1
Apr
2019

„რატომ ვხედავ ამ პოსტს?“ – Facebook, ყოველ ჯერზე, განმარტებას მოგცემთ

1 Apr 2019

Alta
Alta


გუშინ ფეისბუკმა ფუნქცია „რატომ ვხედავ ამ პოსტს?“ დააანონსა. ფუნქციის საშუალებით, თითოეული პოსტის შემთხვევაში, შეძლებთ ნახოთ, თუ რატომ აღმოჩნდა ის თქვენს სიახლეების ზოლში. სიახლე ფეისბუკის ახალ სარეკლამო პოლიტიკას უკავშირდება. განმარტების მიღებასთან ერთად, შეგიძლიათ აკონტროლოთ ისიც, ნახავთ თუ არა მსგავს პოსტებს მომავალში.

ფუნქციის გამოყენება პოსტის ზედა მარჯვენა კუთხეში, მენიუს ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ. შესაბამისი ოფციის არჩევის შემდეგ, თქვენ შეძლებთ გაეცნოთ ფეისბუკის ლოგიკას (ალგორითმს) – რატომ გადაწყვიტა მან, რომ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესო იქნებოდა. განმარტება შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორია პოსტის ავტორთან თქვენი ინტერაქციის ისტორია, რამდენი ფოტო გაქვთ ერთად გადაღებული, ან რამდენი პოსტი გაქვთ დალაიქებული.

Facebook-ს უკვე აქვს სერვისი სახელად – „რატომ ვხედავ ამ რეკლამას?“ კომპანიის ინფორმაციით, მასშიც შევა ცვლილებები. თუ აქამდე ფეისბუკი გვაძლევდა ბაზისურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ და როგორ შეგარჩიეს რეკლამის სამიზნე აუდიტორიად, მაგალითად, თქვენი ასაკის, სქესის მიხედვით, ახლა თქვენ შეძლებთ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღებას. მაგალითად, შეაგროვა თუ არა რეკლამის ავტორმა კომპანიამ სამიზნე აუდიტორიის ელ-ფოსტის მისამართები.

Facebook-ის ალგორითმი ბევრი ადამიანში ერთგვარ შიშს იწვევდა. მომხმარებელთან პირდაპირ კომუნიკაციაზე გასვლა, ანუ, ყოველ ჯერზე, მათთვის იმის ახსნა, თუ რა ლოგიკით მოქმედებს კომპანია მაშინ, როცა ამა თუ იმ პოსტის ჩვენთვის ჩვენებას გადაწყვეტს, შესაძლოა საკმაოდ სასარგებლო აღმოჩნდეს და სოციალური ქსელის მიმართ ნდობაც გაზარდოს.

Facebook-მა ცვლილებები ამ კვირაში დაიწყო. ზემოთ მოყვანილი სიახლეების გამოცდას კი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა მომხმარებელი მაისის შუა რიცხვებისთვის შეძლებს.

განხილვა