თუ თავდაპირველად მეტამ Teen Accounts ამერიკაში, გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიასა და კანადაში გახადა ხელმისაწვდომი, ახლა ვიგებთ, რომ სატესტო ფაზამ წარმატებით ჩაიარა და თინეიჯერების ექაუნთები უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.
თავად ამ ამბის საფუძველი კი ამერიკელი იურისტების წუხილი გახდა, რომ სოციალური მედიები თინეიჯერებს საკმარისად ვერ იცავდა… ახლა კი ფუნქციის გლობალურად ჩაშვებით, მოზარდები ავტომატურად მიიღებენ იმგვარ გამოცდილებას, რომელიც არასათანადო კონტენტსა და არასასურველ კონტაქტს ზღუდავს. 16-წლამდე თინეიჯერებს კი მშობლების ნებართვა დასჭირდებათ პარამეტრებში ნებისმიერი ცვლილების განსახორციელებლად.

ამასთან, თინეიჯერები მხოლოდ იმ ადამიანებისგან მიიღებენ შეტყობინებებს, რომელთაც თავად მიჰყვებიან ან რომელთანაც მანამდე თავად მიუწერიათ. ხოლო Story-ების ნახვა და პასუხების დაბრუნება მხოლოდ მათ მეგობრებს შეეძლებათ. რაც შეეხება თაგებს, მონიშვნებსა და კომენტარებს, მხოლოდ იმ ადამიანებთან შეძლებენ, რომელთაც მიჰყვებიან ან მეგობრებში ჰყავთ.
მეტიც, შეტყობინებებსაც მიიღებენ სოციალური ქსელის დატოვების შესახებ მას შემდეგ, რაც დღის მანძილზე 1 საათს გადააჭარბებენ, ღამით კი Quiet Mode გაუაქტიურდებათ.
თინეიჯერების ანგარიშების გარდა, მეტა School Partnership Program-საც უშვებს, რომელიც განმანათლებლებს საშუალებას აძლევს, მოახსენონ პლატფორმას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ბულინგიც. ეს ინსტაგრამშივე მოხდება და კონტენტი განხილვის შემდგომ, სწრაფად წაიშლება. თუმცა აღნიშნული ჯერ მხოლოდ ამერიკაში იქნება ხელმისაწვდომი.












