როგორც ჩანს, Facebook-ს სურს, მეტად მოერგოს ახალგაზრდების მოთხოვნებს და თანამედროვეობისთვის რელევანტური გახდეს. Poking ფუნქციის აღორძინების შემდეგ, Meta-ს საკუთრებაში არსებული ქსელი ახლა ცდილობს, კონკურენცია გაუწიოს TikTok-ს. ამიტომაც, ვიდეო პლეიერს ანახლებს — „კაპიტალური ცვლილება“ ვერტიკალურ დიზაინს ანიჭებს პრიორიტეტს, რომელიც უფრო თანმიმდევრულ გამოცდილებასთან იქნება დაკავშირებული. ამიერიდან ის ერთიანი ინტერფეისით იქნება აღჭურვილი, სადაც ყველა ვიდეო — განურჩევლად სიგრძისა და ტიპისა — სრული ეკრანის ვერტიკალურ ფორმატში გაიხსნება.
მიუხედავად იმისა, რომ ნაგულისხმევად ვერტიკალური ფორმატი იქნება, მომხმარებლები მაინც შეძლებენ სრულეკრანიანი ლანდშაფტის არჩევას; მთავარია, ჰორიზონტალურად იყოს გადაღებული. ამავდროულად, იფუნქციონირებს სლაიდერი, რათა გრძელი ვიდეოების გადახვევა მარტივად შევძლოთ. ხოლო ეკრანზე შეხებით გამოჩნდება დაპაუზებისა და 10-წამიანი გადახვევის ფუნქცია.
დიზაინის ეს არჩევანი ადაპტირდება სოციალური მედიის მოხმარების უფრო ფართო ტენდენციასთან — სულ უფრო მეტად ვიყენებთ სმარტფონებს, ვერტიკალური ფორმატი კი მობილურ გამოცდილებას აუმჯობესებს. შესაბამისად, ზეტ თაობის პრეფერენციებსაც შეესაბამება.
გარდა ამისა, Facebook ინდივიდუალურ ინტერესებსაც გაითვალისწინებს როგორც ვიდეოჩანართში, ისე Feed-ზე.
თავდაპირველად სიახლე მხოლოდ აშშ-სა და კანადაში ამოქმედდება, უახლოეს თვეებში კი გლობალურ ბაზარს მოიცავს.