in

FAS Group – თქვენი დამხმარე საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობაში

„მიანდეთ საქმე პროფესიონალებს” – ეს იმ კომპანიის მთავარი მესიჯია, რომელზეც დღეს უნდა მოგიყვეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მცირე თუ დიდ ბიზნესს შეხვდებით, რომელიც მსგავსი ტიპის შეტყობინებას უგზავნის პოტენციურ მომხმარებელს, ჩვენს დღევანდელ რესპონდენტთან საუბრის მერე მივხვდით, რომ ამ კომპანიაში ხარისხი ნამდვილად პრიორიტეტულია და ეს მათ საქმიანობაზეც აისახება.

საუბარია კომპანია FAS Group-ზე, იგივე „ეფ ეი ეს ჯგუფი”, რომელიც სრულ საბუღალტრო და აუდიტორულ სერვისებს სთავაზობს სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე ბიზნესს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დიდი ხანი არ არის, რაც ბაზარზე შემოვიდა, უკვე დიდი წარმატებით საქმიანობს და არაერთ კლიენტს უწევს ხარისხიან ფინანსურ მენეჯმენტს. ამ გუნდის ღირებულებები ბუღალტერიის სფეროში მრავალწლიან გამოცდილებას ეფუძნება და კომპანიაში მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს დიდი ცოდნა და გამოცდილება განაპირობებს იმ მაღალ ხარისხს, რომელსაც სთავაზობენ თავიანთ მომხმარებლებს.

FAS Group-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, მის დამფუძნებელს, ნათია სხვიტარიძეს გავესაუბრეთ:

M: ნათია, მოგვიყევით კომპანია „ეფ ეი ესზე”, რამდენი ხანია, რაც ბაზარზე ხართ და რა სერვისებს სთავაზობთ კლიენტებს?

„ეფ ეი ეს ჯგუფი” უკვე 1 წელია, რაც აქტიურად მუშაობს ბაზარზე. ჩვენი მთავარი ხაზი არის ბუღალტერია, ფინანსები და აუდიტი, საგადასახადო და საკონსულტაციო სერვისები. რომლებსაც ბიზნესს ვთავაზობთ როგორც აუთსორსზე, ისე შეგვიძლია ადგილზე გავუგზავნოთ ჩვენი წარმომადგენელი კომპანიას, მისი საჭიროებიდან და მოცულობიდან გამომდინარე. 

M: თქვენს გამოცდილებაზეც გვითხარით რამდენიმე სიტყვა, რა გამოცდილება გაქვთ აღნიშნულ სფეროში, რა პროექტებზე გიმუშავიათ და სხვა…

ჩვენი გუნდი ძლიერია იმით, რომ ძალიან მაღალკვალიფიციური კადრები გვყავს. უმეტესობას, ვინც ჩვენთან მუშაობს, საბუღალტრო სფეროში 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. პირადად მე რაც შემეხება, 10 წელზე მეტია, ვმუშაობ როგორც კერძო სექტორში, ისე საერთაშორისო პროექტებზე, ევროკავშირის, USAID-ისა და მსგავსი ტიპის ორგანიზაციებთან. მაგისტრატურა ინგლისში, ჩესტერის უნივერსიტეტში დავასრულე საერთაშორისო ფინანსების მიმართულებით და ყოველთვის, როდესაც ახალ კადრებს ვარჩევ, დიდ ყურადღებას ვაქცევ მათ ცოდნასა და გამოცდილებას.

რაც შეეხება პროექტებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ როგორც კომპანია პატარა ვართ და არავითარი რეკლამა აქამდე არ გაგვიკეთებია, ჯამში დაახლოებით 50-ზე მეტ მცირე თუ საშუალო ბიზნესს ვემსახურებით, რომელთა შორისაც არიან როგორც ქართული, ისე უცხოური ორგანიზაციებიც.

M: ვინ არის თქვენი ძირითადი სეგმენტი და ვისთან თანამშრომლობთ?

მიუხედავად იმისა, რომ გვყავს უფრო დიდი კომპანიებიც, ძირითადად მაინც მცირე და საშუალო ბიზნესს ვემსახურებით. ჩვენი მიმართულებებია წარმოება, მშენებლობა, სავაჭრო ქსელები, ტურიზმი და სხვა. ასევე ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაც ძალიან გვეამაყება, რადგან ამ ტიპის ორგანიზაციებს კერძო სექტორისგან განსხვავებული სპეციფიკა და აღრიცხვის წესი აქვთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასამთავრობო სექტორი ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.

M: ბაზარზე კონკურენცია მაღალია. რითია გამორჩეული FAS Group სხვებისგან?

