in

Facebook-ში ცვლილებებია — რას მოიცავს ახალი ფუნქციები და დიზაინი?

ამბავი ასეთია: მეტა თავის საკულტო აპლიკაციას იმგვარი ფუნქციებით აახლებს, რომლებიც მეგობრების დაკავშირებაზეა ორიენტირებული, დიზაინის ცვლილებებსაც გვთავაზობს, რომლებიც განახლებულ ფოკუსს მოიცავს კარგად ნაცნობ Facebook Marketplace-ზე. 

პლატფორმის სამომხმარებლო ბაზა კი ბერდება, მაგრამ Facebook-ს მისი გაახალგაზრდავება სურს. ამიტომაც ცვლილებების სამიზნე სეგმენტი ახალგაზრდა თაობაა, მათ კი, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად Facebook Marketplace იზიდავთ. ყოველი შემთხვევისთვის ამერიკაში ამგვარი სტატისტიკაა. 

შესაბამისად, თუ აქამდე Marketplace-ის ნახვა More-ის ჩამონათვალიდან შეგეძლოთ, განახლების შედეგად, აპლიკაციის ქვედა ნავიგაციის ზოლში იხილავთ, ზუსტად იქ, სადაც Reels და Friends გვხვდება. პროფილის ჩანართიც აქვე დარჩება, თუმცა მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოცდილება საკუთარ სურვილებს მოარგონ. 

კიდევ ერთი ცვლილება რედიზაინის ფარგლებში სურათზე ორჯერ დაკლიკებით მოწონებაა, ზუსტად ისე, როგორც ეს ინსტაგრამზე ხდება. Search კი ისე იცვლება, რომ მეტად იმერსიული ჩარჩო შესთავაზოს კონტენტის ყველა ტიპს. საინტერესოა რომ განახლების ფარგლებში Facebook-ის მთლიან ეკრანზე დათვალიერებასაც შეძლებთ.

როგორც ამბობენ, Story-ებისა და ჩვეულებრივი პოსტების შექმნაც გამარტივდება, რადგან მუსიკების დამატებისა თუ მეგობრების მონიშვნის ხელსაწყოები ახლა მეტად ხილული გახდება. კომენტარებში დატოვებულ პასუხებსაც უფრო მარტივად იხილავთ, ახალი ბეიჯებიც დაგხვდებათ აქ და კომენტარის დაპინვის შესაძლებლობაც. მეტა ფიქრობს, რომ ასე მარტივი გახდება იმის მიხვედრა, თუ რაზე საუბრობენ კომენტარებში, ხოლო დამატებითი საკონტროლო ფუნქციები კრეატორებსა და ადმინებს საუბრების უკეთ მონიტორინგის შესაძლებლობას მისცემს. 

მეტიც, ყველას შეეძლება არარელევანტური კომენტარები ანონიმურად მონიშნოს ან ის მომხმარებლები, რომლებზეც ფიქრობენ, რომ საუბარს ხელს უშლიან. ხოლო Feed-ში მათ უკუკავშირის დატოვებაც შეეძლებათ, თუ რატომ არ მოსწონთ კონკრეტული ვიდეო ან რილსი, რათა მათივე გამოცდილება მომავალში უფრო პერსონალიზებული გახდეს. ცვლილებები მომხმარებელთა პროფილებშიც გვხვდება, სადაც უკვე მეტი ინფორმაციის დამატებაა შესაძლებელი საკუთარ ინტერესებზე, ჰობებსა თუ მოგზაურობაზე, იმაზე, თუ რომელი სატელევიზიო შოუ მოგწონთ, რომელ მუსიკას უსმენთ და სხვა. 

რაც შეეხება ჩართულობის ზრდისთვის პროფილის ყველა სიახლის საჯაროდ გამოქვეყნებას, იქნებოდა ეს ქავერისა თუ პროფილის ფოტო, რომელიც ბევრ მომხმარებელს აღიზიანებდა, ახლა Facebook ჩვენ მოგვანდობს, გადავწყვიტოთ, გვენდომება თუ არა მსგავსი სიახლეების გაზიარება. 

ამგვარი ცვლილებებით კი ცდილობს, მეგობრების დაკავშირების სივრცედ ჩამოყალიბდეს, იმით, რითაც ერთ დროს იყო ცნობილი… მანამ, სანამ ახალი ამბებისა და კრეატორების ვიდეოებს მიანიჭებდა უპირატესობას…  Facebook-ის ახალი ფუნქციები გლობალურად მომდევნო კვირებში ჩაეშვება, თუმცა ზოგიერთი მხოლოდ მობილურ ვერსიაზე იქნება ხელმისაწვდომი. 

„მთავარია, გჯეროდეს, რომ ყველაფერი გამოვა“ – ნათელა გრიგალაშვილი

როგორ ვაქციოთ ჩვენი სურვილები რეალურ მიზნად?!