10
Jul
2015

“Fashion+Art=Clothes” – ნინო ჩუბინიშვილი

10 Jul 2015

მოდისა და ხელოვნების შერწყმით, დიზაინერი ნინო ჩუბინიშვილი, იგივე ჩუბიკა, წლებია საინტერესო კოლექციებს ქმნის. უფრო მეტი ვიდრე მოდა, თუმცა არც სრულიად ხელოვნება – ასე ახასიათებს დიზაინერი თავის ნამუშევრებს. კონცეპტუალური მაღაზიის გახსნა ახალი ეტაპია ჩუბიკას შემოქმედებაში.

chubika 2ნინო ჩუბინიშვილი იგივე ჩუბიკა

მოდის სფეროში მოღვაწეობა 1994 წლიდან დავიწყე. Goslab-ის წევრი ვიყავი. ეს იყო არტისტების ჯგუფი – ნიკა მაჩაიძე, სალომე მაჩაიძე, გოგი ძოძუაშვილი, მაია სუმბაძე, გიო სუმბაძე, თეა ჯორჯაძე, ტუსია ბერიძე, ზაზა რუსაძე, თამუნა ქარუმიძე და მე, ნინო ჩუბინიშვილი. დღეს, ვფიქრობ ყველა მათგანი გადამწყვეტი ფიგურაა ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში.
ჩემი ცხოვრების შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი საფრანგეთი იყო და IFM- Institut Francais de la mode a Paris-ის მაგისტრატურა. შემდეგ ვმუშაობდი ფრანგული თანამედროვე ცეკვის დასში – დასის მხატვრად. ჩვენი სპექტაკლი Matter (რომლის ქორეოგრაფი და დამდგმელი რეჟისორი იყო Julie Nioche) შარშან წარადგინეს Avignion Festival -ზე.
ასევე ჩემს ცხოვრებაში მნიშველოვანი და აღსანიშნავი იყო გამოფენა Pierre Cardin-ის ცენტრში, ცნობილ ქართველ თეატრის მხატვრებთან ერთად, (პეტრე ოცხელი, სოლიკო ვირსალაძე, გოგი მესხიშვილი), სადაც ჩემმა ნამუშევრებმა მიიქცია Pierre Cardin -ის ყურადღება, რის შემდეგაც გამოთქვა ჩემი გაცნობის სურვილი. ჩვენ შევხვდით და დღემდე დაუვიწყარია ასეთ გენიალურ ადამიანთან ურთიერთობა.

chubika 1

პირველი ნაბიჯები მოდის ინდუსტრიაში

მიუხედევათ იმისა, რომ 1994 წლიდან მოდას ვემსახურები, რეალურად რასაც ინდუსტრია ჰქვია, დღეს ვიწყებ ამის კეთებას. ამ კომერციულ საქმიანობაში ვცდილობ მაქსიმალურად ხარისხიანი, საქართველოში წარმოებული პროდუქცია შევქმნა, რომელსაც მომავალში ექნება ხარისხობრივი ზრდა. ვთვლი, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს პოტენციალი, აქვე აწარმოო პროდუქცია. მე არ ვიშურებ ენერგიას რომ საქართველოში ავამაღლო წარმოების კლასი, ეს ჩემს მოქალაქეობრივ მოვალეობად მიმაჩნია.

მოდა, როგორც ხელოვნება

მოდა თავის იდეალში, რომლის სივრცეც არის Haute Couture, გულისხმობს კოსტიუმშივე იდეების განვითარებას, რომელიც ისეთივე შემოქმედებითი სფეროა როგორც მხატვრობა, მხოლოდ ფორმატია შეცვლილი.

მოდა, როგორც ბიზნესი

ბიზნეს მიდგომას ახასიათებს ერთი რამ: უნდა დაიცვა ბალანსი შემოქმედებითობასა და პრაქტიკულობას შორის, იმისთვის რომ სამოსი, რომელსაც ადამიანი იცვამს არ გადაიქცეს უნიფორმად. ვთვლი რომ Fashion crossing art არის ის პატარა, მაგრამ მნიშველოვანი ნიშა, სადაც შეგიძლია ღრმა შემოქმედებითი იდეები შეიტანო პროდუქტში და ყოველდღიური მოხმარების საგანი, გადააქციო მარტივ ინდივიდუალურ ობიექტად. ეს არის ის ნიშა სადაც მე კომფორტულად ვგრძნობ თავს.

chubika

კონცეპტუალური მაღაზია

როგორც კი მივხვდი სად არის ჩემი ბიზნესი და რა სივრცეში იკვეთება ჩემი შემოქმედებითი ხედვა ბიზნესთან – შევქმენი პროდუქცია, რომელიც მომეწონა და მივხვდი რომ მზად ვარ მაღაზიის გასახსნელად. ჩემს თავთან კომპრომისზე არ მივდივარ და ჩემი იდეები ერთმანეთთან ჰარმონიაშია. მოლოდინმა გაამართლა, მაღაზია კარგად მუშაობს. ვფიქრობ, იდეა და რეალობა მწიფდება და ეს გაჯერებულია თავდადებული შრომით და მთელი ჯგუფის ასევე თავდადებული მუშაობით. მჯერა, რომ ასეთი სიყვარულით ნებისმიერი იდეა ცოცხლდება. ამაშია ხელოვნების ვიტალური ძალა.

მარკეტინგის როლი მოდის ინდურსტრიაში

ისევე როგორც ნებისმიერ ბიზნესს, მოდის ინდუსტრიასაც სჭირდება მარკეტინგული აქტივობა, მაგრამ მოდა ბევრად ცოცხალი ორგანიზმია, ძალიან შემოქმედებიდათ ცვალებადი. ამიტომ ყოველდღე უნდა განავითარო და სიახლე შეიტანო, ყველა ჯერზე შენი პროდუქტი სხვადასხვა მხრიდან უნდა დაანახო იმ ადამინებს, ვინც ყიდულობს. ამ თვალსაზრისით, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო და შრომატევადია.

chubika 3

გეგმები

სამომავლო გეგმები – ეს არის ცვალებადი პროცესი. რა თქმა უნდა, სულ ვაპირებთ განვითარებას. ჩვენი პროდუქცია იქნება მუდამ შემოქმედებითი. ვთვლით, რომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ , ადამიანს (არა მხოლოდ მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელს), რომელსაც ამ სტილის ნამუშევრები მოსწონს, შეეძლოს საქართველოში შეძენა, რადგან ჩვენთვის ეს არა მხოლოდ კომერციული გათვლაა, არამედ სულიერიც.

ავტორი: ანკა სტურუა

განხილვა