Facebook მომხმარებლებს ატყობინებს, რომ მომავალი თვიდან მათი პროფილებიდან ინფორმაციის 4 ველს ამოშლის. ეს მოიცავს რელიგიურ და პოლიტიკურ შეხედულებებს, მისამართებსა და Interested in ველს, რაც მომხმარებლის სექსუალურ ორიენტაციაზე მიუთითებს. ცვლილება კი ძალაში 1 დეკემბერს შევა. ამის მიზეზად სოციალური ქსელის გამარტივებას ასახელებენ…
„როგორც ჩვენი ძალისხმევის ნაწილი, გავხადოთ Facebook-ის გამოყენება უფრო მარტივი, ვშლით პროფილის რამდენიმე ველს: Interested In, მისამართებს, პოლიტიკურ და რელიგიურ შეხედულებებს. ვუგზავნით შეტყობინებებს იმ ადამიანებს, რომელთაც ეს ველები შევსებული აქვთ და ვეუბნებით, რომ მალე წაიშლება. თუმცა ამ ცვლილებას გავლენა არ აქვს ვინმეს შესაძლებლობაზე, გააზიაროს ეს ინფორმაცია პლატფორმის სხვა ნაწილში“, — აცხადებენ Facebook-ში.
საინტერესოა ისიც, რომ საინფორმაციო ველებს, რომლებსაც ახლა ფეისბუქი შლის, სხვა სოციალური ქსელები არ გვთავაზობს. მაგალითად, Instagram-სა და TikTok-ს მარტივი ბიოგრაფიები აქვს, რომლებიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, გააზიარონ ცოტა რამ საკუთარი თავის შესახებ, კონკრეტული დეტალების გარეშე. ადრე ადამიანები დაინტერესებულნიც იყვნენ ამ ველების შევსებით, მაგრამ კონფიდენციალურობის დარღვევის ფაქტების გამოვლინების შემდეგ, შესაძლოა, მათ აღარც სურდეთ ონლაინ სივრცეში საკუთარი თავის შესახებ დამატებითი დეტალების გაზიარება.