არსებობის თითქმის 20 წლის მანძილზე Meta პირველად აძლევს მომხმარებლებს საშუალებას, Facebook-ზე რამდენიმე პერსონალური პროფილი შექმნან. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, სურთ, ადამიანებს საკუთარი თავის სხვადასხვა კუთხით წარმოჩენაში დაეხმარონ — „ზოგჯერ ცალ-ცალკე უფრო მარტივია“.
„შეიძლება, პირადი და პროფესიული ურთიერთობების განცალკევება გინდოდეთ, ან უბრალოდ სხვადასხვა საქმიან თუ მეგობრულ პარტნიორთან განსხვავებული სახით დაკავშირება. წარმოიდგინეთ, ერთი პროფილი კულინარიული ბლოგისთვის რომ გქონდეთ, მეორით კი უბრალოდ მეგობრებსა და ახლობლებს დაეკონტაქტებით“, — განმარტავს ტექნიკური გიგანტი.
რა თქმა უნდა, ინიციატივა გარკვეულ კვლევებს ემყარება, რომელთა ფარგლებშიც კომპანიამ დაასკვნა, რომ ადამიანებს სიამოვნებთ ყველაფრის ორგანიზება: მეგობრების, ჯგუფებისა და ინტერესების მიხედვით დაყოფა. ასე მათ უქრებათ შიში, ვინმესთვის შეუსაბამო ან მიუღებელი კონტენტი არ გააზიარონ — შესაბამისად, რამდენიმე პროფილს თუ გამოიყენებენ, სწორედ იმის მიხედვით განათავსებენ პოსტებს, ვისთვისაც სურთ მათი ჩვენება.
აქვე საგულისხმოა, რომ მეტამ აქამდეც გატესტა მსგავსი ფუნქცია, თუმცა მხოლოდ ინსტაგრამზე. ახლა კი რამდენიმე პროფილის შექმნის შესაძლებლობა გლობალურად გავრცელდება — თითოეულ მათგანს ექნება უნიკალური არხი შესაბამისი შინაარსით და მომხმარებლებს შეეძლებათ, ერთიდან მეორეზე მარტივად გადაერთონ, სისტემიდან გამოსვლა-შესვლის გარეშე.
ცნობისთვის, აქამდე კომპანიას საკმაოდ მკაცრი წესები ჰქონდა რამდენიმე ექაუნთის შექმნასთან დაკავშირებით. მათი ნახვა ჯერ კიდევ შესაძლებელია, რადგან ახალი ფუნქცია ჯერჯერობით მასიურად არ ამოქმედებულა: