„შუასაუკუნეებში წერა-კითხვა ითვლებოდა ეკლესიის ექსკლუზივად. არ გვქონდა წიგნი, შესაბამისად, კითხვა მხოლოდ იმ პირების პრეროგატივა იყო, რომელიც ეკლესიაში მისვლასა და სწავლას ირჩევდა. საბეჭდი მანქანის გამოგონების შემდეგ, მოხდა წერა-კითხვის ლიბერალიზაცია – გაჩნდა წიგნის გამოცემის, გავრცელების, კითხვისა და წერის მასობრივი შესაძლებლობა. დღეს ფული არის სახელმწიფოს ექსკლუზივი. თუ მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისა და ფულის მოჭრის უფლება მხოლოდ სახელმწიფოს აღარ ექნება, მივიღებთ მსგავს ეფექტს – ფულის მოხმარების კუთხით არჩევანის გაჩენასა და ეკონომიკურ განვითარებას, ისეთივე სისწრაფით, რა სისწრაფითაც წერა-კითხვის გავრცელების შემდეგ ვითარდება კაცობრიობა“, – ამ შედარებით დავიწყებ სტატიას. შედარებით, რომელიც ტექნოლოგიური კომპანია Shelf Network-ის თანადამფუძნებელმა – ლაშა ანთაძემ ინტერვიუს პროცესში გამიზიარა.
ბოლო 10 წელია, რაც მსოფლიოს მასშტაბით კრიპტოვალუტების გააქტიურების მომსწრენი ვხდებით. ალტერნატიული ფულის შექმნის მცდელობა, პირველ ეტაპზე, მომხმარებლის მხრიდან გამდიდრების მარტივ საშუალებად იქნა აღქმული და დღემდე, ცოტამ თუ გაიაზრა კრიპტოვალუტების მნიშვნელობა – იდეოლოგიური ბრძოლა ფულზე სახელმწიფოს მონოპოლიის წინააღმდეგ. გვესმოდა ახალი კრიპტოვალუტების გაჩენისა და მათი ყიდვის შემთხვევაში, შესაძლო სარგებლის შესახებ თეორიები, თუმცა, ეს ყველაფერი ცოტა ადამიანში თუ იწვევდა ნდობას, შესაბამისად კი, ცოტა თუ დგამდა ნაბიჯს ალტერნატიული ფულის მომხმარებლობისკენ. ასე, ჩნდებოდა კითხვა – როგორი უნდა იყოს კრიპტოვალუტა, იმისათვის, რომ ამ „ახალმა ხილმა“ მომხმარებელში ნდობა აღძრას? იმისათვის, რომ მას „გემო გაუსინჯონ“ და უფრო კი იმისათვის, რომ გვქონდეს გლობალური, ალტერნატიული, ტექნოლოგიური და სტაბილური ვალუტა, რომელიც შეამცირებს სახელმწიფოს კონტროლს ფულზე.
და ასე, 2020 წლისთვის, ფეისბუკის თქმით, ბაზარზე გაჩნდება ახალი კრიპტოვალუტა „ლიბრა“, რომელსაც ზურგს მსოფლიოს 100-მდე უძლიერესი ტექნოლოგიური და ფინანსური კომპანიის ავტორიტეტი და ფული გაუმაგრებს. ამ ეტაპზე, კორპორაციაში არა 100, არამედ 28 კომპანიაა (მათ შორის, Mastercard, PayPal, PayU, Visa), თუმცა, შესაძლოა, ზუსტად იქ ვართ, რასაც მსოფლიო ეკონომიკური რევოლუციის ზღვარი ჰქვია და ველოდებით – იქნება, თუ არა საკმარისი ფეისბუკის და „ლიბრას“ ასოციაციაში შემავალი კომპანიების რეპუტაცია და ნება იმისათვის, რომ ეს მრავალსაუკუნოვანი ზღვარი დაირღვეს. ზღვარი, რომელიც ფულზე სახელმწიფოს მონოპოლიის პირობებში, სულ უფრო მყარი და მკვეთრი ხდება.
