წლების განმავლობაში სკანდალების, სასამართლო მოსმენების და, ზოგადად, ნეგატიური განწყობის შემდეგ, როგორც ჩანს, ხალხი საბოლოოდ ტოვებს Facebook-ს.
Meta-მ, რომელიც მოიცავს Facebook-ს, Instagram-ს, WhatsApp-სა და Oculus-ს, ოთხშაბათს გამოაქვეყნა 2021 წლის მეოთხე კვარტლის შემოსავლების ანგარიში, ერთი საკმაოდ შოკისმომგვრელი განცხადებით… როგორც ჩანს, ფეისბუქის ყოველდღიურად აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა გასულ წელთან შედარების საგრძნობლად შემცირდა — 1.93 მილიარდიდან 1.929 მილიარდამდე.
რა თქმა უნდა, ამ ცვლილების ადვილად შემჩნევა შეუძლებელია რიგითი ადამიანებისთვის, მაგრამ ის აშკარად არსებობს. მომხმარებელთა შემცირება, ძირითადად, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში დაფიქსირდა.
შესაძლოა, უამრავი განსხვავებული მიზეზი არსებობდეს, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი. ეს განსაკუთრებით საინტერესოა იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში საკმაოდ აქტუალური გახდა ისეთი მოწოდებები, როგორიცაა პლატფორმის დატოვება. თავის მხრივ, ამას საფუძვლად ედო დეზინფორმაციის ხშირი გავრცელება, თაღლითური ქმედებების სიხშირე და ფაქტი, რომ სოციალური ქსელი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ნებისმიერი “მავნე კონტენტი” გამოაქვეყნონ.
გარდა ამისა, ბევრი წუხს, რომ განსხვავებული მოსაზრებების გამო ხშირად უწევს ნაცნობებთან, მეგობრებთან თუ ნათესავებთან ცხარე დისკუსიაში შესვლა, რაც ნეგატიურად აისახება მათ ურთიერთობებზე.