მუსიკალურმა ბენდმა Fall Out Boy ახალი ვინილი გამოუშვა, რომელიც გიტარისტ პიტ უენცის ცრემლებითაა გაჟღენთილი. ბენდი არტ-სტუდია Brain-თან კოლაბორაციაში მუშაობდა, რათა So Much (For) Stardust-ის ალბომი ფირფიტის სახით გამოეშვათ. კრეატიული იდეის მიღმა კი ემოციების ერთგვარ კაფსულაში მოქცევა იდგას, რომელსაც გულშემატკივრები მათი მუსიკების მოსმენისას განიცდიან.
ცრემლების მუსიკალურ ფირფიტაში შესაყვანად ე. წ. Crynylseal ტექნოლოგია გამოიყენეს. პროცესი რომ წარმოიდგინოთ, უენცის ცრემლები ჯერ ერთიანად მოაგროვეს, შემდეგ კი ცალკეულ, 50 ერთეულში გადაანაწილეს — როგორც ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, შესაძლოა ცრემლში თვალის ლაინერიც ერიოს.
„მუსიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ხმოვანი ტალღები. ეს არის ვნება, ბრძოლა და ემოციები. სწორედ ამიტომ, ახალი ტიპის ჩანაწერი შევქმენით — ისეთი, რომელიც მუსიკოსის ნამდვილი ცრემლებითაა გაჟღენთილი. როდესაც ამ ფირფიტას მოუსმენთ, თავადაც იგრძნობთ იმ ყველაფერს, რასაც ჯგუფის წევრები გრძნობდნენ“, — ამბობენ Fall Out Boy-ის წევრები.
მუსიკა ყველა ჩვენგანზე განსხვავებულად მოქმედებს და ინდივიდების შინაგან სამყარომდე მისასვლელად სხვადასხვაგვარ გზებს გადის. ამავდროულად, ის არა თუ ფიზიკურად ხელშესახები, არამედ წმინდად ემოციური რამაა, რომლის მხოლოდ შეგრძნებაც შეგვიძლია. ამიტომაც, სიხარულისაა ის თუ მწუხარების, ცრემლის ფირფიტაში მოთავსება ემოციური კუთხის კრეატიულ გამოხატულებას წარმოადგენს.