in

Facebook-ის მოდერატორებს მენტალური ჯანმრთელობისთვის სიმღერასა და ხატვას ურჩევენ

“ყოველდღე, ყოველ წუთს, ეს არის ის, რასაც ხედავ. ვიღაცებს თავებს აჭრიან”

veon
veon

ირლანდიის პარლამენტმა დღეს მოსმენა გამართა, რომელიც Facebook-სა და კონტენტის მოდერატორებისადმი მის მიერ გატარებულ პოლიტიკას ეხება. როგორც თანამშრომლები იუწყებიან, კომპანიაში (ისევე, როგორც აუთსორსინგ ფირმა Covalen-ში) ფსიქიატრიული ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად არ არსებობს, რათა ტრავმირებულ კოლეგებს მდგომარეობა შეუმსუბუქდეთ.

ცხადია, სოციალური ქსელის კონტენტის მოდერატორებს დღის განმავლობაში უამრავი ისეთი სიახლის ნახვა უწევთ, რომლებიც უბრალოდ შემზარავია და პირდაპირ მოქმედებს პიროვნების ფსიქიკაზე. სტატისტიკურად, თითოეულ მათგანს ყოველდღიურად მინიმუმ 133 მასალის ნახვა უწევს. მოსმენის დროს 26 წლის თანამშრომლემა, იზაბელა პლანკეტმა განაცხადა: “ჯანსაღი ფსიქიკის ტრენერები ექიმები არ არიან. ისინი რთულ პერიოდში სიმღერას ან ხატვას გვთავაზობენ, მაგრამ თქვენ ყოველთვის არ გინდათ სიმღერა, როდესაც რაიმე შემზარავს ნახულობთ”. 

ასევე, იზაბელა პლანკეტის თქმით, მას ძალიან ეშინოდა საჯაროდ საუბრის, რაც ბუნებრივი შეგრძნებაა მოდერატორებში. ამას ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ თანამშრომლები ვალდებულნი არიან, გაუხმაურებლობის შეთანხმებას (NDA) მოაწერონ ხელი, თუმცა მისი ასლი უშუალოდ მათ არ გადაეცემათ. ახლა კი, მოდერატორებისთვის პირობების გაუმჯობესებაზე Foxglove, არაკომერციულ ადვოკატთა ჯგუფი მუშაობს.

წარმოგიდგენიათ, როგორი იქნება თქვენი განწყობა, როდესაც ყოველ დილით 9 საათზე მიდიხართ სამსახურში, რთავთ კომპიუტერს და უყურებთ, როგორ კვეთენ ვიღაცას თავს… “ყოველდღე, ყოველ წუთს, ეს არის ის, რასაც ხედავ. ვიღაცებს თავებს აჭრიან”. 

გასულ წელს კომპანიამ, კლასობრივი სარჩელის საფუძველზე, 52 მილიონი დოლარი გადაუხადა კონტრაქტორებს. საქმე პოსტტრავმული სტრესის მქონე მოდერატორებს ეხებოდა, რომლებიც გამუდმებით ნახულობდნენ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის მასალებს, თავის მოკვეთის, თვითმკვლელობის, გაუპატიურების, წამებისა და მკვლელობის ამსახველ ვიდეოებს. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ კონტენტის მოდერატორები, როგორც წესი, რამდენიმე თვეში მიდიან სამსახურიდან.

შესაძლოა, ზოგიერთ თქვენგანს გაუჩნდეს კითხვა, რა თანხის სანაცვლოდ უწევთ მოდერატორებს ამ მძიმე სამუშაოს ატანა? როგორც ირლანდიელი თანამშრომლები ირწმუნებიან, მათი ანაზღაურება წელიწადში დაახლოებით 30 000 დოლარია. ეს კი, მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება Facebook-ის განცხადებას, რომლის თანახმადაც საბაზისო ხელფასები წელიწადში საშუალოდ 160 000 აშშ დოლარს შეადგენს.

ამასთან ერთად, კომპანია თითქმის ყველა ზემოთ ხსენებულ ბრალდებას უარყოფს. “ყველა, ვინც Facebook-ის კონტენტზე მუშაობს, ჩვენი საზოგადოების სტანდარტების სიღრმისეულ სასწავლო პროგრამას გადის და მათ, მენტალური ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, მუდმივად აქვს ფსიქოლოგიური დახმარება”. როგორც სოციალური გიგანტის სპიკერი ირწმუნება, კერძოდ ირლანდიაშიც კი, ეს გაწვრთნილ პრაქტიკოსებთან 24/7-ზე დახმარებას გულისხმობს.

ასევე, უარყოფილია ის ბრალდებაც, რომ თანამშრომლები კონფიდენციალურობის შეთანხმებებს არ იღებენ, არამედ ყოველი მათგანი დაარქივებულია და HR “სიამოვნებით” გასცემს მის ასლს. თანაც, კომპანია ხელს უწყობს ე. წ. “ხმამაღალ პოლიტიკას” და დასაქმებულებს მოუწოდებს, ნებისმიერი სახის აზრი თუ შეშფოთება გამოავლინონ.

რაც შეეხება Covalen-ს, ის აცხადებს, რომ მათი ტრენერები მაღალკვალიფიციური პროფესიონალები არიან ფსიქოლოგიის, კონსულტაციისა და ფსიქოთერაპიის კუთხით.

და მაინც, Foxglove-ს თანადამფუძნებლის, ადვოკატ კორი კრიდერის თქმით, “ფეისბუქი” თავისი საქმიანობის გასაგრძელებლად სწორედ მოდერატორებს ეყრდნობა, მაგრამ ისინი “მეორე კლასის მოქალაქეებად” განიხილებიან, რაც არასწორი მიდგომაა… ამიტომაც ის მოუწოდებს კომპანიას, რომ დაასრულოს შიშის კულტურა და თანამშრომლებს უფლება მისცეს, უარი თქვან მძიმე კადრების შემცველი კონტენტის განხილვაზე.

“მე არასოდეს ვისურვებდი, ჩემს ვაჟს ან ქალიშვილს ეს საქმე გაეკეთებინა. ვერ წარმომიდგენია, რამდენად საშინელი უნდა იყოს ეს. ის, რაც ჩვენი ბრწყინვალე მრავალნაციონალური სოციალური მედიის შუაგულში ხდება, შემზარავია…” – განაცხადა სენატორმა პოლ გაუვანმა.

სხვანაირად, როგორ ავუმაღლოთ მოტივაცია?

ნახეთ: წელს მაიამიში პირველი წყალქვეშა სკულპტურების პარკი გაიხსნება