in

უბრალოდ სოციალური ქსელი თუ მეტი? – Facebook-ის წარმატების ისტორია

როდესაც ვსაუბრობთ 21-ე საუკუნის წარმატების ისტორიებზე, გვერდს ვერასოდეს ავუვლით კომპანიას, რომელმაც მსოფლიო დონის გარდატეხა მოახდინა სოციალურ მედიაში, ეს არის Facebook და ახლა უკვე Meta. ერთი ჩვეულებრივი სოციალური ქსელი, რომელიც 2003 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დააარსეს, რამდენიმე წელიწადში ინტერნეტჰიტად იქცა, რომელსაც მილიარდობით წევრი გაუჩნდა. მეტიც, მან გააჩინა ახალი პროფილები და მიმართულებები და შეცვალა სოციალური მედიის მუშაობის სისტემა.

istoriebi
istoriebi

დღეს უკვე ეპოქალური მნიშვნელობის მქონე სახელი და გვარი მარკ ცუკერბერგი ვერ წარმოიდგენდა იმ წარმატებას, რასაც მიაღწიაო, რთული სათქმელია, რადგან ამბიციური და ნიჭიერი ახალგაზრდა თავიდანვე სწორ სვლებს აკეთებდა და შორს იყურებოდა, თუმცა გზა, რომელიც მისმა კომპანიამ facebook-დან Meta-მდე გაიარა, უეკლო ნამდვილად არ ყოფილა. 

ადრეული წლები

მარკ ცუკერბერგთან ერთად ფეისბუკი ედუარდო სავერინმა, კრის ჰიუზიმ, დასტინ მოსკოვიცმა და ენდრიუ მაკკოლუმმა შექმნეს. თუმცა მაშინ ვებსაიტს FaceMash ერქვა. ეს ხდებოდა ჰარვარდის საერთო საცხოვრებელში. მისი საწყისი გვერდი, რა თქმა უნდა, არ ჰგავდა დღევანდელი სოციალური მედიის გიგანტს. მეტიც, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ის კრიტიკის ქარცეცხლშიც გაატარა ცუკერბერგის იმ პოლიტიკის გამო, რაც დაწესებულების არქივიდან ფოტოების ამოღებას გულისხმობდა.

ცუკერბერგს სურდა, რომ ვებსაიტი რაც შეიძლება მეტი მომხმარებლით შეევსო, ამიტომ მან გატეხა ჰარვარდის ჩანაწერების სერვერი და განათავსა თავის საიტზე სათაურით – hot or not? ამან იმუშავა და ვებსაიტმა 20000-ზე მეტი ნახვით მოიპოვა პოპულარობა მუშაობის პირველივე 4 საათში.

მაგრამ როდესაც ცუკერბერგმა და მისმა თანადამფუძნებლებმა გააცნობიერეს ვებსაიტის, როგორც სოციალური კავშირების ინსტრუმენტის პოტენციალი, მათ განიხილეს დაფინანსების ვარიანტები, რომლებიც დაეხმარებოდათ თავიანთი ვებსაიტის გაფართოებაში როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო წარმატებისთვის.

ინვესტიციების მოპოვება

პირველი ინვესტიცია $500,000 გუნდის წევრებმა სან-ფრანცისკოში მიიღეს პიტერ ტიელისგან, რომელმაც დაინახა ვებსაიტის პოტენციალი. თავდაპირველად ის მხოლოდ უნივერსიტეტებზე იყო გათვლილი და მასზე რეგისტრაცია edu ელ. ფოსტის მისამართით შეიძლებოდა, თუმცა მოგვიანებით, შეერთებული შტატების დაფარვის შემდეგ, მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უბრალოდ ვებგვერდი კი აღარ იყო, არამედ მასშტაბურ სოციალურ ქსელად იქცა. 

2005 წელი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო კომპანიისთვის. სწორედ მაშინ დაიბადა საიტზე განთავსებულ ფოტოებზე ადამიანების „ტეგის“ იდეა. ტეგები გამოიყენებოდა საკუთარი თავის და სხვების იდენტიფიცირებისთვის იმ ფოტოებში, რომლებიც ხილული იყო სხვა Facebook მეგობრებისთვის. ამ წლის ბოლოსთვის მას ყოველთვიურად ექვსი მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა.

Facebook – ბიზნეს მოდელი და შემოსავლის მოდელი

იქიდან გამომდინარე, რომ სოციალურ ქსელი ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის უფასო იყო, საზოგადოებას უჩნდებოდა კითხვა, რით შოულობდა შემოსავალს დამფუძნებელი გუნდი და რატომ იყო ეს ბიზნესი წარმატებული.

Facebook-ის ბიზნეს სტრატეგია ორიენტირებულია თავისი ტექნოლოგიის მილიარდობით მომხმარებლისთვის უფასოდ მიწოდებაზე და შემდეგ ამით ფულის გამომუშავებაზე. ის ბიზნესს საშუალებას აძლევს, განათავსონ რეკლამები Facebook-ის მომხმარებლებისთვის. რეკლამის განმთავსებლები იხდიან Facebook-ის აუქციონზე დაფუძნებულ ფასებს მიწოდებისა და მოთხოვნის შესაბამისად, რაც კომპანიის ყულაბაში გროვდება. რეკლამებმა 2020 წელს Facebook-ის 86 მილიარდი დოლარის შემოსავლის 98% შეადგინა.

ამასთან, Facebook Shops-ის ამოქმედებით, Facebook-ის ელექტრონული კომერციის შესაძლებლობები კიდევ მეტად გაიზარდა. კომპანიის ფოკუსირება კი მცირე კომპანიებზე ბევრად უფრო აშკარა გახდა. 

ის იქცა პლატფორმად, რომელიც ჯერ კიდევ თითქმის უკონკურენტოდ იკავებს ლიდერ პოზიციებს. იმის გათვალისწინებით, რომ მის შემადგენლობაშია Instagram-იც, მეორე დიდი სოციალური ქსელი. 

მეტავერსი

მარკ ცუკერბერგი ის პიროვნებაა, რომელიც არასოდეს გაჩერებულა მიღწეულზე და უთქვამს – „მე უკვე ყველაფერს მივაღწიე, რაც მინდოდა, კმარა!”. ის მეტისკენ მიისწრაფვის და სწორედ ეს მისწრაფება ხდება გასაღები, რომლითაც ყველა კარს მარტივად აღებს. 

გლობალური პანდემიის შემდეგ, როცა კომპანიებს დიდი ზარალი მიადგათ, 2021 წელს ის გამოვიდა მეტავერსის შექმნის იდეით. უფრო სწორად, იდეა უფრო ძველია, თუმცა ამ იდეის პოპულარიზაცია უკვე ოფიციალურად ამ დროიდან დაიწყო. 

პირველი, რაც მომხმარებელმა შეამჩნია, იყო, facebook აპლიკაციაში შესვლისას დაწერილი ახალი სახელი Meta. მალევე გახდა ცნობილი, რომ Facebook დაკავებულია თავისი მეტავერსის გაფართოებით და ახალი, ვირტუალური სამყაროს შექმნით, სადაც როგორც პლანეტის ნებისმიერ მოქალაქეს, ისე კომპანიებს შეეძლებათ საკუთარი მიკროსამყაროს შექმნა.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

“თეგეტა ჰოლდინგის” საახალწლო კამპანია

ინოვაცია ცვალებად დროში: გაკვეთილები 2022 წლიდან