ისეთი რამეა, საბჭოთა კავშირში, დახლებზე ყველგან ერთნაირი წვენი რომ იდო, მერე უცებ თავისუფალი ბაზარი და აი, ათასი სახეობის წვენი გაჩნდა. ასეთივე მომენტთან ვდგავართ, უბრალოდ, ფულის შემთხვევაში“.
M: და მაინც, უფრო რომ დავაზუსტოთ, რა სარგებელი მოაქვს ალტერნატიული ვალუტის არსებობას რიგითი მომხმარებლისთვის? კონკრეტულად, „ლიბრას“ ამოქმედების შემთხვევაში, რას შეცვლის ეს ჩვენს ყოველდღიურობაში?
თუ წარმოვიდგენთ იდეალურ სცენარს, იდეალურ გარემოში, როცა სახელმწიფო არ ცდილობს, რომ კრიპტოვალუტა შეზღუდოს, გვაქვს ასეთი სურათი – მე მაქვს არჩევანი და მაქვს თავისუფალი სავალუტო სიტუაცია. ყველა ცდილობს, რომ საუკეთესო პროდუქტი (ფული) დადოს ბაზარზე და მე, როგორც მომხმარებელს, შემიძლია ავირჩიო, მაგალითად, საინვესტიციოდ რომელი ვალუტა მინდა, რომელი გადარიცხვებისთვის, რომელი შესანახად და ა.შ. რას შეცვლის ყოველდღიურობაში? თუნდაც, მოგზაურობის დაგეგმვისას, არ მოგვიწევს კონკრეტული ქვეყნის ვალუტის ყიდვა, რადგან საერთაშორისო, გლობალური ვალუტა ჩვენს მობილურში გვექნება. SMS-ის გაგზავნის სისწრაფითა და სიმარტივით შევძლებთ თანხის გადარიცხვებს. საერთო ჯამში, მოხდება ის, რომ რაღაც სქემები გვერდს აუვლის ბანკებს და მობილურში გვექნება ჩვენი ბანკი. სუფთა იურიდიულად, ფეისბუკ მესენჯერი გახდება ჩვენი ბანკი და ჩვენ – ლიბრას მომხმარებლები. ეს იქნება საერთაშორისო დონეზე და აღარ დაგჭირდება ბანკში ანგარიშის გახსნა. რაც ნიშნავს იმასაც, რომ მოვა დრო, როცა ბანკებს, ისევე, როგორც სახელმწიფოებს ამ სისტემაზე გადმოწყობა მოუწევთ.
სახელმწიფო ინსტიტუციები, კანონის ძალით, ხშირად ებრძოდნენ ალტერნატიულ ვალუტებს. ციფრულ სამყაროში მათთან ბრძოლა რთული გახდა და შესაძლოა, უფრო რთული გახდეს მაშინ, როცა ამ ომში ტექნოლოგიური გიგანტი ერთვება – ფეისბუკი, რომლის მომხმარებელთა რიცხვი, 15 წლიანი ფუნქციონირების შემდეგ, დღეს, დაახლოებით, მსოფლიო მოსახლეობის მესამედია (2.32 მილიარდი ადამიანი) და შესაძლოა, დღეს ვართ ერთი მხრივ, სახელმწიფოსა და კერძო ფულს შორის იდეოლოგიური და ამავდროულად, ინფორმაციული ომის მომსწრენი.
შეიძლება, ფეისბუკის ლიბრამ ვერ გაამართლოს და მალევე რეგულაციით მოკლან, რადგან ყველა ქვეყანას, მსგავსი ელექტრონული ფულის მიმართ, თავისი რეგულაცია აქვს. ესაა გამოწვევა – რამდენად გადაწონის ფეისბუკი და შეძლებს თავისი დომინაციაში ეს ინსტრუმენტი სახეში შეაყაროს მთავრობებსა და სახელმწიფოებს. ალბათ, რამდენიმე წელი მოვისმენთ მათ წინააღმდეგ მართულ კამპანიებს, სხვადასხვა რეგულაციებს“, – ამბობს ლაშა ანთაძე.
