in ,

თბილისის ლოკომოტივს ახალი ლოგო აქვს – საფეხბურთო კლუბის ბრენდინგი

ს.კ. ლოკომოტივს ახალი, თანამედროვე საფეხბურთო კლუბის იერსახის ლოგო აქვს, რომელიც, იმავდროულად, კლუბის სიძველესა და მდიდარ საფეხბურთო ტრადიციას უსვამს ხაზს. ლოგოს ცვლილების გარდა, გაკეთდა თბილისის ლოკომოტივის სრული ბრენდინგი, რაც შემთხვევითი არაა: კლუბი ახალი სეზონისთვის ემზადება, რომელიც მარტში დაიწყება და ასევე, ახალ პროექტებსა და ინიციატივებზე მუშაობს. ლოკომოტივის ბრენდინგზე გერმანიაში მოღვაწე არტ-დირექტორმა, ერეკლე ინაშვილმა იმუშავა. მისი თქმით, თბილისის ლოკომოტივმა სხვა საფეხბურთო კლუბების პრაქტიკა გაიზიარა და ახლა უკვე ნებიმიერი საკომუნიკაციო პლატფორმის მეშვეობით შეუძლია თავი დაიმკვიდროს, როგორც ცოცხალმა და ძლიერმა საფეხბურთო ბრენდმა:

bog
bog-mob

ერეკლე ინაშვილი

M: რა იდეის მატარებელია ლოკომოტივის ახალი ლოგო?

მუშაობის პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი ხაზი, რის მიხედვითაც, აქცენტი უნდა გაგვეკეთებინა კლუბის სიძველეზე და მდიდარ საფეხბურთო ტრადიციაზე, ამავე დროს, ეს უნდა ყოფილიყო ტიპური თანამედროვე საფებურთო ბრენდი, რომელიც პირველი დანახვისთანავე ერთმნიშვნელოვნად საფეხბურთო კლუბის ასოციაციას დატოვებდა.

მთავარი ვიზუალური მანიშნებელი კლუბის სახელიდან გამომდინარე კვლავ ლოკომოტივი გახდა, რომელიც სისწრაფის, ენერგიისა და გამწევი ძალის მანიშნებელია. აქ შეგნებულად გავათამაშეთ მე-20 საუკუნის დასაწყისში წარმოებული არტ-დეკოს სტილის ლოკომოტივის სიმბოლო, რომელიც კლუბის დაარსების თარიღს (1936 წ.) ემთხვევა. დაარსების თარიღისა  და ძველებური ბურთის სიმბოლოს დამატებითი ელემენტები კი, საბოლოოდ კრავს ტრადიციული კლუბის კონცეფციას.

ამასვე აძლიერებს შრიფტი Neutraface-ი რომლის ხასიათიც ინდუსტრიული ეპოქიდანაა. ყველა ელემენტი გაერთიანებულია საფეხბურთო სფეროსთვის დამახასიათებელი ფორმის ე.წ. “ფარზე” რომლის გრაფიკული ელემენტები თანამედროვე საფეხბურთო ლოგოებში ხშირად გხვდება (განსაკუთრებით ამერიკული MLS-ის ლოგოებს ახასიათებთ). კლუბის ფერები ტადიციული წითელი და თეთრი შენარჩუნდა.

M: ფეხბურთის კლუბისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი ბრენდინგი?

საფეხბურთო კლუბის ბრენდზე მუშაობისას გასათვალისწინებელია, რომ ემოციური კავშირი მომხმარებელსა და სიმბოლიკას შორის გაცილებით ძლიერია, ვიდრე კორპორატიული ბრენდების შემთხვევაში. აქ საქმე გვაქვს გულშემატკივართან, რომელიც კლუბის ლოგოსთან, ფერებთან და სიმბოლოებთან საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ახდენს, აქსესუარების სახით შემოაქვს პირად სივრცეში და ამაყად ატარებს მათ, იქნება ეს მაისური, შარფი, სმარტფონის ვოლფეიფერი, თუ სხვა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი მარტივად აღიქმებოდეს და სიმბოლიკის გათავისება ადვილი იყოს მისი მხარდამჭერებისთვის, ისე რომ მისი დამახსოვრება და დახატვა მარტივად შეძლოს ნებისმიერმა.

