ტექნიკურად „ჯიკების“ ფუნქციას არც არასდროს დაუტოვებია Facebook, მაგრამ პოპულარობა ნამდვილად დაკარგა… ოღონდ არა, ახალგაზრდა აუდიტორიაში, რის გამოც Facebook-მა Poke-ის გამოცდილების ცენტრალურ ნაწილად ქცევა გადაწყვიტა.
ახლა მომხმარებლებს შეუძლიათ, მეგობრებს თავიანთ Facebook პროფილზე არსებული ცალკეული ღილაკით უჯიკონ, რის შემდეგაც რეციპიენტი ჯიკების შეტყობინებას მიიღებს. მეტიც, Facebook-ის მომხმარებლებს შეეძლებათ იმის ნახვა, თუ ვინ უჯიკა მათ და მეგობრების პოვნაც facebook.com/pokes-ზე, რათა თავადაც გაეხუმრონ. ამ გვერდზე მეგობრებთან ჯიკებების რაოდენობის დათვლასაც შეძლებენ, ასევე აქვთ საშუალება, დააიგნორონ ჯიკებები, თუ მაგალითად საპასუხო დარტყმის განხორციელება არ სურთ.

Poke-ებზე თვალყურის დევნების ფუნქცია უმეტესად იმისთვისაა, რომ ახალგაზრდა აუდიტორია მიიზიდოს, რომელიც, თავის მხრივ, სოციალურ აპლიკაციებში ჩაშენებულ თამაშის ელემენტებს არის მიჩვეული. ამიტომაც ჯიკების რაოდენობის დათვლით და Facebook-ისთვის ერთ-ერთ წამყვან ფუნქციად ქცევით, მეტასაც მსგავსი ჩართულობის მექანიზმის შექმნა აქვს მიზნად დასახული — როცა გაზრდიან ჯიკების რაოდენობას მეგობართან, მეგობრის სახელის გვერდით განსხვავებული სიმბოლოები გამოჩნდება, მაგალითად ცეცხლის ემოჯი ან 100.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა Facebook-მა ჯიკების ფუნქციის გააქტიურება სცადა. გასული წლის მარტში მომხმარებლებს ჯიკების პოვნა გაუმარტივა, რამაც თვეში Poke-ების რაოდენობა 13-ჯერ გაზარდა!
და თუ რატომ უნდა უჯიკოთ სხვას, ეს თქვენი გადასაწყვეტია. მით უმეტეს, რომ Facebook-ს არასდროს განუმარტავს Poke-ის მიზანი და ინტერპრეტაციის საშუალება დაგვიტოვა. ასე რომ, თავად გადაწყვიტეთ, Poke-ით ვინმეს ყურადღებას მიიპყრობთ, ეფლირტავებით თუ უბრალოდ ნერვებს მოუშლით…











