„ფანტასტიკის დღეები” არის სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის კულტურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც 2004 წლიდან ტარდება და მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებებს: ლარპი, მაგიდის თამაშები, კოსპლეი, პანელები ცნობილ მწერლებთან და მხატვრებთან და ა.შ. ფესტივალის უპირველესი მიზანია – იზეიმოს ფანტასტიკის ჟანრი და ყველაფერი, რაც მას ეხება. სამდღიანი ღონისძიება, წლიდან წლამდე, იზიდავს მსახიობებს, რეჟისორებს, არტისტებს და გეიმ-დეველოპერებს, ევროპასა და აშშ-დან; „ჯეპრას” ტექნოლოგიური განვითარების მენეჯერი – ლაზარე გვიმრაძე 2017 წლის „ფანტასტიკის დღეებზე” სპეციალური სტუმრის სტატუსითაა მიწვეული. ღონისძიება 7-9 ივლისს, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, იგეგმება ლაზარეს ციფრული ნახატების გამოფენა და ლექცია-ვორქშოპი. ღონისძიებაში მონაწილეობის დეტალებზე, სამხატვრო გამოცდილებასა და პროფესიული განვითარების დინამიკაზე მარკეტერი ციფრულ მხატვარს – ლაზარე გვიმრაძეს ესაუბრა:
M: როგორ მიიღეთ სპეციალური სტუმრის მოწვევა და აქამდე თუ გქონიათ საერთაშორისო ღონისძიებებში სტუმრის სტატუსით მონაწილეობის გამოცდილება?
მოწვევა მივიღე, ერთ ჩვეულებრივ აპრილის დღეს, ელექტრონული ფოსტით, ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი მიზეზების გამო. მით უმეტეს, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებებში აქამდე ნამდვილად არ მიმიღია მონაწილეობა, არც სტუმრის და არც რაიმე სხვა სახით. წელს, ციფრული ხატვის განხრით, რამდენიმე მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიე და ალბათ, უფრო მათ მივაწერდი ამ შესაძლებლობის გაჩენას. მიზეზებისგან დამოუკიდებლად, ძალიან ბედნიერი ვარ და ერთი სული მაქვს, როდის გავემგზავრები.
M: როგორია თქვენი გამოცდილება ციფრული ხატვის კუთხით?
ხატვის მხრივ, არც ისე დიდი გამოცდილება მაქვს, წლების მიხედვით თუ შევაფასებთ. პროფესიით ხატვასთან ახლოს არ ვარ – ვმუშაობ კომპანია „ჯეპრაში“, ტექნოლოგიების განვითარების მენეჯერად და მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან მეხერხებოდა ხატვა, ციფრული სახვითი ხელოვნება, ჰობის სახით, დაახლოებით, 2011-2012 წლებში ავითვისე. თანაც, ეს „ათვისება“ მოხდა საკმაოდ სწრაფად და ჩემთვის სასიამოვნო მიმართულებებით.M: როგორი იყო თქვენი, როგორც მხატვრის განვითარების დინამიკა და რა გზებს იყენებდით მსოფლიოსთვის თქვენი ნამუშევრების გასაცნობად?
სოციალურმა მედიამ, განსაკუთრებით კი – Pinterest-ის და Twitter-ის ტიპის არხებმა, მომცა შესაძლებლობა დამემყარებინა პირდაპირი კავშირი ჩემს საყვარელ რეჟისორებთან, დეველოპერებთან, მსახიობებთან და რაც მთავარია, ჩემნაირ ახალგაზრდა მხატვრებთან. სწორედ მათი მეშვეობით ხდებოდა ჩემი, როგორც მოყვარული მხატვრის, ეტაპობრივი განვითარება: ვქმნიდი პოსტერებს და ფან-არტს, ვიღებდი უკუკავშირს, ერთი-ორჯერ საერთაშორისო კონკურსებშიც გავიმარჯვე და ასე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩამოვაყალიბე ჩემი ინდივიდუალური სტილი. წელს, უკვე დავიწყე შეკვეთების აღებაც – ჩემთვის ყველაზე საამაყო Electronic Arts-ისთვის შექმნილი ილუსტრაციები იყო.
