in

10 საინტერესო ფაქტი გარემოს დაცვის შესახებ

მარტივი ენით რომ ვთქვათ, გარემო ყველაფერია, რაც ჩვენ გარშემოა – ცოცხალიცა და არაცოცხალიც. ეს არის გარემო პირობები, რომელშიც ცხოვრობს ადამიანი, ცხოველი ან მცენარე. ის მოიცავს წყალს, მცენარეებს, კლიმატს, გეოგრაფიულ მახასიათებლებს, ადამიანის მიერ შექმნილ სტრუქტურებს, ჰაერს, მიწას, ცხოველებს და სინათლესაც კი, რომელიც ჩვენს გარშემოა. 

ყველა ეს კომპონენტი ინტეგრალური სისტემასავით მუშაობს სხვადასხვა გზით და ძირითადად, გავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობაზე. გარემო სავსეა მშვენიერი, ამაღელვებელი და ზოგჯერ გასაკვირი საგნებით, მცხოვრებლებით და, რა თქმა უნდა, ფაქტებით. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ უკანასკნელს გვსურს, შევეხოთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს, რომელთაგან ზოგიერთმა შეიძლება გაგაოცოთ, ზოგმა კი ღიმილი მოგგვაროთ:

ფაქტი #1 – წყალი, რომელსაც ვიყენებთ, შეიძლება დინოზავრების დროისაა?

დედამიწაზე ბევრი წყალია. ის პლანეტის ზედაპირის დაახლოებით 71% შეადგენს. საინტერესო ის არის, რომ წყლის რაოდენობა მუდმივია და მისი გადამუშავება ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ წყლის ნაწილი, რომელსაც დღეს ვიყენებთ, წარსულში გადამუშავებული საგნებიდან მოდის და ეს შეიძლება უკვე გადაშენებული არსებების დროის წყალიც კი იყოს.

ფაქტი #2 – ადამიანები წყლის მინიმალურ რაოდენობას ვიყენებთ

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დედამიწის დაახლოებით 71% წყალია. ოკეანეები მოიცავს დედამიწაზე არსებული წყლის დაახლოებით 96,5%-ს, ხოლო ყინულები დაახლოებით 2%-ს. დანარჩენი წყალი მდინარეებში, აუზებში, მყინვარებში, ტბებში, წყლის ორთქლის სახით და სხვა წყლის ობიექტებთან ერთად არსებობს. ამ ყველაფრიდან ადამიანის სამომხმარებლო წყალი მხოლოდ 1%-ია. 

ფაქტი #3 – ხეების მოჭრა ქაღალდის დასამზადებლად

ზოგიერთი ფაქტი საკმაოდ სევდიანია. მაგალითად, ჩვენი სიის მესამე ინფორმაცია, რომლითაც ვიგებთ, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონი ხე იჭრება ტუალეტის ქაღალდის დასამზადებლად. 2015 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 3,04 ტრილიონზე მეტი ხე იყო. სამწუხაროდ, მათგან ყოველდღიურად უამრავი იჭრება იმისთვის, რომ ადამიანებს მთელ პლანეტაზე გვქონდეს ტუალეტის ქაღალდი.

ფაქტი #4 – ისევ ხეები და ქაღალდი

ხეებიდან ქაღალდის გადამუშავება შესაძლებელია 6-ჯერადად. ქაღალდი მოდის ხეებიდან და შეიძლება გადამუშავდეს მაქსიმუმ ექვსჯერ, რის შემდეგაც მისი ბოჭკოები ზედმეტად სუსტი ხდება შესანარჩუნებლად. ეს ნიშნავს, რომ თუ რომელიმე ქვეყნის პოპულარული ჟურნალის ან გაზეთის ყოველდღიური გამოშვება გადამუშავდება, მას შეუძლია გადაარჩინოს დაახლოებით 75000 ხე.

ფაქტი #5 – ალუმინის გადამუშავება ულიმიტოა

ქაღალდისგან განსხვავებით, ალუმინის გადამუშავებას არ აქვს ლიმიტი. ის იმდენჯერ შეიძლება გადამუშავდეს, რამდენჯერაც საჭირო გახდება. ალუმინისგან დამზადებული ქილის გადამუშავება საკმარის ენერგიას გამოიმუშავებს ტელევიზორის სამი საათის განმავლობაში მუშაობისთვის. წარმოიდგინეთ, იმის გათვალისწინებით, რომ წელიწადში 80 ტრილიონ ქილას ვიყენებთ, რამდენი საქმის გაადვილება შეიძლება?