M: კრიპტოვალუტებზე როცა ვსაუბრობთ, ერთ-ერთი პირველი, რაც გვახსენდება ბიტკოინია. შესაძლოა, მან რევოლუციურ მიზნებს რეპუტაციის არ ქონის მიზეზით ვერ მიაღწია, თუმცა, რატომ ვერ გაუმკლავდა სახელმწიფო მას, როგორც ადრე, ალტერნატიული ფულის გაჩენის შემთხვევაში ხდებოდა?
ბიტკოინი არის პირველი ტექნოლოგიური გადაწყვეტა, თუ როგორ შეიძლება ფულმა იმუშაოს და იარსებოს სახელმწიფოს გარეშე. მთავარი გარღვევა, კრიპტოვალუტებს – დეცენტრალიზებულ ვალუტებს რასაც ეძახიან, იყო სწორედ ის, რომ თუ აქამდე სახელმწიფო ვიღაცის მიერ შექმნილ სუროგატ ფულს დასაწყისშივე კლავდა, ებრძოდა კანონით და ა.შ. ბიტკოინმა და კრიპტოვალუტებმა მოგვცეს დეცენტრალიზებული სისტემა, როდესაც არავინ არ ფლობს არაფერს – არ არსებობს ერთი ტექნიკური წერტილი, სადაც ვიღაცა მივა და სისტემას გათიშავს, რადგან ეს არის დიდი ქსელური კოლაბორაცია და საერთო ჯამში, სახელმწიფო არის უძლური, რადგან ერთს გამორთავს და ამ დროს, ათი სხვა ჩნდება. ისევდაისევ, ეს არქიტექტურაც და კრიპტოვალუტების მთლიანი არსი ემსახურება იმას, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლოს კერძო, არა მის მფლობელობაში არსებული ფულის, როგორც ინსტრუმენტის არსებობის შეჩერება.
რა ტრანზაქციასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, დღეს ეს ინფორმაცია მიდის ბანკებში, ბანკები აგზავნიან ლიდინგ ჰაუზებში და იქ დგება ბალანსები, ვის რამდენი ეკუთვნის. სუფთა ბუღალტრული მონაცემებია, რომელსაც დღეს ამუშავებს და საბოლოო ჯამში, ფლობს სახელმწიფო. ბიტკოინის შემთხვევაში, არ არსებობს ეს ცენტრალური ბუღალტერი და მისი, ე.წ. მაინინგი ათასობით ბუღალტერს ნიშნავს, რომელიც ერთმანეთს ამოწმებს. „ლიბრას“ შემთხვევაში აქ უკვე გვაქვს კორპორაცია, ასოციაცია, რომელშიც ჩართულია უამრავი ორგანიზაცია. გამოდის, რომ ვინც „ლიბრას“ მოიხმარს, იმის ბუღალტერიას ერთდროულად ჩაატარებს ფეისბუკი და ასოციაციის წევრები.
M: ეს არის მთავარი განსხვავება ბიტკოინსა და ლიბრას შორის?
დიახ, მთავარი განსხვავება არის სწორედ ის, თუ ვინ ფლობს ინფორმაციას. ბიტკოინს „პატრონი არ ჰყავს“. ლიბრას შემთხვევაში კი კორპორატიული მფლობელობა შემოდის და კორპორაცია, დიდი ბიზნესი, თავისი რეპუტაციით, ამბობს, რომ მე ვქმნი დღევანდელ რეალობაში ალტერნატიულ ვალუტას. ძალიან დიდი მოვლენაა. ეს არის ის, რასაც ნახევარი საუკუნეა ეოდებიან ულტრალიბერალი ეკონომისტები. როგორც კი ფული გამოვა სახელმწიფო მონოპოლიიდან და გაჩნდება კერძო სუბიექტად, ეს იქნება ლიბრა თუ ნებისმიერი სხვა, ეს ნიშნავს, რომ კონკურენცია გაჩნდება ამ ინსტრუმენტის მიმართ. ფული არის ერთადერთი პროდუქტი და ინსტრუმენტი, რომელსაც კონკურენცია არ გააიაფებს, პირიქით. ხელს შეუწყობს, რომ გაძვირდეს.
