in

ფარიკაობა ოლიმპიადის ისტორიაში

ფარიკაობა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში საბერძნეთის დედაქალაქ ათენში 1896 წელს გამოჩნდა და საინტერესოა, რომ იმ იშვიათ სპორტის სახეობებს შორისაა, რომლებიც ოლიმპიადიდიან არასდროს ამოუღიათ. როგორც ბევრ სხვა სპორტში, თავდაპირველად ფარიკაობაშიც მხოლოდ კაცები იყვნენ ჩართულნი, 1924 წელს პარიზის ოლიმპიადიდან კი შეჯიბრზე უკვე ქალებიც გამოჩნდნენ.

ყველაზე ტიტულოვან მოფარიკავედ იტალიელი ედოარდო მანჯაროტი ითვლება, რომლის აქტივშიც 13 მედალია (6 ოქრო, 5 ვერცხლი, 2 ბრინჯაო), ყველაზე მეტი – 7 ოქროს მედალი კი უნგრელ ალადარ გერევიჩს აქვს მოპოვებული. იტალიელები ლიდერობენ ქვეყნების მიხედვით ჩათვლაშიც. აპენინელების მონაგარი 49 ოქრო, 43 ვერცხლი და 33 ბრინჯაოს მედალია. იტალიელებს კვალში საფრანგეთი (42, 41, 35) და უნგრეთი (37, 23, 27) უდგანან.

მოფარიკავეებს შორის შეჯიბრი ხდება სპეციალურ ბილიკზე, სიგანით 1.5-2 მეტრი და სიგრძით 14 მეტრი, რომელიც ელექტროგამტარი მასალისგან არის დამზადებული. ჩხვლეტები და დარტყმები, რომლებსაც მოფარიკავეები ერთმანეთს აყენებენ, სანათებით რეგისტრირდება სპეციალურ აპარატზე. ისინი ელექტრული სქემის მიხედვით ფიქსირდება, რომელიც მოფარიკავის იარაღისა და მისი ტანსაცმლის მეშვეობით გადადის. გამარჯვებულად ის მოფარიკავე ცხადდება, რომელიც პირველი მიაყენებს მეტოქეს 15 ჩხვლეტას.

თანამედროვე ფარიკაობაში ერთბაშად 12 მედალი თამაშდება: 6-6 კაცთა და ქალთა შორის, ხმალში, რაპირასა და დაშნაში, როგორც ინდივიდუალურად, ასევე – გუნდურ შეჯიბრში. ტოკიოში ფარიკაობაში შეჯიბრი 24 ივლისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება და მასში 212 სპორსტმენი იქნება ჩართული. მათ შორის მხოლოდ ერთი ქართველია: 27 წლის ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე.

ქართული ფარიკაობის ისტორია

საქართველოში ფარიკაობის ხელოვნებას უძველესი დროიდან იცნობდნენ და უმთავრესად სამხედრო საქმეში იყენებდნენ. ქვეყანაში ფარიკაობის პირველი სასწავლო ჯგუფი XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩამოაყალიბა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის ავსტრიელმა პედაგოგმა რუდოლფ ვაისმა. 1887 წელს ფარიკაობას თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მოსწავლეებიც გაეცნენ, 1894 წელს კი გადამდგარმა ოფიცერმა პეტრე სალტიკოვმა თბილისში დააარსა ფარიკაობის მოყვარულთა პირველი წრე. მანვე კომერციული მიზნით 1900 წელს გახსნა საფარიკაო დარბაზი. მოგვიანებით თბილისს კიდევ ერთი დარბაზი შეემატა. აქ ძირითადად ვარჯიშობდა ოფიცრობა და საზოგადოების შეძლებული ფენა, რომელთა მიზანი გართობა იყო და არა შეჯიბრებებში მონაწილეობა.

საქართველოს მოფარიკავეები სსრკ ჩემპიონატში 1944 წელს ჩაებნენ, პირველი ოქროს მედლები კი 1948 წელს მოიპოვეს (დაშნა, გუნდური – გიგა ერისთავი; ხმალი, გუნდური – ალექსანდრე ბათმანოვი). 1949 წელს საკავშირო ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა, ხმლით მოფარიკავეთა პირადი ტურნირი კი თბილისელმა ალექსანდრე ადაროვმა მოიგო. 1950-იან წლებში თბილისში რამდენიმე საფარიკაო ცენტრი შეიქმნა, მათ შორის არმიის სპორტულ კლუბში, სპორტსაზოგადოება “დინამოსა” და ფიზკულტურის ინსტიტუტში. ფარიკაობამ ფეხი მოიკიდა ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, გაგრაში, ზესტაფონსა და რუსთავშიც, სადაც რამდენიმე სპეციალიზებული სპორტული სკოლა გაიხსნა.

