Facebook-მა, შესაძლოა, მალე პოსტებზე რეაქციების რაოდენობა დამალოს, იმისათვის, რომ დაიცვას მომხმარებლები კონკურენციის გრძნობისგან, შურისგან და თვითცენზურისგან. აღნიშნული ცვლილება მკვლევარმა Jane Manchun Wong-მა შეამჩნია, ისევე, როგორც აპრილში, Instagram-ის შემთხვევაში, პირველმა გაავრცელა ინფორმაცია მოსალოდნელი ცვლილების შესახებ. დღეს, ინსტაგრამი მსოფლიოს 7 ქვეყანაში ფარავს მოწონებების რაოდენობას. ამ გზით, სოციალური ქსელის მომხმარებლები (პუბლიკაციის ავტორის გარდა) ვეღარ ხედავენ ლაიქების ჯამურ რაოდენობას, ცვლილების მიზანი კი მომხმარებლებში შედარებითობის მაჩვენებლის შემცირებაა.
ხშირად, ადამიანები ლაიქების რაოდენობის მიხედვით განსაზღვრავენ, თუ რამდენად სოციალურად სასურველები არიან, რამდენად მაღალია მათი გონებრივი შესაძლებლობები და რამდენად მოსაწონია მათი ფიზიკური მოცემულობები. იმედგაცრუება იმით, რომ კონკრეტული პოსტი სხვების მსგავს რეაქციების რაოდენობას არ იმსახურებს, იწვევს ფიქრს, რომ ის საკმარისად კარგი არ არის. შესაბამისად, ხშირია ასეთი პოსტების წაშლისა და საკუთარი თავით იმედგაცრუების შემთხვევებიც. მსგავსი ტენდენცია ტინეიჯერებში უფრო იჩენს თავს და შესაბამისად, სოციალური ქსელის მხრიდან, სოციალური იმედგაცრუებების შემცირებისა, თუ სხვებთან შედარებითობის მაჩვენებლის შესუსტების მიზნით გადადგმული ეს ნაბიჯი საკმაოდ მნიშვნელოვანია Facebook-ის მომხმარებელთა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, შესაბამისად კი, სოციალური ფუნქციონირებისთვისაც.