სულ რამდენიმე წელია, რაც 19 ივნისს, საქართველოში “მამის დღე” აღინიშნება. ამ დღის მიზანია, ერთი მხრივ, იზეიმოს მზრუნველი მამების ამაგი, მეორე მხრივ კი, გაზარდოს მამების ჩართულობა შვილების აღზრდის პროცესში. წელს, მამის დღის აღსანიშნავად, მარკეტინგულმა საკონსულტაციო ჯგუფმა “ანაგრამა” სახალისო და მარტივი თამაში მოიფიქრა. თამაში თასმების შეკვრას ეხება. ეს პროცესი პატარებისთვის არც ისე მარტივია, სწორედ აქედან მოდის თამაშის სახელწოდებაც “ზავი თასმებთან”. თამაში სამი მარტივი წესისგან შედგება: 1. იხსენებ, როგორ ისწავლე თასმების შეკვრა 2. აჩვენებ შენს შვილს ან ერთად იგონებთ ახალ მეთოდს 3. შედეგს უზიარებ სხვა მამებს. კამპანიის ფარგლებში, “ანაგრამამ” სპეციალური მისალოცი შექმნა, ფეხსაცმლის ვიზუალით, რომელსაც ნამდვილი თასმა “უკეთია” და თამაშში 100 მზრუნველი მამა ჩართო. დეტალებზე “ანაგრამას” თანადამფუძნებელი, თაკო როდონაია, გვესაუბრა:
“ჩვენ გვინდა უბრალოდ და მარტივად შევეჭიდოთ მნიშვნელოვან თემებს და სხვადასხვა კომპანიებსა და ორგანიზაციებთან ერთად, საზოგადოებას სახალისო ფორმით მნიშვნელოვანი საკითხები შევახსენოთ. ჩვენი ჯგუფის მთავარი მიზანი სიტყვა ანაგრამაშიც კარგად ჩანს. როგორც ასოების გადაადგილებით შეიძლება ახალი მნიშვნელობა შესძინო სიტყვას, სწორედ ასევე, საკომუნიკაციო მოცემულობის დეტალების ადგილის შეცვლით, საკითხის სხვა რაკურსით დანახვით და სასარგებლო კომპონენტის დამატებით, შეიძლება სრულიად განსხვავებული, ორმაგად სასარგებლო შედეგი მიიღო. ჩვენ ამ იდეის და მიზნის გვჯერა და მეტიც, ვგრძნობთ რომ ბუნებით ანაგრამელი ბავრი ადამიანია ჩვენ გარშემო, ამიტომ ჩვენი ახალფეხადგმული კომპანია მათთან სამეგობროდ და მათი იდეების მხარდასაჭერად მუდამ მზადაა.
მამის დღეს ანაგრამა გვერდს ვერ აუვლიდა, რადგან ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, როდესაც გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-მა კამპანიას „კაცები ზრუნავენ“ ჩაუყარეს საფუძველი ჩვენი გუნდის წევრებმა ამ იდეას მხარდაჭერა მაშინვე გამოუცხადეს და ყოველ წელს ვცდილობთ გამოვეხმაუროთ ამ ინიციატივას.
ვიცით, რომ ჩვენ გარშემო ბევრი მავნე სტერეოტიპი არსებობს. ეს ხშირად გვაფერხებს და საკითხის ახლებურად დანახვაში ხელს გვიშლის, მაგრამ იმაშიც დარწმუნებულები ვართ, რომ შესაფერისმა პროექტებმა და თანმიმდევრულმა, სწორმა კომუნიკაციამ შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს უკეთესობისკენ. წლევანდელი მამის დღის თემად თასმებთან დაზავების საკითხი ავირჩიეთ და მამებს შევთავაზეთ ამ საქმეში აქტიურად ჩაერთნონ, ივარჯიშონ შვილებთან ერთად და თუ რაიმე ხრიკი იციან ამ პრობლემის გადასაჭრელად, სხვებსაც გაგვიზიარონ. ჩვენს მისალოცს ამოსაბეჭდი ვერსია ახლავს თან. ოდნევ სქელი ქაღალდი, ნებისმიერი თასმა და მამების სურვილი ჩვენს აქტივობაში ჩაერთონ, გვგონია, რომ მნიშვნელოვან შედეგს მოგვცემს.
წელს ანაგრამამ ერთგვარი მამის დღის კალენდარიც შეიმუშავა და ვეცდებით, ყოველ წელს, ახალი სავარჯიშო შევთავაზოთ მამებს და გავიხსენოთ, რომ მამების ჩართულობა ბავშვის დაბადების პირველივე დღიდან უმნიშვნელოვანესია.”