ჰონკონგის ერთ-ერთ რაიონში 20 000 კვადრატული ფუტის საწყობი მდებარეობს, რომელშიც მცენარეები და ბოსტნეულია განთავსებული. ისინი მეწამული LED განათების ქვეშ იზრდება — აქ შიდა ფერმა ნიადაგზე არ არის დამოკიდებული და გასაზრდელად წყლის მინიმალურ რაოდენობას იყენებს. და, ალბათ, ამ ფერმის ყველაზე გასაოცარი თვისება მცენარის ფორმისა და ზომის შეცვლის უნარია.
საწყობის LED ნათურებს შეუძლია, მცენარის ზრდა შუქის სხვადასხვა ტალღის სიგრძის გამოყენებით შეცვალოს. Farm66-ის თანადამფუძნებლის გორდონ ტამის თქმით, ლურჯი სინათლე ხელს უწყობს მცენარის ზომის გაზრდას, ხოლო წითელი შუქი — შემცირებას. ამრიგად, ამ ტექნოლოგიის სარგებლიანობა რამდენიმე კუთხით გამოიხატება… მაგალითად, პომიდვრისა და მარწყვის შემთხვევაში ფოთლების ზომის შემცირებაა საჭირო, ხოლო სალათის ფოთოლი რაც უფრო დიდია, მით უკეთესია.
თუმცა Farm66-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ექსპერიმენტი ბაზილიკის ფოთლების შექმნა იყო, რომელიც ადამიანის თავის ზომას აღემატებოდა. საწყობი საკუთრებაში არსებულ აკვაპონიკის სისტემას იყენებს, თავისი მცენარეების შესანარჩუნებლად. აკვარიუმები კი ბოსტნეულის ქვეშ არის განლაგებული, რადგან მცენარეები თევზის წყლის სისტემის ფილტრაციას ეხმარება.
გარდა ამისა, Farm66-ის ნაწილია მინი-ფერმები სკოლებისთვის, სახლებისთვის და ბიზნესისთვის. ყველაფრის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საკუთარი საკვების მოყვანის კულტურის განვითარების კუთხით. სახლში მოყვანილი პროდუქციის საჭიროება და მასზე მოთხოვნილება პანდემიის დროს გაიზარდა, როცა სუპერმარკეტებში თაროები დაცარიელდა… ამრიგად, Farm66-მა იპოვა შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმო ინდუსტრიისთვის.