in

„მსოფლიო სურსათის დღის“ კამპანია საქართველოში და მსოფლიოს სასურსათო გამოწვევების ვიზუალიზაცია

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ყოველი წლის ოქტომბერში „მსოფლიო სურსათის დღეს“ მასშტაბური  კამპანიით აღნიშნავს. ეს ღონისძიება 150-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ტარდება. მისი მიზანია, მთავრობებმა, კერძო სექტორმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და თითოეულმა ადამიანმა ყურადღება დაუთმოს იმ გლობალურ პრობლემებს, პლანეტის ყველა მცხოვრებს რომ ეხება.

პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა პრობლემები, რომლებთან გამკლავებასაც მსოფლიო მანამდეც აქტიურად ცდილობდა. FAO- მონაცემებით, წელს, დედამიწაზე მოშიმშილე ადამიანთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა და 811 მილიონს მიაღწია. წარმოიდგინეთ, 811 მილიონ ადამიანს დღეს არაფერი უჭამია, შია და არ შეუძლია, მიიღოს საკვების ის მინიმალური რაოდენობაც კი, რაც საარსებოდ არის აუცილებელი, – სოფო ალთუნაშვილი, FAO-ს კომუნიკაციის ოფიცერი საქართველოში.

მისი თქმით, რეალურად, მსოფლიოში საკმარისი რაოდენობის სურსათი იწარმოება, ანუ სწორი დაგეგმვის, განაწილების, სწორად წარმოების და ნაკლებად გაფუჭებული თუ გადაყრილი სურსათის პირობებში, საკვები დედამიწის ყველა მცხოვრებს უნდა ეყოს.

ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში წარმოებული სურსათის 14% – წარმოების პროცესში, ხოლო 17% მოხმარებისას იკარგება.

ამას ემატება მავნებლებისა და დაავადებების ზემოქმედება, ბუნებრივი კატასტროფები, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა, ჰაბიტატების განადგურება. პარალელურად, აგროწარმოება მსოფლიოს მასშტაბით გამოუსწორებელ ზიანს აყენებს გარემოს და კლიმატის ცვლილებას აჩქარებს, რის შედეგებსაც უკვე ყველანი ვგრძნობთ და კიდევ უფრო მძიმედ ვიგრძნობთ მომავალში.

ეს ის საკითხებია, რომლებზეც FAO, მსოფლიოს სურსათის დღის კამპანიის ფარგლებში, ყველას ყურადღებას ამახვილებს, რომ დავფიქრდეთ კითხვაზე: რა შემიძლია გავაკეთო მე?. პასუხი თითოეული ჩვენგანისთვის არსებობს. რიგითი მომხმარებლით დაწყებული, რომელსაც შეუძლია, სურსათის შეძენისას პრიორიტეტი მიანიჭოს ადგილობრივ, სეზონურ ხილბოსტნეულს და შეიძინოს მხოლოდ იმდენი, რამდენსაც მოიხმარს, დამთავრებული მთავრობით, რომელიც ვალდებულია, ხელი შეუწყოს მცირე წარმოებებს, დაარეგულიროს წარმოების სტანდარტები, იზრუნოს გარემოზე და ა.შ. FAO თვლის, რომ საჭიროა მსოფლიო აგროსასურსათო სისტემების გარდაქმნა, რომ 2030 წლისთვის მსოფლიო შიმშილის პრობლემა დაძლიოს. ამისათვის ორგანიზაციას, როგორც აგრო და სასურსათო სექტორში მომუშავე ლიდერს, 10-წლიანი სტრატეგიული გეგმა გააჩნია. 

ცვლილებებისთვის აუცილებელია არსებული პრობლემისადმი ცნობიერების ამაღლება, რასაც FAO-ს გლობალური კამპანია ემსახურება. მას, ტრადიციულად, FAO Georgia-ც შეუერთდა და თავისი აქტივობებით, საერთო საქმეში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

სოფო ალთუნაშვილი: არსებული პრობლემები ადამიანებთან უფრო ახლოს რომ მიგვეტანა და მძიმე მონაცემები მათთვის მეტად აღქმადი გაგვეხადა, გადავწყვიტეთ, ყველაფერი ვიზუალურად გვეჩვენებინა – კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პოსტერები, რომლებზეც გრაფიკულმა დიზაინერმა და ილუსტრატორმა ეთო გზირიშვილმა იმუშავა. ნამუშევრები FAO- იმ დევიზს ეხმიანება, რომელიც სამყაროს აგროსასურსათო სისტემების აუცილებელი გარდაქმნისკენ მოუწოდებს: უკეთესი წარმოება, უკეთესი კვება, უკეთესი გარემო, უკეთესი ცხოვრება

როგორ შეიქმნა პოსტერების მთავარი კონცეფცია?

სოფო ალთუნაშვილი: ვფიქრობთ, რომ პოსტერების ამ სერიის კონცეფცია უნიკალურია და ძალიან თვალსაჩინოს ხდის არსებულ გამოწვევებს: უფრო ადვილია, აღიქვა სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების მასშტაბი, როცა ხედავ, რომ მათი რაოდენობა, რეალურად, მსოფლიოში წარმოებული სურსათის ერთი მესამედია. ასევე ერთი მესამედია მსოფლიო სურსათის წარმოებაში მცირე ფერმერთა მიერ შეტანილი წვლილი. ეს კი ის ჯგუფია, რომელიც ყველაზე აქტიურად ებრძვის სიღატაკეს და ნაკლებად მიუწვდება ხელი ისეთ მნიშვნელოვან რესურსებზე, როგორიცაა ცოდნა, ფინანსები და თანამედროვე ტექნოლოგიები. აქვე შემოდის ქალების პრობლემაც, რომლებიც, კაცებთან შედარებით, კიდევ უფრო მძიმე გამოწვევების წინაშე დგანან.