ფაქტი #6 – გარემოს დაბინძურების შედეგად უამრავი ადამიანი იღუპება

ჩვენი, რიგითი მოქალაქეების როლი რომ ძალიან დიდია გარემოს დაცვის ამბებში, ამაზე დიდხანს აღარ შევჩერდებით. ადამიანი პასუხისმგებელია ტოქსიკურ ჰაერზე, წყალსა და ნიადაგზე; თითოეული ჩვენი მოქმედება აისახება გარემოზე და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის სიჯანსაღეში. პლანეტის სიჯანსაღე კი ავტომატურად გულისხმობს ადამიანების კეთილდღეობას. გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ადამიანი იღუპება დაბინძურების პირდაპირი ან არაპირდაპირი შედეგით, რაც აღემატება სხვადასხვა დაავადებით დაღუპულთა საერთო რაოდენობას ერთად. 

ფაქტი #7 – ცხოველების გადაშენება ადამიანების ბრალია

დედამიწა დაახლოებით 1 მილიონი წლისაა, ამ ხნის განმავლობაში 1 მილიონზე მეტი სახეობა გადაშენდა. ძირითადი მიზეზი ადამიანის საქმიანობა იყო, როგორიცაა ცხოველთა ჰაბიტატების განადგურება, უკანონო ბრაკონიერობა და ნადირობა. ცხოველების დაუცველობის გამო 1 მილიონზე მეტი სახეობა გადაშენდა და ათასობით სხვა გადაშენების პირასაა.

ფაქტი #8 – მინა ყველაზე დიდხანს „ცოცხლობს”

მინა ერთ-ერთ იმ მასალას წარმოადგენს, რომელიც ყველაზე ხანგრძლივად ძლებს და ადვილად არ იშლება. ბოთლი, სათვალე, საყოფაცხოვრებო ნივთები – მინას ჩვენი ყოველდღიურობის ბევრ კომპონტენტში ვაწყებით და ვიყენებთ. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, შუშის ბოთლის გარემოში დაშლას შესაძლოა 1 მილიონი წელი დასჭირდეს. 

ფაქტი #9 – მკვლელი პლასტმასა

პლასტმასაც საკმაოდ მყარი და მდგრადი მასალაა, რომლის სიცოცხლის ხანგრძლივობაც დაახლოებით 1000 წელს ითვლის. ადამიანები პლასტმასის ნივთებით ხშირად აბინძურებენ გარემოს და შეიძლება არ იციან, რომ ზღვებსა და ოკეანეებში ჩაყრილი პლასტმასი ათასობით ზღვის ცხოველის სიკვდილს იწვევს. თავის მხრივ კი, საშინლად მოქმედებს ნიადაგზე.

ფაქტი #10 – მინის გამოყენება ენერგიის მისაღებად

მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე ვთქვით, მინის დაშლა დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პროცესია, შეგვიძლია ის სასარგებლოდ გამოვიყენოთ და მოხმარების შემდეგ სხვა დანიშნულება მოვუძებნოთ. კერძოდ, ერთი შუშის ბოთლის გადამუშავება 100 ვატიანი ნათურის 4 საათის განმავლობაში გასანათებლად გამოდგება. 

ჩვენი უჩვეულო, მაგრამ ძვირფასი სამყარო ის ადგილია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენს სიცოცხლესთან, ამიტომ პირველი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, მისი კარგად შესწავლა, იმ საჭიროებებისა და საკუთარი პასუხისმგებლობების გათავისებაა, რომლებიც გარემოს უსაფრთხოს, ჯანსაღსა და სიცოცხლისუნარიანს გახდის.

რუბრიკას გარემოს დაცვის შესახებ წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

McDonald’s-ის ოქროს თაღებზე საქანელები ჩამოკიდეს

ნახეთ: 5000 ადგილის მქონე „ცის სასტუმრო“