19
Aug
2019

Facebook-ის Pop-Up კაფეები – პასუხი კონფიდენციალობასთან დაკავშირებულ სკანდალზე

19 Aug 2019

Facebook-ს ბევრი რამ შეიძლებოდა მოეფიქრებინა, რომ მომხმარებლების კონფიდენციალური ინფორმაციისა და პირადი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული სკანდალი „ჩაეცხრო“. მაგრამ, სოციალური ქსელის ხელმძღვანელობამ, რატომღაც, Pop-Up, იგივე დროებითი კაფეების გახსნა გადაწყვიტა. როგორც Forbes წერს, აქ მომხმარებლები თავიანთი პარამეტრებს შეამოწმებენ და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტებს მიმართავენ, დახმარებისთვის.

Photo Credit: The Drum

„სანამ თქვენი ყავა მომზადდება, ჩვენს Pop-Up-ებში სპეციალისტები დაგეხმარებიან და გირჩევენ, როგორ შეცვალოთ პარამეტრები, რომ თქვენი კონფიდენციალობა მაქსიმალურად იყოს დაცული “ – ამბობს Facebook-ის ევროპის წარმომადგენლობის ვიცე-პრეზიდენტი.

ოფიციალური ინფორმაციით, Facebook-ის Pop-Up კაფეები ბრიტანეთის მასშტაბით, 5 სხვადასხვა ლოკაციაზე, 28 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე იმუშავებს. ყველა მომხმარებელი, ვინც შეამოწმებს, რამდენად დაცულია მათი კონფიდენციალური მონაცემები, უფასო ყავასაც მიიღებს. როგორც სოციალური ქსელის წარმომადგენლები ამბობენ, უმრავლესობამ არ იცის, როგორ შეცვალოს პირადი მონაცემები და Pop-Up-ის გახსნის მთავარი მიზანიც მომხმარებელთა დახმარება და კონფიდენციალობის საკითხთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაა.

თუმცა, „კონფიდენციალობის შემოწმებას“ Facebook ისედაც სთავაზობს მომხმარებლებს, მაგრამ, როგორც წესი, ამ პარამეტრებს, ძალიან ცოტა ადამიანი იყენებს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივლისში, პირადი მონაცემებით მანიპულირებისთვის, Facebook-ს $5 მილიარდამდე ჯარიმა დაეკისრა. რამდენიმე დღის წინ კი სოციალური ქსელის წარმომადგენლებმა თავად აღიარეს, რომ მომხმარებელთა ხმოვან შეტყობინებებს უსმენდნენ.

 

განხილვა