20
Oct
2019

ადამიანის კანში გახვეული „სმარტფონი“, ანუ გაჯეტების მომავალი

20 Oct 2019

Alta
Alta


გაიხსენეთ, რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ საათობით, უაზროდ „სქროლავთ“ სმარტფონს? ერთხელ თუ მაინც გიფიქრიათ, რას გრძნობს ეს პატარა გაჯეტი? არა, რა თქმა უნდა, ის ხომ უსულო საგანია, რომც გეკითხათ, როგორ გიპასუხებდათ? თუმცა, ამ „გაურკვევლობას“ ხელი არ შეუშლია Telecom Paris-ის თანამშრომლის მარკ ტეისესა და მისი კოლეგებისთვის, შეექმნათ ტელეფონის „ქეისი“, რომელიც ადამიანის კანის მსგავსია და მასთან შეხების იმიტაციას/შეგრძნებას ქმნის.

 

არ გაგიკვირდეთ, რომ ეს კონცეფცია Netflix-მა თავისი საკულტო სერიალის, Black Mirror-ის ერთ-ერთ ეპიზოდში გამოიყენოს. წარმოიდგინეთ, გაჯეტს  აკრავთ „ქეისს“ და მას, როგორც ნამდვილ კანს, შეუძლია ნებისმიერი შეხების, ბიძგის თუ დარტყმის აღქმა და იდენტიფიცირება, სხვადასხვა აპლიკაციაზე რეაგირება.

ამ ხელოვნურ კანს Skin-On Interface ჰქვია და მისმა შემქმნელებმა ჟესტური და სენსორული კომპონენტების აღსაქმელად და დამატებით იმ ემოციების განსაზღვრისთვის დააპროგრამეს, რომელსაც ეს ურთიერთქმედებები უკავშირდება. მარტივად რომ ვთქვათ, გაჯეტებით კომუნიკაციაში მათ ადამიანური კონტაქტი და რეალური შეგრძნებები შემოიტანეს.

„მე ადამიანისა და გაჯეტის ერთმანეთთან შეხებისას მათ ურთიერთქმედებებს ვსწავლობ. ვინმეს პირისპირ რომ ვესაუბრებით, ხშირად ვეხებით და ასე უფრო მეტად ვაგრძნობინებთ ჩვენს ემოციას, მეტ ეფექტს ვახდენთ და საბოლოო ჯამში, ეს საუბარი ემოციურად უფრო მრავალფეროვანი და დატვირთული გამოდის. ახლა კი როდესაც კომუნიკაციის მთავარი წყარო ტექნოლოგიებია, ერთმანეთის მიმართ სენსორული ზემოქმედების შეგრძნება დავკარგეთ“,- ამბობს Skin-On Interface-ის შემქმნელი.

მისივე თქმით, ადამიანის, თუნდაც, ყველაზე მარტივი შეხების და შემდეგ ამ შეგრძნების ხელოვნურად კოპირება მარტივი ნამდვილად არ არის. ძირითადი პროტოტიპების შესაქმნელად, საჭირო პროგრამული თუ ტექნიკური უზრუნველყოფით, გუნდს 3 თვე დასჭირდა. ხელოვნური კანის მასალის „ქეისზე“ დატანა კი ყველაზე რთული პროცესი აღმოჩნდა.

 

„ძალიან რთულია ელასტიური და დრეკადი ფაქტურის შემუშავება, რომელიც შეხების იდენტიფიცირებასაც მოახდენს“, – ამბობს მარკ ტეისე. ​

მკვლევარებმა ხელოვნური კანის ორი ვარიანტი შექმენს: ერთი – მარტივი, ერთფერიანი [ერთ ტონში], მეორე – ულტრარეალური. ორივე პროტოტიპი, ადამიანის კანის მსგავსად, რამდენიმე ფენისგან, შრისგან შედგება. მობილურის „ქეისის“ გარდა, მათ, Skin-On Interfaces-ის კომპიუტერის „მაუსის“ ჩასადები და ჭკვიანი საათის სახელურებიც შექმნეს.

მარკ ტეისე და მისი გუნდი ნამუშევრებს ნიუ-ორლეანში, ACM Symposium on User Interface Software and Technology-ზე წარადგენს. როგორც მკვლევარმა  Gizmodo-სთან საუბრისას აღნიშნა, მას ეს პროექტი „გაჯეტების ანთროპრომორფული [ადამიანის მსგავსი] მომავლის წარმოჩენისა [და შესაძლო განვითარებისთვის] შექმნა“.

 

 

განხილვა