საფეხბურთო კლუბებმა ბოლო წლებში მეტად გაიაზრეს ბრენდის მართვის მნიშვნელობა. დღეს დიდი საფეხბურთო კლუბები გვხვდებიან, როგორც უაღრესად ცოცხალი და მომხმარებელთან მჭიდრო ინეტრაქციაში მყოფი ბრენდები. მიხარია, რომ ჩვენც ამ ასპექტებზე გავამახვილეთ ყურადღება და ბრენდ-ბუქის ფარგლებში შევქმენით ე.წ. ციფრული შაბლონების პაკეტი, რის მეშვეობითაც დღეს თბილისის ლოკომოტივს შეუძლია ლაივ-რეჟიმში ნებიმიერი პლატფორმის მეშვეობით (დაწყებული სატელევიზიო, დამთავრებული ვებ და სოციალური მედიით) უფრო ახლოს მივიდეს მომხმარებელთან.

გიორგი ყიფიანი

თბილისის ლოკომოტივის ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი მარკეტერთან ამბობს, რომ კლუბს ახალი ენერგია სჭირდებოდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ცვლილებები. გიორგის თქმით, ლოგოს ცვლილების გარდა, სრული ბრენდინგი გაკეთდა და ლოკომოტივს ახლა უკვე ძალიან საინტერესო და მიმზიდველი კონტენტი აქვს.

M: რა სამომავლო გეგმები აქვს საფეხბურთო კლუბს?

ვემზადებით ახალი სეზონისთვის, რომელიც მარტში დაიწყება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემპიონატის სტრუქტურა შეიცვალა და გუნდების რაოდენობა 10-მდე შემცირდა, უფრო მეტ სირთულეებს ველით. თუმცა ბუნებრივია ამისთვის მზად ვართ და ეს ყველაფერი უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს!

ჩვენ განვითარებადი კლუბი ვართ: გვაქვს ახალი პროექტები და ინიციატივები, რაზეც ამ წუთას ვმუშაობთ. ვცდილობთ ვიყოთ თანმიმდევრულები, ფეხბურთს სიჩქარე არ უხდება. მთავარია, რაციონალურად მივყვეთ ჩვენს განსაზღვრულ სტრატეგიას. 1 წელია რაც ლოკომოტივის აკადემია ჩამოყალიბდა, სადაც დღეს უკვე 250 ფეხბურთელი ირიცხება. გვინდა, მომავალი წლისთვის რაოდონება 500-მდე გავზარდოთ. გვჯერა, რომ სწორედ აკადემიიდან წამოსული ფეხბურთელებით შევძლებთ წარმატების მიღწევას მომავალში.

M: როგორ ფიქრობთ, რამდენად ზუსტად გამოხატავს ახალი ლოგო ლოკომოტივის ისტორიას და რამდენად ამართლებს სამომავლო მიზნებს?

ვთვლი, რომ ერეკლე ინაშვილმა ძალიან სწორად დაინახა ყველა ის მოთხოვნა და ფასეულობა რომელიც ჩვენს კლუბს აქვს და ნამდვილად გაგვიმართლა მას რომ შევხვდით. პირადად ჩემთვის ლოკომოტივი  დადებით ენერგიასთან, სისწრაფესთან და წარმატებასთან ასოცირდება. – ვფიქრობ ახალ ლოგოში ძალიან კარგად იგრძნობა სწორედ ეს ემოციები და მიმართულებები. დღეს ლოკომოტივს გაცილებით ხარისხიანი და თანამედროვე სახე აქვს.

დირსის სახე მსახიობი მერაბ ნინიძე გახდა

CNICK წარმოგიდგენთ აპლიკაციას სპეციალურად ზაზას მხარდასაჭერად!