18
Jun
2019

Facebook-ის კრიპტოვალუტით გადახდა „ისეთივე მარტივი იქნება, როგორც SMS-ის გაგზავნა“

18 Jun 2019

Facebook-ის კრიპტოვალუტა Libra ბაზარზე მომავალი წლიდან გამოჩნდება და მისი საშუალებით, ანგარიშსწორება „ისეთივე მარტივი იქნება, როგორც SMS-ის გაგზავნა“. მარკ ზაკერბერგის თქმით, მომხმარებლები კრიპტოვალუტით ანგარიშსწორებას აპლიკაციიდანვე შეძლებენ. სიახლე ხელმისაწვდომი იქნება Messanger-ით და WhatsApp-ითაც. ზაკერბერგის ცნობით, ციფრული ვალუტით გადახდა უსაფრთხო იქნება, არ ექნება მნიშვნელობა იმას, აქვს თუ არა მომხმარებელს საბანკო ანგარიში.

ეს მოვლენა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ტექნოლოგიური გიგანტის ჩარევა გადახდის სექტორში, რა თქმა უნდა, Google Pay, Apple Pay-სა და Samsung Pay-ს შემდეგ. თუმცა, არც ერთი ზემოჩამოთვლილი სერვისი კრიპტოვალუტაზე დამყარებული არ არის. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ Facebook პირველი სოციალური მედიის გიგანტია, რომელიც ამ ნაბიჯს დგამს.

რას ნიშნავს ეს ფეიხბუკის მომხმარებლებისთვის?
თუ ხართ ფეისბუკის მომხმარებელი, შემდეგი წლიდან, თქვენ შეძლებთ იყიდოთ „ლიბრა“ სხვადასხვა პლატფორმაზე და განათავსოთ თქვენს ციფრულ საფულეში, სახელად Calibra. ამის შემდეგ, თქვენი „ლიბრების“ შენახვას, გადახდასა და გადარიცხვას შეძლებთ. გადარიცხვას იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც საბანკო ანგარიში არ აქვს, რადგან მარკ ზაკერბერგის თქმით, დღეს მსოფლიოში არის მილიარდობით ადამიანი, რომელსაც არ აქვს საბანკო ანგარიში, თუმცა, აქვს სმარტფონი. შესაბამისად, „ლიბრა“ მათთვისაცაა.

ამ ეტაპზე, „ლიბრას“ ასოციაციაში, ფეისბუკთან ერთად 27 ორგანიზაცია ერთიანდება, რაც ნიშნავს, რომ ისინი მხარს უჭერენ ამ ინოვაციას და მზად არიან, დანერგონ ის საკუთარ სერვისებში. ასეთი კომპანიებია, მაგალითად Mastercard, PayPal, PayU, Stripe და Visa, ასევე, Booking, eBay, Farfetch, Lyft, Spotify და Uber. ზაკერბერგი იმედოვნებს, რომ შემდეგ წლამდე, ანუ იმ დრომდე, სანამ ფეისბუკის კრიპტოვალუთა ხელმისაწვდომი გახდება, მხარდამჭერი კომპანიების რიცხვი 100-მდე გაიზრდება.

„ლიბრას“ მისიაა შეიქმნას გლობალური ფინანსური ინფრასტრუქტურა, რომელიც მილიარდობით ადამიანს გააერთიანებს. ფეისბუკის ხედვა ესაა – შექმნას უსაფრთხო, მონაცემთა დაცვის უზრუნველმყოფი ქსელი, რომელსაც შეგიძლია ენდო როგორც შეტყობინებების გაგზავნისას, ასევე, ფინანსური ოპერაციებისას“, – ამბობს ზაკერბერგი და დასძენს, რომ ციფრულ საფულესა და თქვენს Facebook-ზე გაზიარებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე ინახება.

დასაწყისისთვის, „ლიბრა“ მისცემს შესაძლებლობას ნებისმიერ სმარტფონის მქონე ადამიანს, განახორციელოს ფინანსური ოპერაციები უმარტივესად. შემდეგში კი იგეგმება ისეთი სერვისების დანერგვა, როგორიცაა მაგალითად, სხვადასხვა ქალაქში, საზოგადოებრივი ტრანსორტით სარგებლობა „ლიბრათი“ გადახდის საფუძველზე, სპეციალური სამგზავრო ბარათის გარეშე.

სავარაუდოდ, კიდევ უამრავ დეტალსა და სიახლეს უნდა ველოდოთ მანამ და შემდეგაც, რაც „ლიბრა“ ბაზარზე გამოჩნდება.

განხილვა