ფავორიტი რეკლამების სერიაში სტუმრად ვიდეოკონტენტ სააგენტო CONTACT-ის კრეატიული დირექტორი გოგიტა ჩიკვაიძე გვყავს. მას მრავალწლიანი ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოცდილება უმაგრებს ზურგს როგორც სარეკლამო, ასევე კინოწარმოების სფეროებში. ამჯერად, გოგიტა ჩიკვაიძე თავის რჩეულ სამ რეკლამას გვიზიარებს:
თანამედროვე სამყაროში, როცა მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრია მუდმივად ახერხებს ჩვენს გაოცებას და ინსპირაციებით განებივრებას, არც ისე მარტივი ყოფილა 3 ფავორიტი რეკლამის გამოყოფა. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მრავალგზის გამოცდილ გზას დავადექი და გადავწყვიტე ის სამეული გაგიზიაროთ, რომელიც პირველი ამომიხტა გონებაში.
Panda Cheese – Never Say No To Panda
2010 წელს, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო ეგვიპტეში შექმნილ გენიალურ კამპანიაზე – Never Say No to Panda ალაპარაკდა. რეკლამის შემქმნელებმა მოახერხეს და ოსტატურად შეასრულეს ურთულესი ამოცანა – აგრესიული ქცევა სახალისოდ მოგვაწოდეს. თემატური სიმღერისა (Buddy Holly – True Love Ways) და პანდას შეშლილი ქმედება ბრწყინვალედ ერწყმის ერთმანეთს. რეკლამის შინაარსი ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს. სწორედ ამიტომ, ერთი მხრივ, დასაფასებელია სააგენტოსგან იდეის სწორად მიტანა კლიენტამდე, ხოლო მეორე მხრივ, კლიენტის გამბედაობა და რისკის აღება.
ეს რეკლამა, ნამდვილად იყო ახალი სიტყვა ინდუსტრიაში და დამსახურებულად ითვლება ჟანრის კლასიკად.
Diesel – Go With The Flaw
დიდი ხანია, რეკლამა აღარ არის მხოლოდ პროდუქტის წარდგენისა და გაყიდვის საშუალება. ჩვენ რეკლამებიდან ვხედავთ ბრენდის ღირებულებებსა და ხასიათს. დიზელის ეს კამპანია სწორედ ის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომელიც აუდიტორიას მნიშვნელოვან ფასეულებებზე აფიქრებს. ბრენდი ამ კომუნიკაციით საზოგადოებას მოუწოდებს იყვნენ გამბედავები, სიამაყით ატარონ და მიიღონ ის მახასიათებებლები საკუთარ თავში, რომლებსაც სოციუმის ძირითადი ნაწილი შეიძლება ნაკლად მიიჩნევდეს და იყვნენ თავდაჯერებულები და არაჩვეულებრივები. Publicis Italia-მ ეს ვიდეო უდიდესი სიფრთხილითა და ესთეტიკით შექმნა. გარდა შინაარსისა, აღსანიშნავია ბრენდისთვის დამახასიათებელი მკაფიოდ განსაზღვრული სამიზნე აუდიტორია – ვისთვის იქმნება დიზელი. შესანიშნავად არის დამიზნებული და გარტყმული.
Allegro – Czego szukasz na co dzień? (What are you looking for every day?)
პოლონური ონლაინ მაღაზიის ეს რეკლამა, ვფიქრობ, რაციონალურად განხილვას არ საჭიროებს. თუნდაც სარეკლამო სფეროს წარმომადგენელი იყო, ვიდეოს ნახვისას ნამუშევრის შეფასება უკანა პლანზე გადადის, რადგან უანგარო სიყვარულისა და ზრუნვის ილუსტრაციაა მთავარი მიზანი, ის რის ნაკლებობასაც საზოგადოება ხშირად განიცდის. მშობლებისა და შვილების ურთიერთობა (რაც კამპანიის სხვა ვიდეოებშიც არის წარმოჩენილი) თითქოს ძალიან მარტივი ინსაითია, თუმცა ამასთან მაყურებლის უმეტესობისთვის კარგად ნაცნობი. სწორედ ეს იწვევს მძაფრი ემოციებისა თუ სენტიმენტების გაღვიძებას, დაფიქრებას და აჩენს საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენის რეალურ შესაძლებლობას. ამ ემოციებთან ერთად, ცხადია უშუალოდ პროდუქტი გონებაში რბილად, თუმცა მტკიცედ იბეჭდება.