გასულ კვირას ინტერნეტში, მორიგი ძიების პროცესში, ახალ მუსიკალურ პროექტს –„FAU-ს” წავაწყდი – სასიამოვნო, ემოციური ვოკალით დატვირთული მუსიკა, რომელიც, ვფიქრობ, ბევრის ზაფხულის მომენტებს გაალამაზებს. #თაობა გთავაზობთ ინტერვიუს ახლადშექმნილი პროექტის წევრებთან:
M: პირველ რიგში, გაგვაცანით თქვენი თავი, საიდან დაიწყო თქვენი მუსიკალური მოგზაურობა?
ორი მუსიკოს მეგობარს (დიმიტრი კობეშავიძე და გიორგი ღვედაშვილი), გვაკავშირებს ხუთწლიანი ერთობლივი მუსიკალური საქმიანობა. კარანტინის პერიოდში გადავწყვიტეთ, პროექტ FAU-ს ფარგლებში, შეგვექმნა განსხვავებული საავტორო მუსიკა, რომელიც ასახავს ჩვენს ხედვას. როგორც აღმოჩნდა, მუსიკალური გემოვნების დამთხვევის შედეგად, მარტივად და ჩვენთვის საინტერესოდ წარიმართა ეს პროცესი.
M: როგორია თავად მუსიკის შექმნის და იდეების გენერირების პროცესი? როგორ არის გადანაწილებული ეს საქმეები?
მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენი ყველა ნამუშევარი არის შექმნილი დისტანციურად, ორ საძინებელ ოთახში. იდეის გაჩენისთანავე, ერთი საძინებლიდან ხდება შავი მასალის მეორეში გადაგზავნა და დამუშავების, სხვადასხვა მელოდიისა და ვოკალის დამატებით იგზავნება ისევ თავდაპირველ საძინებელში. ასე გრძელდება მანამ, სანამ ტრეკი საბოლოო სახეს არ მიიღებს.
M: თქვენი პირველი ჩანაწერები სწორედ საყოველთაო კარანტინის დროს გამოჩნდა, რამდენად ნაყოფიერი იყო ეს პერიოდი თქვენთვის მუსიკალური მიმართულებით?
ჩვენი საქმიანობა ყოველთვის დაკავშირებული იყო არასაავტორო მუსიკასთან და დროის უქონლობის გამო ვერ ხერხდებოდა საავტორო მუსიკაზე მუშაობა. იმის გათვალისწინებით, რომ კარანტინის პერიოდში გამოგვიჩნდა მეტი თავისუფალი დრო, შევძელით ჩვენი იდეებისა და სურვილების განხორციელება, რაც საკმაოდ პროდუქტიული პროცესი აღმოჩნდა.
M: თქვენი მუსიკა საკმაოდ მელოდიურია, შეიძლება ითქვას perfect საზაფხულო ჟღერადობაა – ვინ არიან მუსიკოსები რომლებსაც თავად თქვენ უსმენთ და ინსპირაციას იღებთ?
ჩვენი ნამუშევრები მოიცავს სხვადასხვა ჟანრის მუსიკას შესაბამისად, რთულია გამოვყოთ კონკრეტული არტისტი, რომელმაც გავლენა მოახდინა ჩვენი ხაზისა და სტილის შექმნაზე. თუმცა, დღევანდელი მუსიკალური ტენდეციები გვაჩვენებს რომ მუსიკის ვოკალურ ხაზში იკარგება მელოდიურობა, შესაბამისად ვცდილობთ, ძველი მუსიკალური ელემენტების თანამედროვე ჟღერადობაში გადმოტანას.
M: ფაქტია, რომ კომპოზიციები საკმაოდ დასამახსოვრებელია, როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ფართო აუდიტორიაზე გასვლას და რამდენად ეყოლება თქვენს მუსიკას მსმენელი?
სურვილი რა თქმა უნდა არის, თუმცა ჩვენი საავტორო მუსიკა ქართული მსმენელისთვის არასტანდარტულია. აქედან გამომდინარე, პირველ ეტაპზე, გვინდა, მოვიზიდოთ ისეთი მსმენელი, რომელიც დაინტერესებულია ახალი მიმართულებებით.
M: აპირებთ თუ არა უკვე არსებულ კომპოზიციებს თავი მოუყაროთ და ალბომი ან EP გამოუშვათ?
რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ალბომის შექმნაზე.
M: რაც შეეხება კოლაბორაციებს, არიან თბილისში ადამიანები, ვისთანაც მუსიკალურად ახლოს გრძნობთ თავს და მომავალში კოლაბორაციასაც არ გამორიცხავთ?
რა თქმა უნდა. ბევრი არტისტია, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, ძვირადღირებულ სტუდიებში ან თუნდაც სახლის პირობებში, განახორციელონ თავიანთი იდეები. ჩვენთვის საინტერესო იქნება ასეთ არტისტებთან კოლაბორაცია.
M: რა არის უპირველესი მომავლის გეგმები FAU-სთვის?
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ FAU არ არის მხოლოდ ორი მუსიკოსი, ეს არის სივრცე, რომლის მთავარი იდეაა ქართული მუსიკალური ბაზრის გამდიდრება სიახლეებით. ჩვენი პირველადი მიზანია, FAU-ს გუნდის გაზრდა, მსმენელთა აუდიტორიის ჩამოყალიბება და ალბომი.
ავტორი: ჯაბა შავიშვილი










