სან-ფრანცისკო პირველი ქალაქია, სადაც სახის ამოცნობის ტექნოლოგია აიკრძალა. ქალაქში სამთავრობო დაწესებულებებს ამ ტექნოლოგიის გამოყენებისგან თავის შეკავება მოუწევთ. ამ ინიციატივას ქალაქის ბორდის 9 წევრიდან 8-მ მხარი დაუჭირა. „ეს არ არის ანტიტექნოლოგიური პოლიტიკა. სახის ამოცნობის ტექნოლოგია არის საშიში და შესაძლოა, რეპრესიული პოლიტიკის გამომხატველადაც მივიჩნიოთ“, – თქვა ინიციატივის ავტორმა, აარონ პენსკინმა.
ერთი მხრივ, მსგავსი ტექნოლოგიების დანერგვა მნიშვნელოვანია ამა თუ იმ დასახლებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით და სხვადასხვა სპეცსამსახურს უმარტივებს დაზვერვასთან, თუ ბრალდებულის ძებნასთან დაკავშირებულ პროცესს. თუმცა, რატომ შეიძლება იყოს სახის ამოცნობის ტექნოლოგია საშიში, ან მთავრობის რეპრესიული პოლიტიკის გამომხატველი? მით უფრო, რა მიმართება შეგვიძლია დავინახოთ ამ ორ მხარეს შორის, მაშინ, როცა მსოფლიოს მასშტაბით, ბევრი დიდი ქალაქი აქტიურად იყენებს მსგავს ტექნოლოგიურ პროდუქტებს. მათ შორის, ვიყენებთ ჩვენც, საქართველოში და ამაში იაპონური კომპანია NEC Corporation 2017 წლიდან გვეხმარება. (თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, 2017 წლის ივნისისთვის, სახის ამოცნობის ტექნოლგიის მქონე 400 კამერა ამუშავდა).
ექსპერტებისა და სან-ფრანცისკოს ბორდის წევრთა უმრავლესობის აზრით, ტექნოლოგიური შესაძლებლობის მიღმა, მსგავსი მეთოდები ზღუდავს სამოქალაქო თავისუფლებას. თუნდაც, ქუჩაში გამვლელი ნებისმიერი ადამიანის იდენტიფიცირების შესაძლებლობას ეთიკურობასთან დაკავშირებულ კითხვებთან მივყავართ და მაშინ, როცა პერსონალურ მონაცემთა დაცვა მსოფლიოს გამოწვევადაა ქცეული, ინდივიდის თავისუფლება – თვითონ გადაწყვიტოს, რა ინფორმაცია გახადოს სხვებისთვის ხელმისაწვდომი და რა არა, საფრთხის ქვეშ დგება.
მსოფლიოში, სახის ამოცნობის ტექნოლოგიის ქალაქის მასშტაბით დანერგვის კუთხით Microsoft აქტიურად მუშაობს. ამ ტექნოლოგიის ისეთი ფართო მიზნებისთვის გამოყენება, როგორიც ქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, საკმაოდ ბევრ გამოწვევას უკავშირდება და მოითხოვს დიდ პასუხისმგებლობას არამხოლოდ ტექნოლოგიური კომპანიების, არამედ მათი მომხმარებლების – სამთავრობო უწყებების მხრიდან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ შესაძლებლობის ჩარჩოში – რეგულაციებში მოქცევა. თუმცა, იმ პირობებში, როცა სახის ამოცნობის ტექნოლოგია ჯერ კიდევ სიახლეს წარმოადგენს ბევრი ქალაქისთვის და მისი გამოყენების პრაქტიკაც ძალიან ცოტა დროს ითვლის, ალბათ ამ მიმართულებითაც უნდა ველოდეთ „შეცდომებს“, რომელთა ახსნასაც როგორც ტექნოლოგიური პროდუქტების ავტორი კომპანიების დადანაშაულებით, ასევე, მსგავსი პროდუქტების მომხმარებლების – სამთავრობო სტრუქტურების უპასუხისმგებლობით/გამოუცდელობით შევძლებთ.
ერთი ცხადია – სან-ფრანცისკოს მაგალითი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მსოფლიოს მასშტაბით, არაერთი ქალაქი დაფიქრდეს სახის ამოცნობის ტექნოლოგიების დანერგვამდე, ან მათი დანერგვის შემდეგ. დაიწყოს დისკუსია, დაფიქრდნენ რეგულირების გზებზე. იმაზე, რომ ამა თუ იმ ტექნოლოგიური პროდუქტით მიღებული შესაძლებლობების მიღმა, მაშინ, როცა პერსონალურ მონაცემებსა და ინდივიდის თავისუფლებას ეხება საქმე, გარკვეული რისკების შეფასებაც საჭიროა.
ავტორი: ხატია თორდუა