ფარიკაობის მიმდევართა წრე ისე გაფართოვდა, რომ ოსტატის ნორმატივს ყოველწლიურად 10-15 სპორტსმენი ასრულებდა. მათგან საუკეთესოებს სსრკ ნაკრებში იწვევდნენ. ამ გუნდის შემადგენლობაში პირველ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია დაშნით მოფარიკავე გურამ კოსტავამ, რომელმაც 1959 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში ვერცხლის მედალი დაიმსახურა, ორი წლის შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ქართველთაგან პირველმა ასევე კოსტავამ მიიღო ოლიმპიური მედალიც (ბრინჯაო, 1960), ოლიმპიური ჩემპიონობა კი ნუგზარ ასათიანმა მოიპოვა (1964 – ხმალი, გუნდური).

1960-იანი წლები ყველაზე წარმატებული გამოდგა ქართული ფარიკაობისთვის. კოსტავასა და ასათიანის გარდა, მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს იური ოსიპოვმა, რევაზ ცირეკიძემ, მორის სახვაძემ, გურამ ლორთქიფანიძემ, ძმებმა გიორგი, კოტე და არჩილ გოგელიებმა. ამ თაობის მოფარიკავეებს ავარჯიშებდნენ საქვეყნოდ ცნობილი მწვრთნელები: ტრიფონ მესხი, სიმონ საყვარელიძე, შოთა დარასელია. მოგვიანებით უმაღლესი სპორტული ტიტულები დაიმსახურა რაპირისტმა ვლადიმერ აფციაურმა. მან სსრკ ნაკრებთან ერთად ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო (1982), შემდეგ კი სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებში გაიმარჯვა.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია 1991 წლის 27 ივნისს დაფუძნდა, 1992 წლის 7 ივნისიდან კი ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციისა (FIE) და ევროპის ფარიკაობის კავშირის (UEF) წევრია. დამოუკიდებლობის წლებში საქართველოში ფარიკაობის განვითარება შეფერხდა და წარმატებებმაც იკლო, თუმცა, ბოლო პერიოდში აშკარა წინსვლა იგრძნობა, რისი დასტურიც ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძის ზედიზედ მე-2 ოლიმპიადაზე ასპარეზობაა. 27 წლის ქართველი მოფარიკავე მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილზე იმყოფება და ზურგს საკმაო წარმატებები უმაგრებს. სანდრო ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი (2013), 23 წლამდელებს შორის ევროპის ორგზის ჩემპიონი (2014, 2016) და მსოფლიო თასის ვერცხლის (2016) და ბრინჯაოს პრიზიორია (2019). მას არაერთი მედალი აქვს მოპოვებული მსოფლიო თასის და გრან პრის ეტაპებზეც.

ბაზაძის ოლიმპიური დებიუტი 2016 წელს რიოში შედგა, სადაც მან მე-13 ადგილი დაიკავა, ახლა კი, ქართველი მოფარიკავისგან უკეთეს შედეგებს ელიან. ტოკიოში სანდრო მე-8 ნორმად არის განთესილი და ვაჟთა შორის ხმლით მოფარიკავეთა ინდივიდუალურ შეჯიბრში 1/32 ფინალიდან ჩაერთვება. პირველ წრეში ის 25-ე ნომერ ეგვიპტელ მოჰაბ სამერს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი მოფარიკავე ზიად ელ-სისისა (ეგვიპტე) და ვენიამინ რეშეტნიკოვს (როკ) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. თუ ეს ეტაპიც გაიარა, დიდი შანსია, რომ ქართველი მეოთხედფინალში ოჰ სანგ-უკს (კორეა) შეხვდეს, რომელიც მსოფლიო რეიტინგში პირველია.

 

Myparts-ის ელ. კომერციის პლატფორმა „გაეშვა“

TikTok ასტონ მარტინის პარტნიორი გახდა და ფორმულა 1-ში პოზიციონირებისთვის ემზადება