ფეისბუკს უკვე ჰყავს მომხმარებელი და ქსელი, რომელიც ღირებულებას ხედავს ამ მიმოცვლაში, ინტერაქციაში და ერთმანეთთან კომუნიკაციაში. ბიტკოინს აქვს არქიტექტურული უპირატესობა, ის ხელშეუხებელია, თუმცა, მას არ აქვს ეს ქსელი და საკმარისი მომხმარებელი, რომ ნდობა გაჩნდეს. ეს განსხვავებაა. ბიტკოინს ეს ყველაფერი წინ აქვს, თუმცა, ორივე ერთი იდეოლოგიური ბრძოლის პროდუქტია და ეს, თუ ის, თუ ორივე ერთად, მაინც მიგვიყვანს მიზნამდე“.
M: რას გულისხმობს ფულის გაძვირება და ისევ, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ მოვლენამ მომხმარებელს?
თუ ფულის მთავარი არსი არის იმაში, რომ სტაბილური იყოს, არ იყოს ცვალებადობა ვალუტებთან და იყოს მარტივი ტრანზაქციებისა და გაცვლის საშუალება, ამაში თუ ჩაერთვებიან კერძო სუბიექტები, ყველას თავისი ფული ექნება. შესაბამისად, ყველა დაიწყებს თავისი პროდუქტის – ერთეულის გაუმჯობესებას. საბოლოო ჯამში, ჩვენ, მომხმარებლები ვიხეირებთ. რატომ ვიხეირებთ? იმიტომ, რომ გვექნება არჩევანი. ერთი მხრივ, მე შემიძლია შესანახად ავირჩიო სტაბილური ფული, რომელიც არ კარგავს ფასეულობას, შემიძლია ტრანზაქციებისა და გზავნილებისთვის გამოვიყენო ის ერთეული, რომელიც უფრო სწრაფია, ნაკლები საკომისიო აქვს და მისი დახმარებით უფრო მარტივად შეიძლება ანგარიშსწორება.
M: რა იძლევა „ლიბრას“, როგორც ვალუტის სტაბილურობის გარანტიას?
ახლა ფეისბუკი არ აფიშირებს, რომ ის მართლაც რაღაც ალტერნატიულ ინსტრუმენტს ქმნის, თუმცა, ყველა ხვდება ამას. ის ამბობს, რომ ქმნის ლიბრას, რომელიც გამაგრებულია სხვადასხვა აქტივებით და ფასიანი ქაღალდებით, რაც საბოლოო ჯამში, აისახება იმაში, რომ ლიბრაში გაერთიანებული ორგანიზაციები შეისყიდიან, გაამარგრებენ, დაარეზერვებენ ზუსტად იმ რაოდენობის აქტივებს, რომ ლიბრამ შეინარჩუნოს სტაბილურობა ბაზარზე და ყოველთვის, ერთი ლიბრა იყოს „ნახევარი ვაშლი“ – ეს არის პრინციპი. არსი ისაა, რომ ერთი ლიბრის მსყიდველობითუნარიანობა იყოს ყველა ქვეყანაში ერთნაირი, თუ მას უნდა, რომ გლობალური ვალუტა გახდეს. ეს არის მათი მიზანი და ამიტომ ჰქვია მას სტაბილური ქოინი.
M: რას ნიშნავს სტაბილური ქოინი?
სტაბილური ქოინი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც კრიპტოვალუტების შემდეგი თაობა, რაც გულისხმობს იმას, რომ განსხვავებით კრიპტოვალუტებისგან, სადაც უკონტროლოა მონეტარული პოლიტიკა (ანუ ის, რამდენი არსებობს ბაზარზე, რა მოთხოვნა-მიწოდება აქვს), სტაბილურ ქოინში არსებობს ორგანიზაცია, როგორც დღეს, ჩვენი ფულის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი, აკონტროლებს ამ მოულოდნელი ინფლაციური და დეფლაციური მომენტებს და ცდილობს შეინარჩუნოს კურსი. სწორედ ასეთი პოლიტიკაა ჩაშენებული „ლიბრას“ ასოციაციაში.
