in ,

„უფლებების მენეჯერი“ ფოტოგრაფებისთვის – Facebook თქვენს საავტორო უფლებებს დაიცავს

შესაძლოა, მალე დასრულდეს დრო, როცა Instagram-სა თუ Facebook-ზე, ავტორის მითითების გარეშე დადებულ გამოსახულებებს ვხედავდით. მით უფრო სასიხარულო შეიძლება იყოს ეს სიახლე ფოტოგრაფებისთვის, ან გრაფიკული დიზაინერებისთვის, რომლებსაც, ხშირად, კომენტარებში უწევდათ საკუთარი ნამუშევრის კრედიტების წერა.

ამიერიდან, Facebook მოგვცემს საშუალებას მეტი კონტროლი გვქონდეს იმ გამოსახულებებზე, რომლებიც ჩვენ გვეკუთნის, ამას კი სპეციალური პლატფორმის – Rights Manager დახმარებით გვთავაზობს. სოციალურმა ქსელმა უკვე დაიწყო ამ პლატფორმის ტესტირება. Rights Manager-ზე, ერთი მხრივ, ჩვენ მიერ გადაღებული, თუ შექმნილი გამოსახულებების ატვირთვა და მათ საავტორო უფლებებზე პრეტენზიის განცხადება შეგვიძლია, მეორე მხრივ კი, პლატფორმა გვამცნობს, თუ ვინმე ჩვენი ნამუშევრის დადებას ცდილობს. ეს ვრცელდება როგორც ფეისბუკზე, ასევე, ინსტაგრამზე. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ჩვენს ნამუშევრას საავტორო უფლებების დარღვევით ტვირთავს, ჩვენ ვიღებთ შეტყობინებას და ჩვენს ხელთაა, დავრთავთ ნებას გამოსახულების გამოსაქვეყნებლად, თუ არა. 

Facebook-ის მიზანია ეს ფუნქცია ნებისმიერი ფოტოგრაფისთვის, გრაფიკული დიზაინერისთვის თუ უბრალოდ, მოყვარულისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. დაახლოებით იგივე რამ უკვე ამოქმედებულია მუსიკისა და ვიდეოს კუთხით (სწორედ ამიტომ ბლოკავს ფეისბუკი ზოგჯერ ჩვენს ვიდეოებს, სადაც ცნობილ მუსიკას, ან კადრებს ვიყენებთ). Instagram თუ Facebook გვერდი, რომელიც ამა თუ იმ გამოსახულების ავტორად უთითებს თავს, შეძლებს როგორც სხვების მეირ გამოქვეყნებული ფოტოების წაშლას (საავტორო უფლებების დარღვევის გამო), ასევე პოსტის გავრცელების გეოგრაფიული არეალის შეზღუდვას. 

რა პროცედურების გავლა დასჭირდება Right Manager-ში, ფოტოზე საავტორო უფლების მოთხოვნას
გამოსახულების ავტორმა უნდა ატვირთოს CSV ფაილი, Facebook-ის Rights Manager-ში, რომელიც გამოსახულებასთან დაკავშირებულ მეტამონაცემებს მოიცავს. აქვე განსაზღვრული იქნება, თუ რა გეოგრაფიულ არეალზე ავრცელებს ავტორი თავის საავტორო უფლებებს. როცა „უფლებების მენეჯერი“ დაასრულებს ატვირთული მეტამონაცემებისა და გამოსახულობის ავთენტურობის ვერიფიცირებას, ის სისტემაში ჩაუშვებს გამოსახულებას, რის შემდეგაც შეძლებთ გააკონტროლოთ, ვინმე დაპოსტავს თუ არა თქვენს საავტორო ნამუშევარს. იმ შემთხვევაში, თუ ერთ გამოსახულებაზე ორი ავტორი აცხადებს პრეტენზიას, ფეისბუკი უპირატესობას ანიჭებს იმას, ვინც პირველად ატვირთა მონაცემები Rights Manager-ზე. თუმცა, არსებობს სხვა პროცედურებიც, რომელიც შეიძლება მოდავე მხარეებს უფრო სამართლიანი შედეგის მიღებაში დაეხმაროს (მაგ, IP reporting forms).

ამ სიახლემ შეიძლება შეცვალოს ის პრაქტიკა, რომელსაც ამ ეტაპზე, ინსტაგრამი ეყრდნობა. სხვადასხვა გვერდი სხვადასხვა ავტორის ფოტოს ავრცელებს, რიგ შემთხვევაში კი, ავტორს მხოლოდ მონიშნავს ხოლმე. ეს გამოსახულების მეტ ადამიანამდე მიტანის კარგი საშუალებაა, თუმცა, ამიერიდან ავტორი შეძლებს მართოს, რა გვერდებზე უნდა მისი ფოტოს გამოჩენა და რა გვერდებზე – არა. განსაკუთრებით საინტერესო იქნება ეს სიახლე მიმების შემთხვევაში, რადგან ამ ტიპის კონტენტი ისეთი სისწრაფით, იმდენ გვერდზე ვრცელდება, რომ თითქმის შეუძლებელია მისი ავტორის პოვნა.

„მაგთის“ რებრენდინგი – განახლებული ლოგო, დამატებითი სერვისები და ახალი სიმღერა

MRKT „სელერებს“, 100 დღით, საკომისიოს უხსნის და სრულად უფინანსებს გზავნილის ტრანსპორტირებას