თუ აქამდე Facebook-ზე გაშვებულ Live ვიდეოებს როცა გინდოდათ, მაშინ ნახავდით, ახლა პლატფორმა გვეუბნება, რომ მათ მხოლოდ 30 დღის მანძილზე შეინახავს, შემდეგ კი წაშლის.
მეტიც, ყველა Live ვიდეო, რომელიც ამ ეტაპისთვის 30 დღეზე დიდი ხნისაა, პლატფორმიდან წაიშლება. თუმცა, სანამ ეს მოხდება, მომხმარებლები მიიღებენ შეტყობინებას და 90 დღე მიეცემათ, რათა გადაწყვიტონ, რა მოუხერხონ თავიანთ ძველ Live კონტენტს. შეუძლიათ ვიდეოები საკუთარ მოწყობილობებში ჩამოტვირთონ, კონტენტი Reels-ად აქციონ ან სხვა პლატფორმებზე შეინახონ.
„ეს ცვლილებები ჩვენი მეხსიერების პოლიტიკას ინდუსტრიის სტანდარტებს შეუსაბამებს და დაგვეხმარება Facebook-ის ყველა მომხმარებლისთვის უახლესი Live ვიდეოების გამოცდილების შეთავაზებაში“, — ვკითხულობთ Facebook-ის ბლოგში.
აღნიშნავენ, რომ თუ მომხმარებლებს მეტი დრო დასჭირდებათ ძველი Live ვიდეოების წასაშლელად, მათ შესაძლებლობა ექნებათ ეს პროცესი 6 თვით გადადონ. ხოლო ამის შემდეგ, თუ გადაწყვეტილება კვლავ არ ექნებათ მიღებული, ვიდეოები წაიშლება და ვეღარც წვდომას მიიღებენ მასზე.
თუმცა, ასე რომ არ მოხდეს, სპეციალურად ახალი გადმოწერის ხელსაწყოები შექმნა, რომლებიც მომხმარებლებს ძველი Live ვიდეოების ჩამოტვირთვას გაუმარტივებს.
ამისთვის უბრალოდ Download live videos უნდა აირჩიოთ შეტყობინებაში, რომელსაც მოსალოდნელი წაშლის ცნობით მიიღებთ. ალტერნატივა Transfer live videos გახლავთ, რომლითაც ვიდეოებს Dropbox-ზე ან Google Drive-ზე გადაიტანს.
როგორც ამბობენ, ამ ცვლილებით Facebook-ს სურს, Reels-ის გამოყენება წაახალისოს, ამიტომაც გვთავაზობს ერთ-ერთ ვარიანტად არსებული Live ვიდეოების Reels-ის ფორმატში წარდგენას…