in

FC Gagra-ს გზა პატარა გულშემატკივრებამდე – „ჟირაფი ჟოზეს“ სამყაროში დაბადებული „გაგრინიო“

საფეხბურთო კლუბების როლი თანამედროვე საზოგადოებაში მხოლოდ სპორტულ მიღწევებს აღარ უკავშირდება. ისინი გავლენას ახდენენ თაობებზე, ქმნიან ემოციებს და ხშირად იქცევიან იმ ისტორიების მატარებლებად, რომლებიც პატარა გულშემატკივრების მეხსიერებაში ადრეული ასაკიდან ილექება. სწორედ ამ კორპორატიული პასუხისმგებლობიდან დაიბადა საფეხბურთო კლუბ „გაგრასა“ და ჟირაფ ჟოზეს ერთობლივი პროექტი, რომელმაც ანიმაციურ სამყაროში ახალი გმირი – „გაგრინიო“ გააცნო მაყურებელს. 

პროექტის იდეა რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა, როდესაც საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ პრეზიდენტმა, ბესიკ ჩიხრაძემ, ჟირაფ ჟოზეს გუნდს თანამშრომლობის სურვილით მიმართა. საუბარი თავიდანვე შეეხო ღირებულებებს, საერთო ხედვასა და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც FC GAGRA-ს აქვს ბავშვებისა და მომავალი თაობების წინაშე – იმ გზავნილების გათვალისწინებით, რასაც კლუბი საკუთარი სახელით ატარებს. 

„ეს იდეა უბრალო დაკვირვებიდან დაიბადა. თამაშებზე ხშირად ვხედავ პატარა გულშემატკივრებს, რომლებიც გულით ქომაგობენ „გაგრას“ და მშობლებს ეკითხებიან – თამაშის შემდეგ, სად მიდის ეს გუნდი, სად არის მისი სახლი. ამ კითხვებმა დამანახა, რომ ბავშვებში ბუნებრივად ჩნდება ინტერესი და სურვილი, გაიგონ მეტი. მე თავად გაგრელი ვარ და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მათ ადრეული ასაკიდანვე იცოდნენ, რომ გაგრა და აფხაზეთი საქართველოა და ეს სახელები დავიწყებას არ მიეცეს.“ – ბესიკ ჩიხრაძე, საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ პრეზიდენტი. 

იდეის განხორციელებისთვის საჭირო იყო ბავშვებისთვის უკვე კარგად ნაცნობი ფორმატი. სწორედ ასეთ გარემოს ქმნის ჟირაფი ჟოზე – თავისი ანიმაციებითა და გმირებით, რომელიც ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი, სანდო და პოპულარული სივრცეა.

„რამდენიმე თვის წინ დამიკავშირდა საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ დამფუძნებელი ბესო ჩიხრაძე, რომელმაც ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. პირველივე შეხვედრაზე მე და ირაკლი ნადირაძე მივხვდით, რომ ეს იყო შემოთავაზება, როდესაც ერთის მხრივ, ესმით და იზიარებენ ჟოზეს, როგორც საბავშვო ბრენდის ღირებულებებს, ხოლო მეორეს მხრივ, არის თემა, რომელიც აბსოლუტურ თანხვედრაშია ჩვენს ხედვასთან – სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია. ჩვენი ამოცანა იყო, საინტერესო სერია შეგვექმნა და, ამავდროულად, მეგობარიც. 

მუშაობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ დეტალებს – „გაგრინიოს“ ხასიათს, იუმორსა და მუსიკას. მუსიკა აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ის ქმნის პირველ ემოციას ბავშვთან. მასზე მიშა ცინცაძემ იმუშავა, რომელიც ჟოზეს არაერთი ჰიტის ავტორია, ხოლო ტექსტი დაწერა ჟოზეს სიმღერების ტექსტების ავტორმა, შესანიშნავმა პოეტმა, ზაზა ბიბილაშვილმა.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ გუნდს და პირადად ბესიკ ჩიხრაძეს ნდობისა და კარგი თანამშრომლობისთვის. წარმატებებს ვუსურვებ „გაგრინიოს“ და იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს მომავალში კლუბ „გაგრას“ საერთაშორისო ტურნირებზე ვიხილავთ, სადაც მისი სახელი კიდევ ერთხელ ღირსეულად გაჟღერდება.“ – გიორგი მარშანია, „ჟირაფი ჟოზეს“ ანიმაციური პროექტების შემქმნელი, სცენარისტი და პროდიუსერი.

სერია რამდენიმე დღეა რაც ჩაეშვა „ჟირაფი ჟოზეს“ ოფიციალურ იუთუბ არხზე და ამ დროის განმავლობაში 100 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა. ახალი პერსონაჟი „გაგრინიო“ უკვე იწყებს საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ჟირაფ ჟოზეს სამყაროში და საფეხბურთო თემას ბავშვებისთვის გასაგებ, ახლობელ ფორმაში აცნობს. ეს მხოლოდ დასაწყისია პროცესის, რომელიც ინტერესს, კითხვებსა და ჩართულობას ეტაპობრივად გაზრდის და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს მთავარ გზავნილს: „აქ იწყება საქართველო.“

[R]

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ინოვაციური სასწავლო გარემო BTU AI ინერგება

არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დღეს სრულდება