M: თუ ბიტკოინის შემთხვევაში მონაცემები არ გროვდებოდა ერთ ადგილას, ანუ კონკრეტულ ინსტიტუციას არ ჰქონდა წვდომა მათზე, შესაბამისად კი, არ გვქონდა კონტროლის მექანიზმი, ლიბრა ეყრდნობა კორპორაციის პრინციპს. აქ, ამ ეტაპზე, გაერთიანებულია 28 ორგანიზაცია, რომელსაც ამ მონაცემებზე წვდომა, სხვა მხრივ კი, შესაძლოა, გლობალური მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის ძალა ექნება. ვამბობთ, რომ ეს იდეოლოგიური ბრძოლაა ფულზე სახელმწიფოს მონოპოლიის წინააღმდეგ, თუმცა, ლიბრას სახით, ხომ არ ჩნდება ფულზე მონოპოლიის ახალი, გლობალური „თავკომბალა“?
ამის ანალიზს როცა ვაკეთებთ, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, დავინახოთ სად ვდგავართ დღეს. დღეს ვართ ჩაკეტილ ველზე და არც წარმოგვიდგენია, როგორია ცხოვრება იქ, სადაც ალტერნატიული ფული და არჩევანი არსებობს. ტოტალურ დიქტატურაში ვცხოვრობთ ფულის კუთხით. უნდა გვეშინოდეს თუ არა, რომ გაჩნდება კერძო თავკომბალა, რომელიც გაარღვევს ამ რეგულაციურ ვაკუუმს. არ უნდა გვეშინოდეს და რატომ? იმიტომ, რომ ფეისბუკის და ნებისმიერი ამ კორპორაციის გამარჯვება დღეს ამ ველზე გახსნის სხვებისთვისაც ბაზარს. ეს ნიშნავს, რომ თუ ფეისბუკი დღეს არის ყველაზე დიდი და მან მოახერხა ამ ბრძოლის მოგება, მას მიყვება სხვა კომპანიები, აუცილებლად. ისინი ლოკალურ, რეგიონალურ დონეზე დაიწყებენ ფულის, როგორც პროდუქტის წარმოებას და საბოლოო ჯამში, ეს მიგვიყვანს კონკურენტულ გარემომდე, რაც ნიშნავს, რომ ყოველთვის გვექნება საშუალება, ჩვენს სმარტფონებში შევიდეთ და წავშალოთ აპლიკაცია/ვალუტა, რომელიც არ მოგვწონს.
მე მჯერა, რომ ფეისბუკს მეტი მოტივაცია და უნარი აქვს იმისათვის, რომ ჩემი მონაცემები დაიცვას, ვიდრე ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურას. ბევრად საინტერესოა სახელმწიფოსთვის ჩემი კონტროლი, ვიდრე ტექნოლოგიური კომპანიისთვის, რომელსაც, შესაძლოა, სარეკლამო მიზნები ამოძრავებდეს და ზოგადსტატისტიკური მონაცემებისთვის სჭირდებოდეს ინფორმაცია და არა პერსონიფიცირებისთვის“.

ხშირად ვიყენებთ გლობალური ეკონომიკის ცნებას, თუმცა, ამაზე საუბარს აზრი არ აქვს, სანამ ფული – მონეტარული ინსტრუმენტი არ გვექნება გლობალური. მანამ, სანამ ფული ათას ხელში უნდა გადავიდეს, ათასი რეგულაცია გაიაროს, სხვადასხვა ლიდერის ურთიერთობის გამო პოლიტიკურ ტყვეობაში უნდა იყოს. არადა, ამდენი რამე არ გვჭირდება მე და თქვენ, იმისათვის, რომ ფული და პროდუქტი გავცვალოთ ერთმანეთში“.
M: როგორი იქნება მომავალი – სამყარო, სადაც კერძო და სახელმწიფო ფული თანაარსებობს?