M: თქვენი ციფრული ნახატების შესახებ მოგვიყევით.. როგორია მათი შექმნის პროცესი?
iPad-ზე ვმუშაობ, რაც საგრძნობლად ამარტივებს საქმეს; საკმარისადაა პროფესიული დონის აპლიკაციები და შედარებით მარტივი პროგრამებიც, რომელთა სინთეზში გამოყენება საკმაოდ კარგი შედეგების მომტანია. როგორც წესი, პირველ რიგში ყოველთვის მოდის ინსპირაცია: იმისთვის, რომ რაღაცა დავხატო სამსახურისგან თავისუფალ დროს, ძალიან უნდა მინდოდეს ამის გაკეთება და არ დამეზაროს ამაში დროის დახარჯვა. შემდეგ, ვიწყებ მონახაზის კეთებას, ხან ფურცელზე, ხან ციფრულად – კომპოზიციის ვარიანტები, ფერების პალიტრები, სამუშაო ვარიანტები. ბოლოს, ნახატის სტილიდან გამომდინარე, მთავარ აპში ვიწყებ „შრეებად“ მუშაობას. მაგალითად, პერსონაჟების პორტრეტებისთვის, ჯერ მოდის ლაინარტი, ე.წ. „დაშტრიხვა“, შემდეგ მოსდევს ფერები, დაჩრდილვა, განათების წყაროების და შუქის დაცემის წერტილების დამატება, ა.შ. ტექნიკურად, როგორც ყოველთვის, მოსაწყენად ჟღერს, მაგრამ იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც დაუზარებლობის და თავისუფალი დროის სახელობის პლანეტები ორბიტებით ერთმანეთს ემთხვევიან, ნახატს 3-4 საათში ვასრულებ.
M: რა თემას დაეთმობა ფესტივალზე, გამოფენის პარალელურად, თქვენ მიერ გამართული ლექცია-ვორქშოპი?
ვორქშოპის თემებზე ორგანიზატორებთან ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესში ვარ, მაგრამ, ცალსახად, მინდა ხაზი გავუსვა ჩემს არაორდინარულ გეზს და მივმართო იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სამხატვრო აკადემიის ან პროფესიული სახვითი ხელოვნების ინდუსტრიაში სწავლის და მოღვაწეობის სახსრები არ გააჩნიათ: თვითგამოხატვის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, მთავარია იპოვო ის გზა, ის ჩარჩო, რომელიც შენთვის კომფორტული და ხელმისწავდომია, თუნდაც მცირე დოზებით. შემდეგ უკვე უფრო ფართო გზები და შესაძლებლობებიც გაიხსნება.
M: მსგავს ფესტივალეში მონაწილეობა ძალიან კარგი შესაძლებლობაა ახალგაზრდა ხელოვანებისთვის, რათა წარმოაჩინონ საკუთარი თავი და გაიცნონ შესაბამის ინდუსტრიაში მოღვაწე წარმატებული ადამიანები. როგორია თქვენი მოლოდინი ფესტივალში მონაწილეობასთან დაკავშირებით?
სულით და გულით „ნერდი“ ვარ, ამ სიტყვის პოსტმოდერნისტული გაგებით – მიყვარს სამეცნიერო ფანტასტიკა და ასეთ ფესტივალებზე მოხვედრა, ყოველთვის იქნება ჩემი მთავარი მიზანი. თავისთავად, მინდა დავათვალიერო ძველებური ვროცლავი და მივიღო გამოცდილება, მაგრამ კიდევ უფრო ძალიან მინდა ვუგულშემატკივრო კოსპლეიერებს და ახალგაზრდა მხატვრებს, შევხვდე და ვესაუბრო ჩემს კუმირებს და მოვიძიო მეტი შესაძლებლობა ამ სფეროში წარმატების მისაღწევად.
ლაზარე გვიმრაძის ონლაინ პორტფოლიოს სანახავად ეწვიეთ ბმულს: http://lazaregvimradze.daportfolio.com/