოქალაქე, ერთვებით აქტივობებში, ეცნობით სხვადასხვა ადამიანს, წარმოაჩენთ თავს, თქვენს შემოქმედებას, მიზნებს და ა.შ. ეს არის სოციალური ქსელის ახალი საფეხური, უფრო მძაფრი და რეალურთან მიახლოებული შეგრძნებებით. ქსელი, რომელშიც მისი „მოქალაქის“ ჩართულობა სხვა ხარისხს მიაღწევს…
შეგვიძლია, თუ არა Facebook-ის მცდელობა შევაფასოთ, როგორც გეიმინგის კულტურის ერთგვარ ხიდად გამოყენება? ხიდად ადამიანებს შორის, VR თამაშის სახით, რომელსაც, მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი ადამიანი, ერთდროულად ითამაშებს. შეგვიძლია.
შეგვიძლია, თუ არა ვთქვათ, რომ დღეს გარდამავალი პერიოდის მომსწრენი ვართ. პერიოდის, რომელიც წინაპირობაა იმისათვის, რომ AR სათვალეებმა ჩაანაცვლონ კომპიუტერები, თუ სმარტფონები, ნეირონულმა ინტერფეისებმა – კლავიატურები, ვირტუალურმა რეალობამ – ნამდვილი… შეგვიძლია. ყველა იმ ფუნქციას, რასაც დღეს სხვადასხვა მოწყობილობა გვისრულებს, გაუმკლავდება ერთი სათვალე (ჰედსეტი), რომელზეც ასევე მუშაობს ფეისბუკი, ხოლო სოციალიზაციისთვის ნამდვილთან ერთად, ალტერნატიულ სამყაროებს (Horizon) გამოვიყენებთ.
რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ფეისბუკის მომავლის ხედვა. ეს არის ტექნოლოგიური გიგანტის მხრიდან გამოჩენილი დიდი რისკი, დახარჯული რესურსი და ინვესტიცია. რამდენად შეძლებხ ის ამ გეგმების მიღწევას? როცა ამ კითხვას დავსვამთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ 15 წლის წინ, არარეალური ამბიცია იქნებოდა ერთი სტუდენტის მიერ შექმნილი სოციალური ქსელის მხრიდან იმის თქმა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მესამედი (2.32 მილიარდი ადამიანი) მისი მომხმარებელი გახდებოდა. დღეს ეს რეალობაა, ფეისბუკი კი კომპანია, რომლისგანაც ორი სიტყვა – სიახლე და წარმატება აღარავის უკვირს.
შეგვიძლია, თუ არა ვთქვათ, რომ ალტერნატიული VR სამყარო, სახელად Horizon, დროთა განმავლობაში, იქცევა პლატფორმად, რომელიც სოციალიზაციის მოთხოვნილებებს დაგვიკმაყოფილებს. მეტიც, ამ სამყაროში მუშაობასა და თამაშსაც შევძლებთ, საქმიან პარტნიორთან (მის ავატართან) შეხვედრასაც. ბიზნესის ქცევაც შეიცვლება. თუ დღეს ონლაინ მარკეტინგია აქტუალური, იქნებ, მომავალში ვირტუალური მარკეტინგში ადაპტირების საჭიროების წინაშე დავდგეთ… მგონი, ამ ყველაფრის თქმა თუ არა, ვარაუდი მაინც შეგვიძლია. მაგრამ ვარაუდისასვე, კარგი იქნება დავსვათ კითხვები – თუ სოციალური ქსელის გამოყენების პრაქტიკამ ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა, როგორც სოციალური, ასევე, ფსიქიკური თვალსაზრისით, რას გვიმზადებს Horizon? სად მთავრდება რეალობა? ვირტუალური რეალობა? სად იწყება და მთავრდება თამაში?
ავტორი: ხატია თორდუა