Facebook-მა დიდი და გრძელი გზა გაიარა პირველი დღეებიდან ამ დრომდე. თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ კი სოციალური ქსელი კვლავ ცვლილებების გზას ადგას, რაც მის ვიზუალზე აისახა — როგორც თავად ამბობენ, სურთ, ბრენდს ახალი სიცოცხლე მიანიჭონ და მზარდი რაოდენობის აპლიკაციების ფონზე გამორჩეული სახე შეინარჩუნონ.
ამჟამად ფეისბუქის ტრანსფორმაცია განახლებულ, განსხვავებული ტონის ლურჯ ლოგოს, განახლებულ ფერთ პალიტრას, ტიპოგრაფიას და იკონოგრაფიას მოიცავს — ეს ყველაფერი კი მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას ემსახურება. მეტად „ელექტრული“ ლურჯი ფერი საკულტო ლოგოში ძლიერ კონტრასტს ქმნის, გაქრა გრადიენტებიც. ამავდროულად, კვლავ რჩება ნაცნობობის განცდა და შეიძლება, ზოგიერთმა მომხმარებელმა ვერც შეამჩნიოს ცვლილება.
„ჩვენი მუშაობის მიზანი ბრენდის გაფართოება და მისი განმსაზღვრელი ნიშნების დახვეწა იყო, რომლებიც იდენტობის სისტემას აყალიბებს. გვინდოდა, განახლებულ ლოგოში ნაცნობობის განცდა შეგვენარჩუნებინა, მაგრამ მეტად დინამიკური და ელეგანტური გაგვეხადა“, — განმარტავს Facebook-ის დიზაინის დირექტორი დეივ ნგუენი.
ამასთანავე, დიზაინერთა ჯგუფმა კომპანიის სპეციალური შრიფტი Facebook Sans გამოიყენა, რათა სიტყვები და ლოგო მეტად თანმიმდევრულად დაემუშავებინა. ამ ყველაფერს ემატება განახლებული ფერთა პალიტრა, რომელიც სავსეა ახალი ფერებით, ტონებითა და კონტრასტული კოეფიციენტებით. მიუხედავად იმისა, რომ ლურჯი რჩება ფუნდამენტურ ფერად, დამატებითი ჩრდილები უზრუნველყოფს მოქნილობას და ხელს უწყობს ბრენდის ხაზგასმას სხვადასხვა კონტექსტში.
გარდა ამისა, მთელი იკონოგრაფიული სისტემაც გაიაზრეს. ანალოგიურად, რეაქციების ემოჯები უფრო სამგანზომილებიანია, ოდნავ შეცვლილი და უფრო გლუვია.