ეთო გზირიშვილი: FAO-მ წელს ოთხი ძირითადი მიმართულება აირჩია: უკეთესი წარმოება, უკეთესი კვება, უკეთესი გარემო, უკეთესი ცხოვრება. გადავწყვიტეთ, ყველა მიმართულებისთვის მიგვეძღვნა თითო პოსტერი, სადაც მთავარ პრობლემებს წარმოვაჩენდით. ამის გაკეთება FAO-ს წლევანდელი, განახლებული სტატისტიკით ვცადეთ, რომელიც შეიძლება საგანგაშოა, მაგრამ სერიოზულ ინფორმაციას გვაწვდის და მნიშვნელოვანი ნაბიჯებისკენ მოგვიწოდებს.

ჩემთვის, ამ პროექტზე მუშაობა, შინაარსობრივადაც ძალიან საინტერესო იყო. ვთვლი, რომ ეს გლობალური პრობლემებია და ყველას გვეხება.

უშუალოდ ვიზუალებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

ეთო გზირიშვილი: ვიზუალისთვის ავირჩიე ისეთი მარტივი „აიქონები“, როგორებიცაა: ვაშლი, დედამიწა . . . ისეთი საგნები, რასთან ასოცირებასაც ყველა ადამიანი ახდენს, ეხებათ და მნიშვნელოვანია. პოსტერებში აქცენტი გავაკეთე წრიულ ფორმებზე, რაც ერთგვარი რიტმია სერიისთვის. ფერთა კონტრასტები ასახავს რეალურ კონტრასტებს ცხოვრებაში: მცირე ფერმერებსა და დიდ საწარმოებს შორის, სიღარიბესა და სიმდიდრეს შორის, გენდერულ უთანასწორობას და ა.შ. ეს ის თემებია, რაც კიდევ უფრო გამძაფრდა COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს და რაც დღემდე აწუხებს თანამედროვე სამყაროს.

რატომ გადაწყვიტეთ, ასეთი აქცენტების გაკეთება? 

ეთო გზირიშვილი: მუშაობის პროცესში, ვფიქრობდი, აქცენტები გამეკეთებინა პრობლემაზე, თუ გადაჭრის გზებზე. საბოლოოდ, პირველზე შევჯერდი. საინტერესო იყო, რადგან მქონდა შესაძლებლობა, სტილისტიკა თვითონ განმესაზღვრა და ილუსტრირებული კონტენტი შემექმნა, რაც, ვფიქრობ, ძალიან ფასეულია.

სოფო ალთუნაშვილი: გლობალური პრობლემების ვიზუალიზაციის გარდა, კამპანიის ფარგლებში, შევეცადეთ, წინ წამოგვეწია იმ ადამიანების როლი, ვინც ამ რთულ პერიოდში, ჩვენთვის ჯანსაღი საკვების მოწოდებაზე ზრუნავს – მცირე ფერმერები, აგრონომები და მწარმოებლები. ჩვენ, მათ სურსათის გმირები დავარქვით, რადგან ვთვლით, რომ დიდი გმირობაა, ამ დიდი გამოწვევებით აღსავსე დროში, ადამიანებისთვის ჯანსაღი და საკმარისი სურსათის მიწოდებას უზრუნველყოფდე.

კამპანიის ფარგლებში, ასევე, დავუმეგობრდით შეფსა და სურსათის ტექნოლოგს, ლუკა ნაჭყებიას, რომელმაც სურსათის უვნებლობის თემებზე გაამახვილა საზოგადოების ყურადღება და სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტებითა და ვიდეოებით საკმაოდ ვრცელი აუდიტორია მოიცვა. მისი ვიდეომიმართვებიდან ბევრმა გაიგო, თუ რა უფლებებით სარგებლობს სურსათის შეძენისას მომხმარებელი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ხორცპროდუქტების შეძენისას და როგორ უნდა მოვამზადოთ უვნებელი საკვები.

კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე სახალისო ნაწილი კი, საბავშვო ნახატების კონკურსი გახდა. 5-15 წლის სკოლის მოსწავლეებს სურსათის ჯაჭვის თემაზე FAO-ს მიერ შექმნილი საბავშვო, ილუსტრირებული წიგნი გავუგზავნეთ და ვთხოვეთ, დაეხატათ ნახატები თემაზე – სურსათის მოგზაურობა ფერმიდან სუფრამდე. სხვადასხვა სკოლის 60-ზე მეტმა მოსწავლემ გამოგვიგზავნა შესანიშნავი ნამუშევარი. მათი დათვალიერება შესაძლებელია FAO Georgia-ს ფეისბუქის გვერდზე. მონაწილეებს მათსავე ნახატებს მაისურებზე დავუბეჭდავთ და საჩუქრად გადავცემთ. კამპანიის აქტივობები კიდევ გაგრძელდება. შევეცდებით, FAO-ს მთავარმა გზავნილებმა რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მიაღწიოს.

 

[R]

შეიქმნა რენტგენის ინოვაციურიი ტექნიკა — სამედიცინო გამოსახულების რევოლუციის დასაბამი

სილქნეტის მობილური ქსელი კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის შედეგებით მნიშვნელოვნად დაწინაურდა