ჩვენ დუალმონეტარულ სამყაროში ვიცხოვრებთ, სადაც იქნება სახელმწიფოს მიერ გამოშვებული, ემიტირებული, კონტროლირებადი ფული და იქნება კორპორატიული, კერძო ფული – ცენტრალიზებული კრიპტოვალუტები. შევდივართ უკვე ამ რეჟიმში, ასე მგონია. ეს არის ძალიან გადამწყვეტი ბრძოლა, ჩემი აზრით და ეს არის ის, რაც კაცობრიობას გადაიყვანს რაღაც ახალ, გლობალურ დონეზე. ლიბრას კუთხით, ყველა ონლაინ ბიზნესი, რომელიც ბარათს ატარებს, არის მის ასოციაციაში გაერთიანებული კომპანიის კლიენტი („მასტერქარდის“, „ფეიფალის“ და ა.შ.). თუ ამათმა მოიგეს ეს ომი, ყველა კომპანია იწყებს ანგარიშსწორებას ამ ერთეულში. რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს გაუჩნდება ამ ფულის გამოყენების საშუალება. შესაბამისად, მისი შენახვის სურვილი. ასე გავალთ გლობალური ვალუტის არსებობაზე. თუ ლიბრა დაუშვებს შეცდომას, ვიღაც სხვა აუცილებლად მოაწყობს ამ რევოლუციას და ჩვენ დავიბრუნებთ კონტროლს ფულზე. იმ პერიოდში დავბრუნდებით, როცა ფული არ იყო სახელმწიფოს მიერ მოჭრილი მონეტა. როგორც ენა გაჩნდა, ისე გაჩნდა თავის დროზე ფული. როგორც ენა ევოლუცირდა, ისე უნდა ევოლუცირებულიყო ფულიც. თუმცა, ის რჩება ინსტრუმენტად, რომლითაც სახელმწიფოები ხელს აფათურებენ ადამიანების ინტერაქციაში, ზოგად მოლოდინებსა და ბაზარში. ჩვენ თუ მათ ამას წავართმევთ და დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევანს, მაშინ სახელმწიფოს ფორმატს, როგორსაც ვიცნობთ, აბსოლუტურად შევცვლით. წარმოიდგინეთ, რომ მართლა ის მოდელი შეგვიძლია ავაშენოთ, სადაც ჩვენ ვართ დამკვეთი, გადამხდელი და მომთხოვნი კონკრეტული სერვისების, რომელზეც პასუხისმგებელია ესა თუ ის ორგანო, თუ ინსტიტუტი და არა ის, ვიღაცას რომ მოუნდება და ფულს დაბეჭდავს, ვიღაცას სტატისტიკის დაწერა მოუნდება და ფულს გააუფასურებს და ა.შ.
რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა, რომ 28-დან ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია – PayPal ტოვებს ლიბრას ასოციაციას. ფეისბუკის მიერ, ლიბრაზე საუბრის დაწყებიდან დღემდე, არაერთი რეგულაციისთვის მიგვიდევნებია თვალი. რეგულაციებისთვის, რომელთა აუცილებლობის შესახებაც ხშირად ვისმენთ აშშ-ს სენატორებისა თუ სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი ფინანსური ინსტიტუციების წარმომადგენლობის მხრიდან. მაგალითად, ივლისში სოციალური ქსელი 5 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს, სენატი ლიბრას პერსონალური ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებულ უზუსტობებს ღიად უპირისპირებს და სწორედ ამ მიზეზით, შესაძლოა 2020 წელი ლიბრას გამოსვლის თარიღი აღარც იყოს… იქნება, თუ არა ფული „თავისუფალი“? ლაშა ანთაძე ამბობს, რომ ეს აუცილებლად მოხდება… „თუ ფეისბუკი ვერა, ამას სხვა გააკეთებს“, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯერ არავინ იცის, ვინ და როდის შეძლებს ფულის „გათავისუფლებას“.
ავტორი: ხატია თორდუა