14
Jan
2020

ჩინეთში „უცხოპლანეტელებზე მონადირე“ გიგანტური ტელესკოპი ამოქმედდა

14 Jan 2020

Alta
Alta


შაბათს, ჩინეთში ოფიციალურად ამოქმედდა გიგანტური ტელესკოპი, რომლის ერთ-ერთი მისიაც უცხოპლანეტელთა კვალის აღმოჩენაა. პროექტი 2011 წელს დაიწყო, 2016-ში პირველი გარდამტეხად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ტელესკოპის წარმატებული ტესტირების შემდეგ, წელს, მისი ამოქმედებაც მოხერხდა.

გიგანტურ ტელესკოპს, რომელიც ხუთასი მეტრის დიამეტრისაა და სფეროს ფორმა აქვს, „უცხოპლანეტელებზე მონადირესაც“ უწოდებენ, შემოკლებით კი FAST-ს (Five-hundred-meter Aperture Spherical radio Telescope). ჩინეთის ნაციონალური ახალი ამბების სააგენტო Xinhua-ს ცნობით, ნახევარი კილომეტრის დიამეტრის მქონე ტელესკოპი უკვე მუშაა და ელის მეცნიერებს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. ასტრონომებს შეეძლებათ კოსმოსს დააკვირდნენ ისე, როგორც აქამდე არასდროს იყო შესაძლებელი და მეტიც, FAST არის შანსი სხვა პლანეტებზე არსებული სიცოცხლის აღმოსაჩენად.

უნდა ითქვას ისიც, რომ FAST მსოფლიოში ყველაზე დიდი ერთთეფშიანი რადიოტელესკოპია. ჩინელი მეცნიერები მის გაშვებას ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბრისთვის გეგმავდნენ, თუმცა, ტესტირების საჭიროებებმა სავარაუდო თარიღის გადაწევა გამოიწვია. Xinhua-ს ცნობით, რამდენიმეკომპონენტიანი ტესტირების შედეგად, მეცნიერებმა 102 ახალი პულსარი (ნეიტრონული ვარსკვლავი) აღმოაჩინეს. ეს რაოდენობა აღემატება აშშ-სა და ევროპის სააგენტოების მიერ, ამ პერიოდში აღმოჩენილი პულსარების ჯამურ რაოდენობას. აღსანიშნავია ისიც, რომ FAST 2.5-ჯერ მგრძნობიარეა, ვიდრე პლანეტაზე არსებული სხვა რადიოტელესკოპები.

FAST-ს ლითონის პანელებისგან შექმნილი ზედაპირი აქვს, რომლის მართვაც კომპიუტერული მოწყობილობებითაა შესაძლებელი. მართვაში ვგულისხმობთ ტელესკოპის მიმართვას კოსმოსის სხვადასხვა ნაწილისკენ. გარდა ამისა, მიზნის მიხედვით, ციფრულად კონტროლირებადი მექანიზმის დახმარებით, მოძრავია ასტრონომებისთვის განკუთვნილი კაბინაც.

2019 წლის დეკემბერში, Space.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში განხილული იყო FAST-ის შესაძლებლობები. მათ შორის, ერთ-ერთი ასტრონომი – ლი კეჯია (Kavli Institute for Astronomy and Astrophysics at Peking University), ამბობდა, რომ FAST-ს პულსარების დროითი სისტემების შესასწავლად გამოიყენებენ და ასევე, გრავიტაციული ტალღების დასადგენადაც. ხოლო FAST-ის სამეცნიერო აღმოჩენებისა და მონაცემთა მიმართულების დირექტორი – ჟუ მინგი ამ დროს ამბობდა, რომ ტესტირებებისას, ციური სხეულებიდან მიღებული სიგნალების ნაწილი, შესაძლოა, უცხოპლანეტელებისგან ყოფილიყო წარმოებული. მით უფრო მაშინ, როცა რადიოტელესკოპი სიგნალებს აქამდე მიუწვდომელი გალაქტიკებიდანაც იჭერს. ჟუ მინგის თქმით, მონაცემთა 99% ერთმანეთისგან განსხვავებულ ხმებს/ხმაურს წარმოადგენს და იმისათვის, რომ რამეზე დაზუსტებით ვისაუბროთ, საჭიროა ამ მონაცემთა დამუშავება.

ტელესკოპი სამხრეთ დასავლეთ ჩინეთში, პიგტანგის პროვინციაში მდებარეობს.

განხილვა