in

„ფორსაჟს“ მიწაზე Gulf და ცაში „გალფ ავიაცია“ ამარაგებს

ჰოლივუდური ბლოკბასტერის, „ფორსაჟი 9-ის“ გადაღებები, თბილისში, დაახლოებით, ერთი თვეა მიმდინარეობს. Universal Pictures-ის ერთ-ერთი გახმაურებული ფილმის ფინალურ სცენას ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის გამზირზე, რიყეზე, თავისუფლების მოედანზე, რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბეთანიასა და თბილისის კიდევ რამდენიმე ქუჩაზე იღებენ.

 

Photo Credit: MYVIDEO.GE

გადასაღებ მოედანზე, ავტომობილებთან ერთად, საჰაერო და ჯავშანტექნიკაც გამოჩნდა. „ფორსაჟი 9“-ის ფინალურ ნაწილში, მსოფლიო, ქართულ „დიდგორსა“ და ახალ „სუპრასაც“ იხილავს.

Photo Credit: MYVIDEO.GE

ამ ტექნიკასთან ერთად, „ფორსაჟის“ გადაღებებზე Gulf-ის მანქანებიც ჩანს. პრინციპში, საუკეთესო ვარიანტია ბრენდის „ფლეისმენთისთვის“. თუმცა, აღმოჩნდა, რომ „გალფი“ მათთან თანამშრომლობს და  საწვავს ექსკლუზიურად აწვდის. როგორც კომპანიის მარკეტინგის დირექტორი ნინჩო ჯიბლაძე ამბობს, კონტრაქტის მიხედვით, ისინი, გადასაღებ მოედანზე გამოყენებულ სახმელეთო თუ საჰაერო ტექნიკას ამარაგებენ.

„გვაქვს ერთი, საერთო კონტრაქტი და ვამარაგებთ ყველა იმ ტექნიკას, რომელიც გადაადგილდება მიწაზე, ანუ ავტოპარკს. გარდა ამისა, კომპანია „გალფ ავიაცია“, რომელიც აწარმოებს საჰაერო შევსებებს საქართველოში, „ფორსაჟის“ გუნდს, საწვავს, საჰაერო ტექნიკისთვის აწვდის [„გალფ ავიაცია“, ქართულ ბაზარზე, 2007 წლიდან ოპერირებს და თანამედროვე საავიაციო საწვავის ტერმინალებით ემსახურება საქართველოს აეროპორტებს. „გალფ ავიაცია“ 2017 წლიდან „პეტროკას ენერჯის ჰოლდინგის“ წევრია]. მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. იყო ძალიან ბევრი მოთხოვნა, რომელიც ჩვენ სრულად დავაკმაყოფილეთ. სხვა დეტალებზე საუბრისგან, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებთ, რადგან ხელშეკრულება კონფიდენციალურია. თუმცა, გადაღებების დასრულების შემდეგ, როგორც კი ამის საშუალება მოგვეცემა, საზოგადოებას მეტ ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით“.

„ფორსაჟი 9“-ის [Fast & Furious 9] მსოფლიო პრემიერა 2020 წლის 10 აპრილსაა დაგეგმილი.

სიტყვა სიტყვაში – მექი გიორგაძის ნამუშევრები

რა ხდება, როცა კარიერაში ფულზე მაღლა სიამოვნებას აყენებთ?