სწორად აღნიშნეთ, ბაზარი ნამდვილად დიდია ამ მხრივ და ვერაფრით გაუწევ კონკურენციას სხვას, თუ მაღალი პროფესიონალიზმი არ აჩვენე შენს მომხმარებელს. ჩვენი გუნდის დევიზი ისაა, რომ შეიძლება სხვები აკეთებენ ბუღალტერიას კარგად, მაგრამ ჩვენსავით ვერავინ აკეთებს. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ მოსულან კომპანიები, რომლებსაც ძალიან არეული აქვთ ფინანსური მენეჯმენტი და ჩვენ დაგვილაგებია. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მსგავსი კომპანიები ჩვენს ერთგულ მომხმარებლებად რჩებიან. გვყავს ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი, რომელიც რეკომენდაციას გვიწევს სხვა კომპანიებთან, შემდეგ ისინი მოდიან ჩვენთან და თავადაც რწმუნდებიან იმაში, რომ ჩვენთან თანამშრომლობა სასიამოვნო გამოცდილებაა. 

M: ხშირად დავობენ იმაზე, ბიზნესის მფლობელებმა თავად უნდა აწარმოონ ბუღალტერია თუ დაუკვეთონ სხვას. თქვენ რას ურჩევდით საკუთარი გამოცდილებით?

ბუღალტერია საკმაოდ შრომატევადი საქმეა და მცოდნე ადამიანები სჭირდება, რომლებსაც ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. გარდა ამისა, ის დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს, ამიტომ ალბათ კომპანიებს ვურჩევდი, რომ თუ მშვიდად ყოფნა, საქმის გამარტივება და ბიზნესის მართვის სხვა საკითხებზე კონცენტრირება უნდათ, სჯობს დაიქირავონ საბუღალტრო კომპანია და ჩააბარონ მას თავიანთი ფინანსები. სიმშვიდის კიდევ ერთი გარანტი მომხმარებლებისთვის არის ის, რომ  ჩვენი მომსახურება დაზღვეულია 500 000 ლარამდე.

M: როგორ ეხმარება ბიზნესსა და მეწარმეს ფინანსების მართვა წარმატებულ საქმიანობაში, რა პრობლემებს შეიძლება წააწყდეს პროფესიონალური ფინანსური მენეჯმენტის გარეშე?

პირველ რიგში, თუ კომპანია გამოცდილ ბუღალტრებთან არ თანამშრომლობს, ჩნდება რისკი, რომ რაიმე სიახლე გამოეპარება. არასწორად გაკეთებული ბუღალტერიის ყველაზე მძიმე შედეგი, როგორც წესი, ჯარიმები არის ხოლმე, რომლებიც ეკისრება ბიზნესს რაიმე ცდომილების აღმოჩენის შემთხვევაში. ჯარიმებს რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერმა კომპანიამ უნდა იცოდეს, რა წერტილშია – მოგება გაიზარდა თუ არა, რომელი პროდუქტი შეიძლება უფრო განავითაროს ან რომელი ამოიღოს, რა პრობლემები აქვს და ა.შ. ამ ყველაფერში სწორედ ფინანსური მენეჯერები ვეხმარებით.

FAS group-ში ასევე გვიყვებიან, რომ გარდა მეწარმეების მომსახურებისა, კომპანია ახალი კადრების გადამზადებაზეც მუშაობს. ამისთვის მათ შექმნეს ბუღალტერთა სკოლა, რომლის ფარგლებშიც, საბაზისო ცოდნის მქონე ადამიანებს თავის გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებენ, ტრენინგებს უტარებენ და შემდეგ, წარმატებულ კანდიდატებს ანაზღაურებად სტაჟირებებზე ტოვებენ. ამ სკოლის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბაზარზე საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა მაღალკვალიფიციური ბუღალტრებისადმი. 

კომპანია მუდმივად ცდილობს, იყოს ხარისხზე ორიენტირებული და კარგად გაართვას თავი მისთვის დაკისრებულ მრავალფეროვან ამოცანას, ამის გაკეთება კი პროფესიონალების გარეშე შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ერთ წელიწადს ითვლის, FAS Group-ის პორტფოლიო მდიდარია სხვადასხვა ინდუსტრიაში განხორციელებული წარმატებული პროექტებით და კომპანია აპირებს, რომ მთავარი ხაზი – ხარისხი, პროფესიონალიზმი და კმაყოფილი კლიენტები, სტაბილურად შეინარჩუნოს.

[R]

აღმოჩენილი ეგზოპლანეტების რიცხვი 5 000-ს აჭარბებს — ისტორიული მომენტი ისტორიაში

ხელოვნურმა ინტელექტმა 6 საათში 40 000 ახალი ქიმიური იარაღი შექმნა