ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა სულ ცოტა ხნის წინ წარადგინა თავისი ახალი საქმიანობა – სილამაზის ბრენდი Wyn Beauty. ისევე, როგორც ჩოგბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება, ეს ახალი საქმეც ოჯახურ საკითხთანაა დაკავშირებული. უილიამსის თქმით, დედობამ საშუალება მისცა სილამაზე საკუთარი შვილის, ოლიმპიას თვალით დაენახა. უილიამსის ქალიშვილი ოლიმპია დაბადებამდეც კი მოტივაციას აძლევდა დედას, ეთამაშა საუკეთესოდ. უილიამსი ორი თვის ორსული იყო, როდესაც ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. მოგვიანებით, როდესაც უილიამსმა საჯარო წერილი მისწერა ახალშობილ ქალიშვილს, მან ხაზი გაუსვა, თუ როგორ ელოდა იმ მომენტს, როცა შვილი მას მოედნიდან უყურებდა და აღნიშნა: „შენ მომეცი ძალა, რომელიც არ ვიცოდი, რომ მქონდა“.
იმავე წელს, გამოქვეყნდა კვლევა ოჯახური მოტივაციის შესახებ, ანუ როგორ შეუძლია ოჯახს მოტივაცია მისცეს ადამიანებს უკეთ იმუშაონ. სრულიად განსხვავებულ კონტექსტში – ჩრდილოეთ მექსიკის მტვრიან უდაბნოში, აშშ-ის საზღვართან ახლოს – მკვლევრები აკვირდებოდნენ 97 თანამშრომელს, რომლებიც მუშაობდნენ დაბალ ანაზღაურებაზე, საწარმოში. როდესაც მათ ესაუბრნენ თანამშრომლებს და შემდგომში შეისწავლეს კიდეც გამოკითხვებითა და ობიექტური შესრულების მაჩვენებლებით, გამოიკვეთა საინტერესო ტენდენცია: ისინი, ვინც საუკეთესოდ ასრულებდნენ სამუშაოს, იყვნენ ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ არა საკუთარი თავისთვის, არამედ ოჯახისთვის.
ოჯახს შეუძლია ადამიანს სამუშაო ენერგია მისცეს. ეს მიგნებები გვაიძულებს დავინახოთ ოჯახი, როგორც მოტივაციის მთავარი წყარო.
მოტივაციაზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები უფრო დიდი ძალისხმევით მუშაობენ, თუ სამუშაო მათ აძლევს ფულსა და სტატუსს (გარეგანი მოტივაცია), სიხარულსა და კმაყოფილებას (შინაგანი მოტივაცია) და სხვების დახმარების შეგრძნებას (პროსოციალური მოტივაცია). თუმცა, ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები მუშაობენ, ხშირად უგულებელყოფილია: მათი ოჯახი. ბევრი ადამიანი მოტივირებულია ყოველ დილით ადგეს და შეასრულოს თავისი სამუშაო, რადგან მათ სურთ ოჯახის მხარდაჭერა და იციან, რომ მათი ოჯახი სარგებელს იღებს მათი სამსახურიდან. ეს ოჯახური მოტივაცია შეიძლება გახდეს თანამშრომლების შესრულების გაუმჯობესების საფუძველი სამსახურში, შთააგონოს მათ გააკეთონ საუკეთესო.
ოჯახური მოტივაცია შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა გზით. მაგალითად, მშობლებს სურთ იყვნენ მაგალითი შვილებისთვის, აჩვენონ ძლიერი სამუშაო ეთიკის მნიშვნელობა და ასწავლონ პოზიტიური კარიერული სტრატეგიები. სამუშაო ასევე შეიძლება იყოს სიამაყის წყარო, როდესაც თანამშრომლები უზიარებენ თავიანთ მიღწევებს ოჯახის წევრებს.
ოჯახს ასევე შეუძლია მისცეს ადამიანს უფრო ფართო პერსპექტივა, რაც მათ სამუშაო გამოწვევების დაძლევაში ეხმარება. მაგალითად, მარკ ბაკინგემი, ფიზიოთერაპევტი, რომელიც მუშაობდა ახალგაზრდა მშობლებთან, აღნიშნავს: „ბავშვები სპორტსმენებს დროის მართვაში ეხმარებიან. ადამიანები უკეთესი სპორტსმენები ხდებიან, როცა შვილები ჰყავთ, რადგან შეუძლიათ ყველაფერი კონტექსტში დაინახონ.“
ეს ფოკუსი და დროის მართვის უნარები ვრცელდება სამუშაო ადგილზეც. ირონიულია, მაგრამ დედებს ხშირად ურჩევენ არ ახსენონ შვილები სამსახურის ინტერვიუებზე, იმის შიშით, რომ ისინი შეიძლება ნაკლებად მოტივირებულად ჩათვალონ თავიანთი კარიერისადმი. თუმცა, ასეთი ძველმოდური აზროვნება პირდაპირ წინააღმდეგობაშია იმასთან, რასაც კვლევა რეალურად აჩვენებს: ოჯახს შეუძლია მოტივაცია მისცეს ადამიანს, რადგან უბიძგებს უფრო ჩაერთოს თავის სამუშაოში. თანამშრომლებს, რომლებსაც ოჯახი ჰყავთ, ბუნებრივია, სამუშაოს შემდეგ აქვთ საოჯახო პასუხისმგებლობები. ამ აუცილებელი პასუხისმგებლობების არსებობა სამუშაოს შემდეგ რეალურად ზრდის თანამშრომლების ფოკუსს და ამავდროულად, სამსახურის მიმართ ერთგულებას. კვლევა აჩვენებს, რომ თანამშრომლები ოჯახური პასუხისმგებლობებით უფრო მეტად არიან ჩართულნი სამუშაოში, ვიდრე დასაოჯახებელი თანამშრომლები.
წყარო: HBR