ამასობაში Facebook-შიც სიახლეებია… Meta Facebook-ის ვიდეო ჩანართს ინსტაგრამის სტილში წარმოგვიდგენს. Facebook Watch უბრალოდ Video ხდება და რებრენდინგის პარალელურად, რამდენიმე განახლებასა და ფუნქციასაც ვეცნობით, რომლებიც მიზნად სწორედ მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებას ისახავს.
მეტამ Facebook Watch 2018 წელს წარმოგვიდგინა და წლების მანძილზე მრავალი ტრანსფორმაცია შემოგვთავაზა. ახლა კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამატება Reels-ის პოპულარული რედაქტირების ხელსაწყოების დანერგვაა. მართალია, პოპულარობა ინსტაგრამის მეშვეობით მოიპოვა, მაგრამ უკვე Video-შიც შეგვხვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს კრეატიული რედაქტირების ხელსაწყოების ფართო სპექტრზე ექნებათ წვდომა — იქნება ეს სიჩქარის ცვლილება თუ HDR ვიდეოების მხარდაჭერა.
ვიდეოებში აუდიო ნაწილის მნიშვნელობის გააზრებით, Facebook ამ ფუნქციებსაც აუმჯობესებს — მომხმარებლები უფრო მარტივად შეძლებენ თავიანთი კონტენტისთვის მუსიკის პოვნას, შეამცირებენ ხმაურს და ხმებსაც კი ჩაწერენ. მეტიც, ახალ Explore განყოფილებას წარმოგიდგენთ, რომელიც კვლავ ინსტაგრამს მოგაგონებთ… აქ უკვე ტრენდულ ვიდეოებსა და პერსონალიზებულ რეკომენდაციებს შემოგთავაზებთ, შესაბამისად, ასე მომხმარებლებს ახალი კონტენტის აღმოჩენის შანსიც ეძლევათ.
ხოლო ინსტაგრამსა და რილსს შორის გაძლიერებული ინტეგრაციით ახალი ვარიანტიც გაჩნდა, რაც Reels კონტენტის ორივე პლატფორმაზე გაზიარებას გულისხმობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს უფრო ფართო აუდიტორიაზე გასვლის შანსი ეძლევათ. თუმცა ეს კავშირი ამით არ მთავრდება — Facebook-სა და Instagram-ზე რილსის კომენტარები გაერთიანდება და ამ ორ აპლიკაციას შორის თითქმის უხილავ ინტერაქციას გვაჩვენებს.